რომის პაპი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას შეცდომას უწოდებს

რომის პაპი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას შეცდომას უწოდებს

რომის პაპი ფრანცისკე აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას შეცდომას უწოდებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

"ჩვენ უკვე გვქონდა მსგავსი კედელი ბერლინში, რამაც საზოგადოებას მხოლოდ თავის ტკივილი და ტანჯვა მოუტანა. ბავშვების ოჯახებისგან განცალკევება ბუნების კანონს ეწინააღმდეგება. ეს ბოროტებაა. აქამდეც ბევრჯერ მითქვამს, ვინც კედლებს აშენებს, საბოლოოდ საკუთარი ნამოქმედარის ტყვე თავადვე ხდება“, - განაცხადა პონტიფექსმა.

მანამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურმა მოსამართლემ თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხების გამოყენება დროებით დაბლოკა.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის $1,5 მილიარდს გამოყოფს.

იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ  მექსიკის საზღვარზე კედელი ფოლადისგან დამზადდებოდა და არა ბეტონისგან, როგორც ეს ადრე იყო გადაწყვეტილი. მანამდე კი ტრამპმა Twitter-ზე კედლის პროექტის ფოტო გამოაქვეყნა.

კედლის მშენებლობისთვის სახსრების გამოყოფის თაობაზე კონგრესში აზრთა სხვადასხვაობის გამო, მთავრობამ მუშაობა შეაჩერა. ე.წ. შათდაუნი 22 დეკემბერს დაიწყო.