წლევანდელი მწირმოსავლიანობის ფონზე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თხილის მოსავალს ძალიან კარგი პირი უჩანს. ეს მით უფრო საყურადღებოა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციებიდან ექსპორტის მაჩვნებლის მიხედვით თხილი უპირობო ლიდერია.
თუმცა, რამდენადაც სახეიროა მოსავლის პერსპიქტივა, იმდენად რთულდება მოწეული პროდუქციის რეალიზაცია. ჯერ ერთი, რომ ამ პროცესს მეტად აფერხებენ აფხაზი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები (თხილის ყველაზე დიდი რაოდენობა გალის რაიონში მოდის). გარდა ამისა, შარშანდელი ინციდენტის შემდეგ ევროპის ბაზარზე ქართულ თხილს, ცოტა არ იყოს, სახელი შეელახა.
თხილის უხვმოსავლიანობაზე საუბრობენ გალის რაიონში, სადაც პროდუქციის ყველაზე დიდი მარაგია. ერთადერთი პრობლემა, რასაც მოსახლეობა აწყდება, მოსავლის რეალიზაციაა. გამკაცრებული რეჟიმის პირობებში ხალხი თხილის ენგურს გაღმა გატანას ვერ ახერხებს, ხოლო ადგილზე პროდუქცია ძალიან იაფია და მისი გაყიდვა მოსახლეობას საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებად უწევს.
ზუგდიდთან დასაკავშირებლად ერთადერთ საშუალებად რჩება განმუხურის ხიდი, თუმცა იქ მისაღწეავდ რუსი სამხედროების რამდენიმე საგუშაგოს გავლა უწევს. ხშირ შემთხევაში, მოსახლეობა ფონებით სარგებლობას არჩევს. ასეთი მგზავრობა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან ენგურისპირა ზოლის გარკვეული ნაწილი დანაღმულია.
არსებული პრობლემების მიუხედავად, გალელები თხილის მოსავალზე დიდ იმედებს ამყარებენ და ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასეთი კარგი მოსავალი აქამდე არ ყოფილა.
გალის მოსახლეობას აქვს შიში, რომ წელს კიდევ უფრო გაუჭირდებათ ზუგდიდის ბაზარზე თხილი გატანა და მათ უმეტესობას მოსავლის გაყიდვა იაფად მოუწევს. არ არის გამორიცხული, ძალდატანებითაც.
რაც შეეხება ფასებს, 1 კგ ნედლი თხილი 1,70 ლარია. მაღალი ფასი შეინარჩუნა შარშანდელმა ნაწარმმა და ამ ეტაპისთვის 1 კგ “ძველი თხილი” 4 ლარი ღირს.
- “წელს ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა, მაგრამ, შეიძლება, მისი რეალიზაცია ვერ შევძლოთ. საზღვარზე კონტროლი უკიდურესადაა გამკაცრებული. რუსები “გაღმა” არავის არ უშვებენ. თხილის ან სხვა პროდუქციის გატანაზე საუბარიც ზედმეტია.
ვერანაირი ენით ამ ადამიანებთან საერთოს გამონახვას ვერ ვახერხებთ. ადრე ჯარიმას მაინც გვახდევინებდნენ, ახლა თანხის შეძლევას აზრი არ აქვს, მაინც არ გვიშვებენ.
როდესაც რუსები საზღვარზე დგანან, აქედან ჩიტიც ვერ გადაფრინდება. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე წუთით ტოვვებენ პოსტს და მაშინ ვახერხებთ ტერიტორიიდან გაღწევას. უკან დაბრუნებულებს ისევ გაუსაძლისი ლოდინი გვიწევს”, - ამბობენ გალის ქვედა ზონის სოფლის მცხოვრებნი.
უკანასკნელ წლებში თხილი დასავლეთ საქართველოს გარდა, აქტიურად გავრცელდა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებშიც. საქართველოში თხილის ბაღების ფართობები ამჟამად საექსპერტო შეფასებით 13-16 000 ჰა ფართობს აღწევს.
მოყვანილი თხილის მხოლოდ ნაწილის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. მისი ძირითადი რაოდენობა (დაახლოებით 90%) ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტზე გადის.
წლის დასაწყისში ქართული თხილის ექსპორტთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები გაჩნდა. ევროპულ ბაზარზე კონტროლის გამკაცრების შემდეგ ქართული თხილის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2010 წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 12%-ითაა შემცირებული.
ქართული თხილი გამკაცრებული კონტროლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც პორტუგალიასა და ჩეხეთში შეტანილ პროდუქციაში მომწამვლელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.
სურსათისა და კვების საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებლივ დაუგზავნა გაფრთხილება, რომ ქართული თხილი უვარგისია.
როგორც გაირკვა, მოხდა საგარეო ბაზრებზე აზერბაიჯანული იაფფასიანი თხილის “ქართულად” გასაღება და მისი საქართველოს სახელით გატანა.