ბრიუსელი – ოთხშაბათს, შუამავლებმა რუსეთის და ევროკავშირის მოლაპარაკებებში განაცხადეს, რომ მათ მოაგვარეს სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებული ძირითადი უთანხმოებები, რითაც გააუქმეს ის მთავარი დაბრკოლება, რაც აფერხებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების დიდი ხნის გეგმებს
ბრიუსელის მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი შეთანხმება „მნიშვნელოვნად გაამარტივებს რუსეთის მსო-ში სრულად გაწევრიანების პროცესს“.
ოფიციალურად, რუსეთი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, სადაც 153 ქვეყანა შედის, 1993 წლიდან ცდილობს, თუმცა ბოლო დრომდე დასავლელ ჩინოვნიკებს მიაჩნდათ, რომ მოსკოვის განაცხადის უკან სერიოზული მოტივაცია არ იდგა.
რაც როგორც სჩანს ბოლო თვეების განმავლობაში შეიცვალა და პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთის მისწრაფებას საჯაროდ დაუჭირა მხარი.
ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი მონდომებულია, რომ რუსეთი მსო-ში გაწევრიანდეს, რადგან ქვეყანას ეს მთელი რიგი წესების დაცვას ავალდებულებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია და რაც უცხოელ ინვესტორებს დიდ დამაჯერებლობას სძენს.
ბრიუსელში, რუსეთის პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ იგორ შუვალოვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ჩამოყალიბდა „ურთიერთგაგება და ჩვენ ზუსტ ტექსტზეც კი შევთანხმდით, რომლებსაც მინისტრები გაცვლიან“.
მხარეებმა ნედლეულის, მათ შორის - ხე-ტყის ექსპორტთან და ტვირთების სარკინოგზო ტრანზიტთან დაკავშირებული უთანხმოებებიც მოაგვარეს. ხე-ტყის ექსპორტთან დაკავშირებული ტარიფები, რომელსაც ფინეთი აპროტესტებდა, ეტაპობრივად შემცირდება „იმ დროიდან, როდესაც ჩვენ მსო-ში წევრობის რატიფიკაციას მოვახდენთ“ – სთქვა შუვალოვმა.
ბატონი შუვალოვის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული პროგრესი რუსეთს, ევროპელების დახმარებით, მისი ეკონომიკის მოდერნიზებაში დაეხმარება.
წელს რუსეთს და პოლონეთს შორის კავშირების აღდგენამ ხელი შეუწყო იმ ურთიერთობების გაუმჯობესებას, რომელიც გაუარესებული იყო მხარეებს შორის სავაჭრო საკითხებზე პერიოდულად წარმოქმნილი დაპირისპირების გამო.
„დღევანდელი გარღვევა რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შედეგია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის მსო-ში გაწევრიანების პროცესისთვის“ – დასძინა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ჯონ კლანსიმ.
„ეს ნიშნავს, რომ ყველა ის ორმხრივი საკითხი, რაც ღიად რჩებოდა ევროკავშირში რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოგვარებულია და ევროკომისიას შეუძლია ამიერიდან მთელი მისი ძალისხმევა მიმართოს მსო-ს დანარჩენ წევრებთან მუშაობაზე, რათა საბოლოოდ დასრულდეს მოლაპარაკებების პროცესი“.
თუმცა, ოთხშაბათის შეთანხმება რუსეთის გაწევრიანების საკითხს საბოლოოდ არ წყვეტს. ჯერ კიდევ მოუგვარებელია, მაგალითად, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ ეს პრობლემა მომავალ წელს მოგვარდება.
ყველაზე დიდი პრობლემა არსებობს ორმხრივ ურთიერთობებში უკრაინასთან და საქართველოსთან, თუმცა პროცესს, როგორც ჩანს, ხელს შუწყობს ის, რომ რეგიონში დაძაბულობა იკლებს.
უკრაინამ გადადო ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს სევასტოპოლში იჯარის ვადა გაუხანგრძლივა და მოსკოვთან გაზის ტრანზიტზე შეთანხმებას მიაღწია.
სამშაბათს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა გამოყოფილი რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.
ოთხშაბათს ბატონმა შუვალოვმა ფრთხილი კომენტარი გააკეთა ამ განცხადებებზე და თქვა, რომ ლექსიკა „კორექტული და მეგობრული“ იყო, თუმცა დასძინა რომ „ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ, მართლაც დგას თუ არა რაიმე ევროპარლამენტში ამ გამოსვლის უკან“.
შუვალოვმა დასძინა, რომ საქართველოსთან მსო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში, რუსეთის ბლოკირების შესახებ „ჩვენ ჯერ არაფერი გვსმენია“.
მისი თქმით, რუსეთი მზად იყო VTB ბანკში (რუსეთის სიდიდით მეორე ბანკი) საკუთარი წილი გაეყიდა, არანაკლებ 3 მილიარდ დოლარად.
[foreignpress.ge]