ლატვიაში პარტია "თანხმობის" ლიდერი ნილ უშაკოვი, რომელიც აპრილის დასაწყისში კორუფციული სკანდალის გამო რიგის მერის პოსტიდან გადააყენეს, ევროპარლამენტის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ჯამში, პარტია "თანხმობამ" ევროპარლამენტში ორი მანდატი მოიპოვა. Delfi-ს ცნობით, მეორე მანდატი რიგის ყოფილმა ვიცე მერმა, ანდრის ამერიკსმა მიიღო.
საბოლოოდ, ლატვიიდან ევროპარლამენტში ხუთი პარტია მოხვდა, მათ შორის "ლატვიის რუსეთის კავშირი".
არჩევნების შედეგების მიხედვით, ევროპარლამენტში ორმა მთავარმა ბლოკმა უმრავლესობა დაკარგა. საუბარია „ევროპის სახალხო პარტიასა“(EPP) და სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფზე (S&D). თუმცა, ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში ძლიერი პოზიციები ექნებათ მწვანეთა პარტიებს.
ახალ პარლამენტში პოზიციები გაიმყარეს ლიბერალებმაც. განსაკუთრებით კი, ლიბერალურმა ჯგუფმა „ალდე“.
ევროპარლამენტის არჩევნები უკვე შედგა ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩეხეთში, ლატვიაში, მალტაში, ირლანდიასა და სლოვაკეთში. სულ ევროპის მოქალაქეები 751 დეპუტატს აირჩევენ, რომლებიც ევროპარლამენტში 2024 წლამდე იმუშავებენ.
ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერისა და ევროკომისიის დანარჩენი წევრების მანდატს ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ამავე დღეს დაასრულებს საქმიანობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი. უფლებამოსილება უკვე შეუწყდა ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისაც. ისინი ხელახალ კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.