ოკუპირებულ აფხაზეთში რიგით მე-7 ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდება, გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ეს იყო რაულ ხაჯიმბას იძულებითი ნაბიჯი გასულ კვირას ოპოზიციის დიდი გამოსვლისა და ორდღიანი საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციის შემდეგ, რომელიც „საპრეზიდენტო" კანდიდატის ასლან ბჟანიას მომხრეებმა წამოიწყეს.
ჯერჯერობით, გაერთიანებული ოპოზიციის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია ისევ საავადმყოფოში მკურნალობს, თუმცა მის მომხრეებს დიდი იმედი აქვთ, რომ აგვისტომდე ის გამოჯანმრთელებას და „საარჩევნო" პროცესში ჩართვას შეძლებს. „არჩევნების" გადადების გარდა ბჟანიასთვის ორი გამონაკლისიც დაუშვეს, მას აღარ მოსთხოვენ არც ე.წ. არჩევნებში მონაწილეობისთვის ოფიციალური რეგისტრაციის გავლას და არც აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარებას, რისი ვალდებულებაც „პრეზიდენტობის" სხვა მსურველებს აქვთ.
„ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილს თქმით, თუკი ბჟანია გამოჯანმრთელებას და ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას მოახერხებს, მას ხაჯიმბას დამარცხების რეალური შანსი აქვს, სხვა შემთხვევაში ისევ ხაჯიმბა „გაპრეზიდენტდება".
„ბჟანიას რომ არაფერი მოსვლოდა, ის ხაჯიმბასთვის ყველაზე სერიოზული კონკურენტი იქნებოდა, მაგრამ ვიცით, რომ ის მოწამლეს, რაშიც ეჭვი უკვე აღარავის ეპარება მას შემდეგ, რაც გერმანული ლაბორატორიის დასკვნა გამოქვეყნდა. ამ ეტაპზე ბჟანიას გამოჯანმრთელების ნიშნები არ არსებობს.
"არ მგონია, რომ დარჩენილ 3 თვეში ბჟანია ამ პრობლემიდან გამოძვრეს, დისტანციიდან კი ის გამარჯვებას ვერ შეძლებს. თუკი ის ფეხზე წამოდგა, მთელი აღმოსავლეთ აფხაზეთი დაუჭერს მხარს, ასევე მისი კოზირი იქნება ისიც, რომ მოწამლეს და ამით მის მოშორებას ჰქონდა ადგილი, რაც მას გამარჯვებას აუცილებლად მოუტანს, მით უმეტეს, რომ ხაჯიმბას მიმართ აფხაზეთი ძალიან დიდი უკმაყოფილებაა დაგროვილი.
"შესაბამისად, თუ ბჟანია გამოეთიშება ამ რბოლას, ბურთი და მოედანი ხაჯიმბას რჩება. შესაძლოა შამილ არძინბასაც ჰქონდეს გარკვეული მხარდაჭერა, თუმცა ეს ორივე ფიგურა დასავლეთ აფხაზეთის კლანის წარმომადგენელია და ამიტომ არ მგონია, რომ ისინი ერთმანეთს შეეჯახებიან. მგონია, რომ ამ დაპირისპირებაში ხაჯიმბას ექნება უპირატესობა,"- ამბობს ცქიტიშვილი.
აფხაზეთის „პრეზიდენტობის" სურვილი უკვე რამდენიმე აფხაზმა გამოაცხადა. „პრეზიდენტობის" დამოუკიდებელი კანდიდატია ასტამურ ტარბა, რომელიც 15 წლის წინ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უფროსი იყო და ამ ხნის განმავლობაში საჯაროდ არსად გამოჩენილა. ასევე „პრეზიდენტობა" სურს ალმას ჯაპუას, რომელიც მე-5 და მე-6 მოწევის აფხაზური დე ფაქტო პარლამენტის წევრია. ასევე - შამილ არძინბას, ხაჯიმბას ხელისუფლების დროს ყოფილი პრემიერ-მინისტრს. ჯერ მოქმედ „პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბას ოფიციალურად კანდიდატურა არ წამოუყენებია, თუმცა გაცხადებული აქვს, რომ მეორე ვადით კენჭისყრას გეგმავს.
