ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურმა მოსამართლემ თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხების გამოყენება დროებით დაბლოკა. ამის შესახებ BBC წერს.
მოსამართლემ კონგრესის გადაწყვეტილებამდე ის ბრძანება შეაჩერა, რომელიც არიზონასა და ტეხასში $1 მილიარდის დახარჯვას ითვალისწინებს.
მექსიკის საზღვართან კედელი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება. ეს განცხადება 2019 წლის 12 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასის შტატში თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დაახლოებით ოცმა შტატმა, აშშ-ის სამოქალაქო თავისუფლების კავშირთან ერთად სარჩელი შეიტანა სასამართლოში. მიზეზი იმ გადაწყვეტილების შეზღუდვაა, რომელიც ტრამპს საგანგებო დეკლარაციის ფარგლებში კონგრესის გვერდის ავლით ფინანსების გამოყენების ნებას რთავს.
12 მაისს ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის $1,5 მილიარდს გამოყოფს.
იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარზე კედელი ფოლადისგან დამზადდებოდა და არა ბეტონისგან, როგორც ეს ადრე იყო გადაწყვეტილი. მანამდე კი ტრამპმა Twitter-ზე კედლის პროექტის ფოტო გამოაქვეყნა.
კედლის მშენებლობისთვის სახსრების გამოყოფის თაობაზე კონგრესში აზრთა სხვადასხვაობის გამო, მთავრობამ მუშაობა შეაჩერა. ე.წ. შათდაუნი 22 დეკემბერს დაიწყო.