სულ მცირე, 10 წლით უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი თანამდებობის პირებს, - ამის შესახებ „სახალხო კრების“ დარბაზის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
„სახალხო კრებაში“ მიაჩნიათ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, საჭიროა, გამოირიცხოს პოლიტიკური რევანში და ანგარიშსწორება, თუმცა, აუცილებლად უნდა დადგეს ყველა იმ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი.
ამასთან, „სახალხო კრება“ მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, ადვოკატებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს პოლიტიკური თუ უკანონო პატიმრების, ასევე, დევნილების საკითხის მოსაგვარებლად. გარდა ამისა, სახალხო კრება ახლადარჩეულ პარლამენტს სთხოვს, მაქსიმალურად გონივრულ ვადაში შექმნას 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის ათი წლით პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა?! ამის შესახებ For.ge სახალხო კრების წევრებს ნონა გაფრინდაშვილს, რეზო ესაძესა და ადვოკატ ალა კახნიაურს ესაუბრა.
სახალხო კრების თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ სახალხო კრების წევრებმა ეს საკითხი შეგნებულად წამოაყენეს, რადგან მათი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი თანამდებობის პირებს არა მარტო პოლიტიკაში გარკვეული ხნით ყოფნა უნდა აეკრძალოთ, არამედ, თუ დამნაშავეები არიან, უნდა დაისაჯონ კიდეც. სახალხო კრების ეს მოთხოვნა კი ყველა იმ თანამდებობის პირს ეხება, ვინც მართავდა ქვეყანას.
„ვისაც დანაშული არ მიუძღვის და, უბრალოდ, ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ, აღნიშნული მოთხოვნა მათზეც გავრცელდება. ჩვენ ვთვლით, რომ მათ მორალური უფლება არ აქვთ, საერთოდ იყვნენ პარლამენტში ახლა, რადგან ის პროცენტები, რაც მათ მიიღეს, თქვენც კარგად იცით და მთელმა საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ძალიან გაბერილია, რადგან რაიონებში სერიოზულად გააყალბეს,“ - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი For.ge-სთან საუბარში.
რაც შეეხებათ იმ ნაციონალებს, რომელთაც უშუალო დანაშაული მიუძღვით, ნონა გაფრინდაშვილის აზრით, მათ მარტო ათი წლით კი არა, არამედ 20 წლის განმავლობაშიც არ უნდა მიეცეთ პოლიტიკაში დაბრუნების უფლება და დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა შეისწავლოს მათი საქმეები.
„ამდენი წელიწადია, ისინი თავიანთი ხალხის წინააღმდეგ ძალადობას იყენებენ. აბსოლუტურად უსამართლოდ იქცევიან. რაც მაგათ ადამიანები მოკლეს და უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩასვეს, მოქალაქეებს ბიზნესი წაართვეს, რომელი ერთი ჩამოვთვალო? „ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი თანამდებობის პირებმა ყველა სფერო გაანადგურეს. ახლა პრეზიდენტი აცხადებს, ოპოზიცაში გადავდივარო. ვერ გამიგია, პრეზიდენტი ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს და არა რომელიმე ოპოზიციის ლიდერი. იმდენი საქმე იქნება მათ წინააღმდეგ გამოსაძიებელი, რომ სამართალმა პური უნდა ჭამოს. არავინ იძახის, მაინცდამაინც რევანშისტული განწყობა და ლინჩის წესი, მაგრამ, თუ ადამიანს სისხლში აქვს გასვრილი ხელები, თავისთავად, უნდა ზღოს კიდეც“, - განმარტავს ნონა გაფრინდაშვილი.
მისი თქმით, ყოფილი ხელისუფალნი ოპოზიციაში წესიერად არც გადასულან და უკვე თითს უქნევენ ყველას, არიქა, ჩვენი მონაპოვარიო; ეს მაშინ, როცა ნონა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ მათ არანაირი მონაპოვარი არ დაუტოვებიათ, რადგან გაძარცული და განადგურებულია მთელი ქვეყანა.
მისივე თქმით, ამ იდეის შესახებ სახალხო კრებამ სულ ახლახანს პირველად გააჟღერა და „ქართული ოცნებისთვის“ ეს საკითხი არ გაუცნიათ.
სახალხო კრების წევრი, რეჟისორი რეზო ესაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის ათი წლით პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სახალხო კრების საერთო დადგენილებაში მართლაც ჩაიწერა.
„ეს არის რეაგირების ფორმა ყველაფერ იმაზე, რაც ქვეყანაში მოხდა - ეს გადაწყვეტილება შექმნილი სიტუაციისა და შინაგანი მოუწყობლობის, ტკივილების გათვალისწინებით მივიღეთ. თუ ჭეშმარიტებასთან ახლოსაა მათი საქმე, არავინ თავსმოხვეული ძალადობით მათ არ მოექცევა“.
რაც შეეხება საკითხს, მაინცდამაინც ათი წლით აეკრძლებათ თუ არა ამ ადამიანებს პოლიტიკაში მოსვლა, რეზო ესაძის აზრით, ეს უკვე ლირიკაა. ამასთან, რეზო ესაძე არ აკონკრეტებს, თუ თანამდებობის რომელ პირებზეა საუბარი. იგი უბრალოდ აცხადებს, რომ, როგორც წესი, ორ პოზიციას შორის ერთ-ერთი მართალია.
