ევროპარლამენტის არჩევნები დღეს იწყება, რომელშიც მონაწილეობას ევროკავშირის 28 ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ. ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 427 მილიონ ადამიანს აქვს.
Euronews-ის ცნობით, ხმის მიცემის პროცესი 4 დღეს გაგრძელდება, შედეგები კი 26 მაისს უნდა გახდეს ცნობილი.
საკუთარ არჩევანს პირველები ბრიტანელები და ნიდერლანდელები დააფიქსირებენ. შაბათს არჩევნები ჩატარდება ლიტვაში, მალტასა და სლოვაკეთში, დანარჩენი ქვეყნები კი მათ კვირას შეუერთდებიან.
ამასთან, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და კვიპროსზე ხმის მიცემა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩევლებს ჯარიმა ემუქრებათ.
ევროპარლამენტში 751 ადგილია, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში კი 705 ადგილი დარჩებოდა.
ევროპარლამენტის არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო არჩევნები 2014 წლის 22-25 მაისს გაიმართა.