საქართველოში ნებყოფლობითი ინიციატივების დრო დადგა. ბიძინა ივანიშვილის მოწოდებამ ბიზნესმენებისადმი გარკვეული შედეგი გამოიღო. მაგალითად, “ტელეიმედი” ნებაყოფლობით დაუბრუნეს მის კანონიერ მფლობელს, ზოგიერთმა ნავთობკომპანიამ ასევე თავისი სურვილის შესაბამისად გააიფა საწვავი, თბილისის მერიამ დასუფთავების გადასახადის ახალი სქემა წარმოადგინა.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ბიზნეს ჯგუფი მაინც ფეხს ითრევს და ცდილობს ნებაყოფლობითი ინციატივებისაგან თავი შორს დაიჭიროს. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მოლოდინი ენერგო და წყალმომარაგების კომპანიებისგან არის. ზამთარი კარსაა მომდგარი, მოსახლეობა კი ახალი მთავრობისგან ყველაზე მეტად სწორედ კომუნალური ტარიფების შემცირებას ელის.
ჯერჯერობით კი “თელასი”, “ყაზტრანსგაზ-თბილისი” და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” არავითარ სურვილს არ ამჟღავნებენ, რომ “ქართული ოცნების” მოწოდებას გამოეხმაურონ. ისინი ცდილობენ ყველაფერი ენერგეტიკის მარგულირებელი კომისიის პასუხსიმგებლობით შენიღბონ.
“ქართული ოცნებაში” პირდაპირ აცხადებენ, რომ კომუნალური გადასახადები შემცირდება და დღევანდელი ტარიფები ამის საშუალებას იძლევა. კომპანია “თელასში” კი აცხადებენ, რომ ტარიფს სემეკი აწესებს და მისი შეცვლაც სწორედ მარეგულირებლის პრეროგატივაა. ამიტომ, კომპანიის შიგნით მუშაობას ტარიფების შესამცირებლად აზრი ეკარგება.
“ყაზტრანგაზ-თბილისშიც” იგივეს იმეორებენ - ტარიფს სემეკი აწესებს და შეცვლის სურვილის შემთხვევაში მოლაპარაკებები მმართველმა გუნდმა სწორედ ამ კომისიასთან უნდა დაიწყოს. თუმცა, ენერგო-კომპანიები არ აკონკრეტებენ, მარეგულირებლის მიერ დათანხმდებიან თუ არა ტარიფში საკუთარი წილის შემცირებას.
ექსპერტები, როგორც ჩანს, ელოდნენ ენერგოკომპანიების ასეთ დამოკიდებულებას. ამიტომ მთავრობისთვის გარკვეული შეთავაზებებიც აქვთ.
“კომპანია, რომელიც არსებობს და ტარიფით კმაყოფილია, ყველა შემთხვევაში იტყვის, რომ ტარიფის დაწევა მას დააზარალებს და მართალიც იქნება, რადგან მას უკვე გაწერილი აქვს ყველაფერი. რეალურად კი ძალიან მაღალ მოგებას იღებს და მარეგულირებელი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ გონივრული მოგების ფარგლებში მოახდინოს ფასის განსაზღვრა.
ამას სჭირდება დეტალური გათვლა, მე დაახლოებით ერთი კვირაა ჩავუჯექი ამ გათვლებს და ვნახე, რომ საკმაოდ საინტერესო ტენდენციაა, უბრალოდ, გარკვეული ინფორმაცია დახურულია. მაგალითად, იმისათვის რომ დადგინდეს დენის ტარიფი, ბევრი კომპონენტია. ერთი, ჩვენ ჰიდრო რესურსი ძალიან მაღალი გვაქვს და საშუალოდ 2 თეთრია ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი. ამის შემდეგ მას სჭირდება განაწილება, დისპეტჩერიზაცია და შემდეგ უმთავრესია “ენერგო პრო ჯორჯიასა” და “თელასისთვის” მიწოდება, რომელიც ამ ორი კომპანიის შემთხვევაში ჯდება 8 თეთრი. ამ თანხაში შესულია ინვესტიციის ოდენობა და ა.შ.” - აცხადებს “კომერსანტთან” საუბრისას ექსპერტი შოთა მურღულია.
მისი აზრით, ყველაზე სწრაფი გზა არის ის, რომ პარლამენტმა ჩამოაყალიბოს შესაბამისი კომისია, სადაც შეიყვანს სპეციალისტებს, ისინი მარეგულირებელ კომისიასთან ერთად დასხდებიან და ამ ყველა ინფორმაციას გადახედავენ (დახურული ინფორმაციის ჩათვლით).
“თუმცა ხელის გადაგრეხვის პრინციპით არ უნდა წავიდეს პროცესი. როცა მოხდება ხელახალი გადაანგარიშება და კომპანია ნახავს, რომ რეალურად 3 თეთრით მეტს იღებს (ამას პირობითად ვამბობ), მაშინ შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება, რომ სრულად არა, მაგრამ შემცირება ეტაპობრივად მოხდეს.
რაც შეეხება გაზს, მიმაჩნია, რომ ამ კუთხით ძალიან დიდი რეზერვი არსებობს. გაზის გადასახადი ჩვენთან კატასტროფულად მაღალი გამოდის, მაშინ როდესაც ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც შაჰ-დენიზის გაზსადენიდან გატარებული გაზის 5 პროცენტი უფასოდ გვეკუთვნის, ნახევარი მილიარდი კუბური მეტრის მოხმარება უფასოდ შეგვიძლია და ა.შ.
ჩვენთან გაზის ტარიფი გაძვირდა იმის შემდეგ, როდესაც რუსეთმა გაგვიძვირა, თუმცა ამის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენ რუსეთიდან გაზს არ ვიღებთ. ანუ მთელი საფუძველი იმისა, რის გამოც ჩვენთან გაზის ტარიფი გაორმაგდა, მოხსნილია, იმიტომ რომ ჩვენ რუსეთიდან გაზს არ ვიღებთ”, - აცხადებს მურღულია.