„უნდა გაირკვეს ის, რის შესახებაც უთანხმოება მოხდა და რომელი ჭეშმარიტებაც ქვეყნისთვის მიზანშეწონილი და ლოგიკურია. არსებობს გაღმა-გამოღმა ნაპირი და ოპოზიცია-პოზიციას თავისი მიზეზი აქვს. ამიტომ ეს უნდა გახდეს სასამართლოს ბჭობის საგანი“, - აცხადებს რეზო ესაძე.
ადვოკატი ალა კახნიაური მიიჩნევს, რომ „ნაციონალებისთვის“ პოლიტიკური საქმიანობის 10 წლით აკრძალვა კანონიერი მოთხოვნა არ არის, რადგან შესაძლოა, ნაცმოძრაობაშიც იყვნენ ისეთი პირები, რომელთაც დანაშული არ ჰქონდეთ ჩადენილი და ცუდ საქმიანობაში არ ყოფილიყვნენ შემჩნეულნი.
„როგორ შეიძლება, ასე პირდაპირ ავუკრძალოთ პოლიტიკოსს საქმიანობა. კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეისწავლონ ნებისმიერი პირის საქმიანობა და, თუ მას დანაშული ექნება ჩადენილი, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, ისინი უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. არ გამოვრიცხავ, იქ ისეთებიც ყოფილიყვნენ, რომელთაც არაფერი ჩაუდენიათ. შესაბამისად, მათ ვერ ავუკრძალავთ პოლიტიკურ საქმიანობას. უსამართლობა ისეთი ცნებაა, ზოგისთვის შესაძლოა, ზოგიერთი საკითხი უსამართლო იყოს, ზოგისთვის კი - სამართლიანი“, - აცხადებს ალა კახნიაური, თუმცა აქვე ადასტურებს, რომ ნაცმოძრაობის მმართველობის დროს ზოგადი ფონი ძალიან ცუდი იყო. უფრო მეტიც, საზოგადოებაში არის აზრი, რომ ნაციონალებს შორის შეუძლებელი იყო ისეთი პირის მონახვა, ვინც სამართლიანად იქცეოდა.
რაც შეეხება ლუსტრაციიას კანონის ამოქმედებას, ალა კახნიაურის თქმით, ამის შესახებ უკვე კარგა ხანია, გრძელდება საუბარი, თუმცა რეალურად ამას არ აკეთებენ:
„თუ ჩვენ ზოგადად უსამართლობაზე ვსაუბრობთ, ასეთ შემთხვევაში, ლუსტრაციის კანონი, მე მგონი, არაფერს მოგვცემს. კონკრეტულად „ბურჯის“ ფირმასთან დაკავშირებით არ მინახავს ისეთი თანამდებობის პირი, რომელიც სამართლინად მოიქცეოდა, გინდაც პროკურატურა, გინდაც აღმასრულებელი ან სასამართლო. ამის მიუხედავად, არ შეიძლება, ყველა ერთ ქვაბში მოიხარშო. ამას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. თქვენ ნახეთ, ნაციონალებმა ტოტალური გაყალბების ფონზე როგორ წააგეს არჩევნები. ვეჭვობ, გაყალბების გარეშე ნაცმოძრაობას შეძლებოდა პარლამენტში შესვლა, იმდენად დაბალი იყო მათი რეიტინგი, მაგრამ ეს უკანონობაც სასამართლომ უნდა შეაფასოს“.
რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას, ალა კახნიაურის აზრით, ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალა ამას ვერ გააკეთებს, რადგან გარკვეული მოსაზრებები არსებობს ამასთან დაკავშირებით. კერძოდ, მსოფლიოს თვალში ჩვენ ვართ დემოკრატიის შუქურა და როგორ შეძლება, მთელმა ყოფილმა მთავრობამ ასეთი შეფასების შემდეგ ამგვარი დისკრედიტაცია მიიღოს.
ამიტომ ადვოკატის აზრით, უნდა დადგინდეს, რომ ხმათა 25% ნაცმოძრაობამ გაყალბების გზით მოიპოვა და ქვეყანაში შიშის ფაქტორი მოქმედებდა. ამასთან, ალა კახნიაური ადასტურებს, რომ მან პირადად არაერთი ადამიანი იხილა, ვინც საარჩევნო კაბინაში შესვლისას ნაციონალებისთვის დაპირებული ხუთი ნომრის ნაცვლად, ხმას 41-ს აძლევდა და შემოხაზულ 41 ნომერს მობილურით იღებდა.
“გამიკვირდა, რად გინდოდათ-მეთქი მობილურით გადაღება. მითხრეს, ნაცმოძრაობის სიაში ძალით ვიყავით ჩაწერილი და ამ დროს, უბრალოდ, გვინდოდა, გვქონოდა მტკიცებულება, რომ ნაციონალებისთვის ხმა არ მიგვიცია. როგორც ჩანს, ეს ხალხი ნაციონალებს არწმუნებდა, ხმას მოგცემთო და ამ დროს ხმას 41 ნომერს, ანუ „ქართულ ოცნებას“ აძლევდნენ“, - აცხადებს ალა კახნიაური.