ნატო კვლავ არ აღიარებს ყირიმის რუსეთს და ნახევარკუნძულიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს, ალიანსის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა სერ სტიუარტ პიჩმა ბრიუსელში ალიანსის სხდომაზე რუსეთს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს ყირიმის ანექსია და დონბასის მილიციის მხარდაჭერა.
„ცხადია, რომ ნატო არ სცნობს და არ მიიღებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას, ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარები გაიყვანოს." განაცხადა პიჩმა, მან ასევე დასძინა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა, აუცილებლად უნდა შეწყვიტოს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული ოლქების მილიციის მხარდაჭერა.
ამავდროულად, ნატოს შეიარაღებული ძალების ახალმა მეთაურმა ტოდ უოლტერსმაც უკრაინას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა.
„რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას აშშს მხრიდან, ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერ თანამშრომლობას სამხედრო განთლების სფეროში, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა"-აცხადებს უოლტერსი
20 მაისს ინაუგურაციის ცერემონიაზე, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პარლამენტში გამოსვლისას, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა,მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინის მიწაზეა და მასვე ეკუთვნის.
ამავე დღეს რუსეთში, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ყირიმის ანექსიასთან დაავშირებით კრემლის პასუხი გააჟღერა.
„ჩვენ არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ ყირიმთან დაკავშირებით კითხვებს გააჩნია ერთი პასუხი, რომ ყირიმი არის რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი."-განაცხადა პესკოვმა
ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსეთის პარლამენტშიც უპასუხეს, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის მუშაობის ამდაგვარი განცხადებებით დაწყება კარგს არაფერს მოუტანს, ვოლოდინმა დაცინვით გაიმეორა ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ „უკრაინა მიიღებს მკვდარი ვირის ყურებს, მაგრამ არა ყირიმს".
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატეგორიულად ეწინაამდეგება, მან 2019 წლის მარტის დასაწყისში ანტირუსული სანქციები კიდევ ერთი წლით გააგრძელა, რომელიც 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ აშშ-ს მიერ იქნა დაწესებული.
ტრამპის მიერ ანტირუსული სანქციების შემოღების შემდგომ,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ნატოს და ევროკავშირს, რომ თავი დაანებონ ყირიმის თემას და ნახევარკუნძული ცნონ რუსეთის ნაწილად. სამინისტრომ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ხაზი გაესვა ყირიმის ნახევარკუნძულზე ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას, რუსეთის ფედერაციაში მიერთების შემდგომ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მარტში უკრაინის რევოლუციის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ე.წ რეფერენდუმის შედეგად ყირიმის რუსეთთან მიერთების გადაწყვეტილება მიიღო, ე.წ რეფერენდუმის თანახმად, რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მოქალაქეთა 95%-მა მისცა ხმა, პრორუსული მთავრობის მტკიცებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 80%-ს გადააჭარბა, თუმცა ყირიმელი თათრების ლიდერებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მტკიცებით, რეალური აქტივობა ძალიან დაბალი იყო,მათი თქმით, რეფერენდუმს საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები არ დაესწრებიან და ხმის მიცემის პროცესი სერიოზული დარღვევებით წარიმართა.