ქონებადაკარგული მეწარმეები ბანკებზე იერიშისთვის ემზადებიან

ქონებადაკარგული მეწარმეები ბანკებზე იერიშისთვის ემზადებიან

ბიზნესმენები ერთი მხრივ ყოფილ მსხვილფეხა ჩინოვნიკებს უტევენ და მეორე მხრივ კომერციულ ბანკებს. ქონებადაკარგულმა მეწარმეებმა იგრძნეს, რომ შანსი მიეცათ და მის ხელიდან გაშვებას არ აპირებენ. როგორც ჩანს, ბანკების წინააღმდეგ ბევრი სასამართლო დავა დაიწყება.

ბიძინა ივანიშვილის მოწოდების შემდეგ ერთ-ერთი პირველი “ელიტ ელექტრონიქსის” დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი ანზორ ქოქოლაძე გახლდათ, რომელმაც მკვეთრი განცხადება გააკეთა. იგი ძველი საკუთრების დაბრუნებაც საკმაოდ სწრაფად ვარაუდობს. “ჩვენ საქართველოში ვერც ერთ ეტაპზე ვერ მივაღწიეთ სამართალს ქართულ სასამართლოებში.  სარჩელი გვაქვს სტრასბურგის სასამართლოში და დარწმუნებული ვართ ამ საქმეს მოვიგებთ, არსებობს უფრო მშვიდობიანი გზაც, როგორ ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა ბიზნესმენებს წართმეული ქონება დააბრუნონ მოლაპარაკებების გზით და ამ მოწოდების იმედიც გვაქვს”, - მინიშნება გააკეთა ქოქოლაძემ.

მისი განცხადებით, “თიბისი ბანკის” უკან სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები - პროკურატურა, სასამართლო, ფინანსური პოლიცია, თბილისის მერი იდგნენ და მათი მიზანი ამ რენტაბელური სფეროს მონოპოლიზირება იყო, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. ეს ხდებოდა ბიზნესის ყველა სფეროში, ბევრ კომპანიასთან მიმართებაში და “ელიტ ელექტრონიქსი” გამონაკლისი არ იყო.

ქოქოლაძის შეტევას მყისიერად გამოეხმაურა “თიბისი ბანკი”და კომპანია, რომელმაც ბრალდებები წამოაყენა “ცილისმწამებლურად” შეაფასა:

“თიბისი ბანკი” არასდროს ყოფილა და არც ახლა არის წინააღმდეგი სასამართლოს მიერ “ელიტ ელექტრონიქსის” საკითხის განხილვისა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ამ თემამ ყველა სასამართლო ინსტანცია მოიარა, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, ჩვენ ახალი სასამართლოს მიერ მის ხელახალ განხილვასაც მივესალმებით და აბსოლუტურად მზად ვართ ამისათვის. უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობთ ბატონ ანზორს, დამატებით მივმართოთ დამოუკიდებელ არბიტრაჟს და დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გამოძიებას.

სინამდვილეში, სამართლიანი სასამართლო და ხელახალი პროცესი თვითონ ქოქოლაძეს არ აძლევს ხელს, რადგან სამართლიანი სასამართლო არასდროს გაამართლებს ადამიანს, რომელიც არის მატყუარა და მისი მხრიდან თაღლითობის უამრავი ფაქტი არსებობს, თუ როგორ იპარავდა “ელიტ ელექტრონიქსიდან” თანხებს და “ქაჩავდა” სხვა, მის მიერ წინასწარ სპეციალურად შექმნილ კომპანიებში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კომპანია გადახდისუუნარობამდე მივიდა. ამის მაგალითია ისიც, რომ ქოქოლაძის “ელიტ ელექტრონიქსიდან” წასვლისთანავე, მისმა ოჯახმა გაურკვეველი რესურსით ახალი კომპანია “ტექნო ბუმი” დააფუძნა და ერთბაშად გახსნა რამდენიმე მაღაზია”, - აღნიშნულია “თიბისი ბანკის” განცხადებაში.

ამასთან, ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ანზორ ქოქოლაძეს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ სასამართლოს, ნებისმიერ დროს, ასევე ნებისმიერ სხვა გამჭვირვალე, ცივილურ გზას.

პასუხის პასუხი არც ქოქოლაძეს დაუგვიანია და უკვე კონკრეტული ადამიანები დაასახელა, რომლემაც ქონება წაართვეს.  მამუკა ხაზარაძესთან ერთად “სამეულში” ზურაბ ადეიშვილი და ვინ თუ არა დავით კეზერაშვილი მოხვდნენ.

“ქვეყანაში მთავრობის ცვლილებით სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი აბსოლუტურად რეალურია. სწორედ ეს შიში ამოძრავებს “თიბისი ბანკს” ამ განცხადების გავრცელებისას და მხოლოდ თავდაცვას ემსახურება, რადგან მამუკა ხაზარაძემ, ზურაბ ადეიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად ფინანსური პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებების გამოყენებით განახორციელა “ელიტ ელექტრონიქსის” უკანონო მითვისება. ახლა რეალურად აწუხებს შიში რადგან ამ უკანონობაში მონაწილე ორივე პირმა საქართველო უკვე დატოვა და ახალი ხელისუფლების ხელში კი სასამართლო იქნება დამოუკიდებელი ხოლო “თიბისი ბანკის” ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება.

