საქართველოში ქართველმა ამომრჩევლებმა პირველად მოახერხეს ქვეყანაში ხელისუფლების საპარლამენტო არჩევნების გზით შეცვლა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ კიდევ საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე აღიარა მისი პარტიის დამარცხება. კენჭისყრამდე ამის მოლოდინი არ არსებობდა, მიუხედავად სააკაშვილის მთავრობისადმი კრიტიკული განწყობის არსებობისა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველად ხდება ის, რომ სხვადასხვა პარტიული კუთვნილების მიუხედავად პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს თანამშრომლობა უწევთ.
პოზიტიური სიგნალები
ოპოზიციური გაერთიანება “ქართული ოცნების“ გამარჯვებამ დასავლეთში ბევრი გააოცა. ოფიციალური ვიზიტების დროს არც ჰილარი კლინტონი და არც გიდო ვესტერველე ოპოზიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრიან, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ივანიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არა სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, არამედ ცალკე მოითხოვა. ამან მოქმედ პრეზიდენტს დასავლურ დედაქალაქებში „ახალზე“ ჭორების გავრცელება გაუიოლა. სააკაშვილის ბანაკის რეპერტუარი სტანდარტული გახლდათ, რომ ივანიშვილი რუსი მილიარდერია, რომელიც ხმების ყიდვას ცდილობს, რითაც ქართულ სუვერენიტეტს რუსეთს ჩააბარებს. ამათგან ზოგიერთ სრულიად გადაჭარბებულ კარიკატურას დასავლეთში იზიარებდნენ. თუმცა სავარაუდო კაბინეტის დასახელებით ივანიშვილი პირველ პოზიტიურ სიგნალებს აგზავნის. ის არ მიდის დათმობებზე ნაციონალისტურ-კონსერვატულ ძალებთან, რომელთაც მან საარჩევნო ბრძოლის დროს ზოგიერთ ადგილას სამწუხაროდ თავის სიაში თავშესაფარი მისცა. ნებისმიერ შემთხვევაში დადებითია, რომ მომავალი მთავრობა პარლამენტში სამ-ფრაქციულ-კოალიციას დაეყრდნობა. ქართული ოცნების საარჩევნო სიაში წარმოდგენილი არიან „თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ალასანიას და „რესპუბლიკელები“ დავით უსუფაშვილის მეთაურობით, რომელთაც როგორც ოპოზიციურ პარტიებს, გააჩნიათ პოლიტიკური გამოცდილება და როგორც ლიბერალური ძალები მომავალი პოლიტიკის წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.
ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიზნად რჩება ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მისი პირველი ვიზიტი დაგეგმილია ვაშინგტონში. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მომავალი მთავრობის რუსეთთან და სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული ახალი იმპულსები. ქართველთა უმრავლესობა მიხვდა, რომ ჩრდილოელ მეზობელთან დაახლოება აუცილებელია და სააკაშვილის მმართველობის პირობებში ეს შეუძლებელია. არც თუ ისე ცოტა ადამიანი იმედოვნებს რუსულ ბაზარზე დაუბრკოლებელი გასვლით ეკონომიკური სარგებლის ნახვას. მნიშვნელოვანი სიგნალია რესპუბლიკური პარტიის წევრის, პაატა ზაქარეიშვილის დანიშვნა რეინტეგრაციის მინისტრად. ზაქარეიშვილი ყველა მხარის ნდობით სარგებლობს და ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაწყებული აქტიურად უჭერდა მხარს კონფლიქტთა მონაწილეების შერიგებას.
ხელისუფლების გადაბარების პროცესი ყოფილ ხელისუფლებას და ახალს შორის უშუალოდ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ამით საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში რევოლუცია გამოიკვეთა, რაც სიახლეა მთელი სამხრეთ კვკასიისთვის. მომავალ პარლამენტში წარმოდგენილი ფრაქციების თავმჯდომარეებმა ერთობლივად იმსჯელეს მომავალ პროცედურებზე. ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის პირისპირ საუბარიც იმაზე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს შეუძლიათ პოლიტიკური კომპრომისის საჭირო უნარის გამოვლენა.
თუმცა პრობლემები მაინც რჩება. ღიაა საკითხი, რამდენად შეუძლია სააკაშვილის „გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას“ კონსტრუქციული ოპოზიციური პოლიტიკის წარმართვა. არ შეიძლება იმის დავიწყება, თუ როგორ ძლიერ ზეწოლას ახორციელებდნენ ისინი არჩევნების წინ ამომრჩევლებზე, მედიასა და ოპოზიციონერებზე. ამას გარდა არსებობს სარწმუნო ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევნების გაყალებების თაობაზე, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები ჯერ არ ადასტურებენ. არსებობს იმის ნიშნებიც, რომ სააკაშვილის პარტია მომავალშიც აპირებს ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ქონების განკარგვას. რადგან იქ ყველა საჯარო პოსტი, დაწყებული მერით, ადმინისტრაციით და მოსამართლეებით სააკაშვილის მიმართ ლოიალურად განწყობილ პირებს უკავით.
მაგრამ ივანიშვილმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ის, როგორც ახალი პრემიერმინისტრი პოლიტიკურ შურისძიებას არ გეგმავს. უმალ არჩევნების შემდეგ სააკაშვილისთვის ვადაზე ადრე გადადგომისაკენ მოწოდებამ შესაბამისი ვარაუდები არ გააბათილა. ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ მან ამ საკითხში უკან დაიხია.
დასავლეთის როლი
საინტერესოა, როგორ მეგზურობას გაუწევენ აშშ და ევროპა საქართველოში ახალ პოლიტიკურ დასაწყისს. აშშ-ს ობამას ადმინისტრაციის პირობებშიც ქვეყანაზე დიდი გავლენა აქვს. ეს გავლენა აქამდე გეოსტრატეგიული მოტივების გამო სააკაშვილის მიმართ არაკრიტიკულ მხარდაჭერაში გამოიხატებოდა, უმეტესად ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მოთხოვნის გარეშე. ზუსტად ამ ფონზე არის მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოუკიდებელი და აქტიური პოლიტიკა განავითაროს. მან სამეზობლო პოლიტიკის საშუალებებით ხელისუფლების ცვლა იმის საბაბად უნდა გამოიყენოს, რომ მხარი დაუჭიროს სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის სფეროში რეფორმებს, რუსეთთან ურთიერთობის გაწონასწორებას და სეპარატისტული რესპუბლიკების „აღმოსავლური პარტნიორბის“ პროგრამაში ჩართვისათვის დამაჯერებელი ნაბიჯების გადადგმას.
ვიოლა ფონ კრამონი – ბუნდესტაგის წევრი, კავკასიის საკითხების ექსპერტი
foreignpress.ge