მის ყველაზე დიდ კონკურენტად კი მიიჩნევა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია. სწორედ ავადმყოფობას ავადმყოფობას მოჰყვა დიდი გამოსვლები და ამ ე.წ. არჩევნების 21 ივლისიდან 25 აგვისტომდე გადადებაც. მართალია ოპოზიცია ე.წ. არჩევნების შემოდგომამდე გადადებას ითხოვდა, თუმცა შემდეგ ხაჯიმბას შეთავაზებას ერთი თვით გადადებაზე დათანხმდა.
ასლან ბჟანია, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობა სურს, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის სამედიცინო კლინიკაში მოხვდა. როგორც ბჟანიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებენ, მათ გერმანიიდან ექსპერტიზის შედეგები მიიღეს, რომლის შესაბამისად, ბჟანია მოწამვლის შედეგად გახდა შეუძლოდ, მის ორგანიზმში ვერცხლისწყლისა და ალუმინის მომატებული ოდენობა აღმოჩნდა.
ასლან ბჟანიასთან ერთად კლინიკაში მისი დაცვის ორი წევრიც მოხვდა, თუმცა ისინი უკვე სახლში გამოწერეს. სწორედ ბჟანიას მოწამვლის გამო ითხოვდა ოპოზიცია დაჟინებით, რომ ე.წ. არჩევნები გადადებულიყო.
ასლან ბჟანია მოქმედი დე ფაქტო დეპუტატი და აფხაზი ბიზნესმენია. ის წლების წინ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი იყო და როგრც რაულ ხაჯიმბაც, ისიც რუსული უშიშროების კადრია. ბჟანია მონაწილეობას იღებდა 2014 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებშიც და მეორე ადგილზე გავიდა. მაშინ რაულ ხაჯიმბამ 51% დააგროვა, ბჟანიამ - 36%. ბჟანიასა და ხაჯიმბა დაპირისპირებული ორი აფხაზური კლანის წარმომადგენელია, ბჟანია ოჩამჩირის კლანიდანაა, ხაჯიმბა კი - გუდაუთის კლანიდან.
კონფლიქტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, აფხაზეთში ხაჯიმბას მიმართ დიდი უკმაყოფილებაა, რადგან მას არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ გალელებს წაართვა ე.წ. აფხაზური პასპორტები და საერთოდ უუფლებო ადამიანებად გახადა. ამიტომ, ბჟანიას, მოწამვლამდე, შანსები ჰქონდა.
„ხაჯიმბაც და ბჟანიაც უშიშროების სისტემიდანაა მოსული, აფხაზური უშიშროება კი რუსული უშიშროების ნაწილია და რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ. ამიტომ, ვინც დასჭირდებათ მოსკოვში, იმას დანიშნავენ. რუსეთში, უშიშროების შიგნით ორივე კანდიდატს ჰყავს მფარველ ჯგუფები და სწორედ ამ ჯგუფს შორის მიმდინარეობს ინტრიგები და დაპირისპირება და სწორედ ამიტომაც მოწამლეს ბჟანია.
"99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ბჟანია რუსებმა მოწამლეს და ის დაჯგუფება, რომელსაც ხაჯიმბას გაყვანა უნდა, მან შეასრულა ეს საქმე და შემდეგ ხაჯიმბა დააყენეს ფაქტის წინაშე,"- ამბობს ცქიტიშვილი.
მისივე თქმით, მართალია ჯერ არავინ იცის ბჟანია გაიმარჯვებს თუ არა და როგორი დამოკიდებულება ექნება მას გალის ქართველების მიმართ, თუმცა მოლოდინი აქვს, რომ ხაჯიმბას ხისტი დამოკიდებულება შერბილდება.
„ხაჯიმბა გუდაუთის კლანიდანაა და გუდაუთის დაჯგუფებას გალელების მიმართ აქვთ ძალიან ხისტი დამოკიდებულება, ვიდრე აღმოსავლეთ აფხაზეთის კლანს, საიდანაც არის ბჟანია. ის ოჩამჩირის რაიონის სოფელი ტამიშიდანაა და ოჩამჩირესა და გალს ისტორიულად ბევრად უფრო ახლო და ცივილიზებული ურთიერთობები ჰქონდათ,"- დასძენს ცქიტიშვილი.