ქართველი “ჯიჰადისტები” რუსული არმიის წინააღმდეგ სირიაში

ქართველი “ჯიჰადისტები” რუსული არმიის წინააღმდეგ სირიაში

ასადის არმიამ და რუსულმა ავიაციამ ვერაფრით გატეხა ამბოხებულთა წინააღმდეგობის ბოლო პლაცდარმი - იდლიბი

სირიაში სიტუაცია უკონტროლო ხდება - სირიის სამთავრობო არმია იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების პოზიციებს .. კასრის ნაღმების გამოყენებით ბომბავს, რის შედეგადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში მსხვერპლთა რაოდენობამ 19 ადამიანს შეადგინა.

სირიაში ახალი ცხელი ფაზა 30 აპრილს დაიწყო და 9 მაისისათვის მსხვერპლთა რაოდენობა უკვე 188 ადამიანს შეადგენდა. დაღუპულთა შორის 85 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამ დროისთვის კი, სირიის სამთავრობო ძალებისა და რუსეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში განხორციელებული შეტევების შედეგად 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

აშშ-მა სირიაში რუსეთის ქმედებას ვითარების უგუნური ესკალაცია უწოდა. აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გაავრცელა.

აშშ-ს პოზიციას უცნაურს უწოდებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია; მისი განცხადებით, ეს აშშ-სა, თუ რუსეთის მხრიდან გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილია, რადგან, მისი თქმით, ეს ორი სახელმწიფო დღეს ახალ ცივ ომშია ჩართული და ყველანაირი მეთოდის, თუ ხერხის გამოყენება დასაშვებია.

ვახტანგ მაისაია იმ სახელმწიფოებს ასახელებს, რომლებიც ამა თუ იმ დაჯგუფებებს ხელს უწყობენ სირიაში და ფაქტობრივად, აქამდე გაუძლეს იმ თავდასხმებს, რასაც ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივი არმიისა თუ რუსეთის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

„ეს ამერიკელების უცნაური მიდგომაა - აქ არის ალქაიდას დაჯგუფება; მართალია, რებრედინგი განახორციელეს და სახელწოდების შეცვლა მოახდინეს, თუმცა შინაარსი არ შეცვლილა. ამ დაჯგუფებას მხარს უჭერს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი და ყატარი.

„ექსტრაორდინალური სიტუაციაა - ეს არის ალქაიდასთან ასოცირებული დაჯგუფება, რომელსაც სწორედ ზემოთ აღნიშნული სახელმწიფოები უჭერენ მხარს, - აქ გეოპოლიტიკური თამაშია, რადგან ეს არ არის დაეშის მომხრეთა დაჯგუფება, - ისინი დაეშსაც ებრძვიან, მაგრამ ალქაიდასა და დაეშს შორის დიდი განსხვავება არაა, თუმცა განსხვავება მაინც ის გახლავთ, რომ დაპირისპირება მათ მიერ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ხორციელდება," - ამბობს მაისაია.

სირიის სამთავრობო არმიამ ამბოხებული ჯგუფების დაბომბვა იდლიბის პროვინციის სამხრეთით დაიწყო, სამხედრო დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა ჰამას პროვინციის ჩრდილოეთითაც.

სამხედრო დაპირისპირების გამო, ამბოხებულების მიერ კონტროლირებული ბოლო რეგიონიდან საცხოვრებელი ერთ თვეში 300 ათასმა ადამიანმა დატოვა.

მაისაია აშშ-ს შეშფოთების რეალურ მიზეზზე საუბრობს. მისი თქმით, ეს არის კლასიკური ცივი ომის რიტორიკა.

„ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს იყენებს და ასევე მუხანათურად ებრძვის ჩრდილოელ მოსახლეობას, სადაც, ფაქტობრივად, უფრო მეტი მსხვერპლია, ვიდრე ე.წ. ჯიჰადიტებს შორის და სწორედ ეს არის აშშ-ს შეშფოთების რეალური მიზეზი, თუმცა არ გამოვრიცხავ გეოპოლიტიკურ თამაშებსაც, - აშშ და რუსეთი ახალ ცივ ომში არიან და აქ უკვე ნებისმიერი საბაბი მისაღებია იმისათვის, რომ მეორე მხარის გავლენის შესუსტება მოახდინოს, რაც ორმაგი მიდგომაა.

„ასადის რეჟიმი ქიმიურ იარაღს იყენებს, მაგრამ მეორე მხარეს ჯიჰადისტები არიან, - მნიშვნელობა არ აქვს - ალქაიდა თუ დაეში.

„მართლია აშშ-სა და თურქეთს შორის სიტუაცია უკიდურესად არის დაძაბული, მითუმეტეს, გუშინ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი მაინც რუსულ შეიარაღებას შეისყიდიან, რამაც, ფაქტობრივად, გამოიწვია ის, რომ თურქ სამხედრო თვითმფრინავებს ამერიკიდან აძევებენ. ეს არის კლასიკური ცივი ომის რიტორიკა და ბუნებრივია, რუსეთი და აშშ იყენებს იმ მეთოდებს და ტექნოლოგიებს, რაც იყო კლასიკური ცივი ომისთვის არის მიღებული," - განაცხადა ვახტანგ მაისაიმ.

მისი თქმით, ამ დაჯგუფებებში ქართველი ჯარისკაცებიც იბრძვიან - „ქართული სეგმენტი ამ დაჯგუფებაშიც არის წარმოდგენილი, რომელსაც რუსეთი ახლა ებრძვის; პირობითად 30 ჯიჰადისტური დაჯგუფებაა, რომელშიც ქართული სეგმენტი უფრო მეტად არის წარმოჩენილი," - დასძინა მან.