პოლიცია და ბანკები მძარცველებს ვეღარ უმკლავდებიან

პოლიცია და ბანკები მძარცველებს ვეღარ უმკლავდებიან

საქართველოში ბანკების ძარცვაში ტეხასელებს ეჯიბრებიან.  ბოლო ორ კვირაში 3 ბანკი დააყაჩაღეს და არც ლომბარდები დაინდეს. ახალ მთავრობას საკმაოდ გართულებული კრიმინოგენული მდგომაროება ხვდება.

თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე, “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაძარცვეს. დამყაჩაღებელმა თანამშრომლებზე მუქარისთვის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღის ფორმის სანთებელა გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ იარაღის ფორმის სანთებელა სამართალდამცველებმა ბანკის სიახლოვეს იპოვეს და მას ექსპერტიზა უტარდება. სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა ნაპოვნი სანთებელა გამოყენებული დამყაჩაღებლის მიერ.

“ლიბერთი ბანკიდან” ნიღბიანმა პირმა 5 ათასამდე ლარის ოდენობის თანხა გაიტაცა. ბანკის თანამშრომლების განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც თანხა გაიტაცა, ნიღბით შევიდა ბანკის შენობაში, თანამშრომლები საპირფარეშოში ჩაკეტა და თანხა გაიტაცა. სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.

თუმცა ეს მხოლოდ “ლიბერთის” პრობლემა არ არის. უსაფრთხოება ზოგადად მთელი სექტორის თავსატეხია. ბოლო ორ კვირაში ეს ბანკების დაყაჩაღების მესამე შემთხვევაა. ჯერჯერობით ყველა დანაშაული გაუხსნელია.

არჩევნების შედეგების საბოლოოდ გარკვევისთანავე რატომღაც მძარცველებმა მიზანში ბანკები ამოიღეს და საქმეს შეუდგნენ.  მარტო 4 ოქტომბერს ერთბაშად 2 სხვადასხვა ბანკის ფილიალზე მოხდა თავდასხმა. “პროკრედიტ ბანკისა” და “საქართველოს ბანკის” ფილიალებიდან თანხა სულ რამდენიმე წუთში წაიღეს.

პროკრედიტ ბანკის” დიღმის ფილიალი 4 ოქტომბერს დილით გაძარცვეს. უცნობი პირი ბანკში მისი გახსნიდან რამდენიმე წუთში შეიჭრა და გარკვეული თანხა გაიტაცა. მარკეტინგის სამსახური აცხადებს, რომ თანხა დიდი რაოდენობისა არ იყო.

იმავე დღეს, გვიან საღამოს მიზანში “საქართველოს ბანკიც” ამოიღეს და კალაუბნის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში არსებულ საქართველოს ბანკის სერვის ცენტრში ერთადერთი თავდამსხმელი შეიჭრა, რომელმაც გარკვეული თანხის გატაცება მოახერხა.

სამივე შემთხვევაში პოლიცია უძლური აღმოჩნდა დანაშაული ცხელ კვალზე გაეხსნა.

უსაფრთხოების პრობლემა აქვს სხვა ფინანსურ ორგანიზაციებსაც.  ორიოდე დღის წინათ გაგარინის N10-ში მდებარე ლომბარდზე მოხდა თავდასხმა. როგორც ლომბარდის ოპერატორმა დიანა ქარელიძემ განაცხადა, ყაჩაღები შენობაში გამთენისას, 04:00 საათზე შეიჭრნენ.

ლომბარდში ორი პიროვნება შევიდა და მოლარე ოპერატორს ლეპტოპის ჩაბარება სთხოვა. “ვინაიდან ჩვენ ლომბარდს დიდი სარკმელი არ აქვს, ამიტომ მოლარე ოპერატორმა მათ სთხოვა ქვედა მაგიდაზე დაედოთ ლეპტოპი და თვითონ გარეთ გასულიყვნენ, რათა ოპერატორი გამოსულიყო ოთახიდან და შეემოწმებინა და შეეფასებინა ლეპტოპი. როგორც კი გამოვიდა ოპერატორი ოთახიდან, ორმა პირმა წიხლით შეანგრია კარი და ოპერატორს ყელზე ცივი იარაღი დაადო და სეიფის გახსნა მოსთხოვა. ამის შემდეგ დამნაშავეებმა სეიფში არსებული ფული და ოქროულობა აიღეს და გაურკვეველი მისამართით გაიქცნენ”, - განაცხადა დიანა ქარელიძემ.

პოლიცამ ამჯერად შედარებით ოპერატიულად იმუშავა და ვაკე-საბურთალოს რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ძარცვაში ეჭვმიტანილი შალვა ხიმიკაძე დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაული ლომბარდის თანამშრომელმა შალვა ხიმიკაძემ თავად ჩაიდინა. იგი დანაშაულს აღიარებს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 373 მუხლის 2 ნაწილით წაუყენეს”, - აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თუკი ამ ყველაფერს რეგიონებში და დედაქალაქში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების ძარცვის ფაქტებსაც დავუმატებთ, გამოდის, რომ ყაჩაღობები ყოველდღიურად ხდება. ახალ მთავრობას ამ მხრივ საკმაოდ გართულებული კრიმინოგენული მდგომარეობა ხვდება.