არც ციხიდან და არც გამოსვლის შემდეგ არ გავჩერებულვარ და ყველა ჩემი მოქმედება იყო საჯარო 2007 წლიდან დღემდე. დღესაც ვაცხადებ, რომ “ელიტ ელექტრონიქსი” ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ “თიბისი ბანკმა” უკანონოდ დაისაკუთრა და მის დასაბრუნებლად ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებ”, - აცხადებს ქოქოლაძე.

როგორც ჩანს, ძვალმსხვილი ბანკების წინააღმდეგ ბიზნესმენები ხმას იმაღლებენ და სამართლებრივ ბრძოლასაც არ მოერიდებიან. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედმა 2 ყველაზე დიდმა ბანკმა უამრავი ბიზნესი გადაყლაპა, რომელთა მეპატრონეები “საკრედიტო ჯაჭვით” იყვნენ დაბმულნი.

“ხინკლის სახლის” ყოფილი მფლობელის ნოდარ მოსულიშვილის მტკიცებით, მან ქონება “საქართველოს ბანკთან” დავის შედეგად დაკარგა. ქონება ბანკმა დარღვევებით ვალში წაიღო და შემდეგ მის ყოფილ მფლობელს იჯარით მისცა.

ნოდარ მოსულიშვილის განცხადებით, სესხი “საქართველოს ბანკისგან” კახეთში მეურნეობის მოსაწყობად აიღო და საკუთარი ქონებით დატვირთა. 2008 წლის ომისა და კრიზისის შემდეგ, ასევე “სილქროუდ ჯგუფის” მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოების გამო ბიზნესი შეფერხდა და სესხის გადახდა ვერ შეძლო.

მოსულიშვილის მტკიცეით, ბანკმა მდგომარეობის შემსუბუქების ნაცვლად პირობები კიდევ უფრო დაუმძიმა, დაარღვია კომერციული ბანკების შესახებ კანონის 22-ე მუხლი, მოახდინა იპოთეკური ხელშეკრულების გადაფორმება. ასევე დიდი დარღვევებით მოხდა ქონების გაყიდვაც, ქონების მფლობელი, საბოლოო ჯამში, თავად” საქართველოს ბანკი” აღმოჩნდა. მის მფლობელობაში გადასული ქონება კვლავ ბიზნესის ყოფილ მფლობელს მიაქირავა და ნოდარ მოსულიშვილი დღესდღეობით ყოველთვიურად 4500 ლარს იხდის.

“თიბისის” მსგავსად თავის მართლებას არც “საქართველო ბანკისგან” დაუგვიანებია. მათი აზრით, სამწუხაროა, როდესაც მომხმარებლისთვის მრავალგზის გაკეთებული შემხვედრი ნაბიჯების სანაცვლოდ, უსამართლო ბრალდებები ისმის.

“ბანკის ინტერესს არ წარმოადგენს ქონების დასაკუთრება; ეს არის უკანასკნელი ზომა, რომელსაც ბანკი მიმართავს, იმ შემთხვევაში როდესაც არ რჩება სესხის დაფარვის სხვა შესაძლებლობა. ბატონი ნოდარ მოსულიშვილი ნამდვილად გახლავთ საქართველოს ბანკის კლიენტი. სამწუხაროდ, იმ ბიზნესპროექტმა, რომელიც მან წამოიწყო “ხინკლის სახლისგან” დამოუკიდებლად, არ გაამართლა, რის გამოც შეფერხდა ბატონი ნოდარის სესხის დაფარვა.

ბანკმა სამჯერ მოახდინა სესხის რესტრუქტურიზაცია და გაუწია მომხმარებელს ისეთი შეღავათი, როგორიცაა: დარიცხული ჯარიმის პატიება, არსებულ სესხზე ვადის გაზრდა და საშეღავათო პერიოდის დაწესება. სამწუხაროდ, მომხმარებელმა მაინც ვერ შეძლო სესხის მომსახურება, რის შედეგადაც, 2012 წლის მარტში ბანკი იძულებული გახდა მოეხდინა უზრუნველყოფაში ჩადებული სახინკლის დასაკუთრება. 

ამის შემდეგაც საქართველოს ბანკმა გადადგა შემხვედრი ნაბიჯი და ნოდარ მოსულიშვილის თხოვნის საფუძველზევე, უკანვე მიაქირავა მოქმედი რესტორანი იმის მიუხედავად, რომ ბანკს არ ჰქონდა ამის ვალდებულება”, - აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.

ბიზნესმენები გაჩერებას არ აპირებენ, ბანკები თავდაცვით რეჟიმში გადადიან. ახლა მათი დრო ნამდვილად არ არის...