„ქართული ოცნების“ მესვეურები გვპირდებოდნენ, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში სამართალი იზეიმებდა და ყველა დამნაშავე, მიუხედავად მისი თანამდებობისა, აუცილებლად დაისჯებოდა. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მთავარ პროკურატურას და სასამართლოს თავზე საყრელი საქმე ექნება, რადგან უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში უსამართლობის ზეიმი იყო. ამიტომ ძალიან საინტერესოა, როგორ აპირებს მთავარი პროკურატურა ქვეყანაში სამართლის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას, რას უპირებს სასამართლოების მიერ გამოტანილ უკანონო გადაწყვეტილებებს და ამით უფლებააყრილ ადამიანებს, როგორ გადაწყდება იმ პროკურორების საკითხი, რომლებიც პრაქტიკულად აიძულებდნენ სასამართლოს უკანონო განაჩენები გამოეტანა, ასევე რა ბედი ელის იმ გახმაურებულ საქმეებს, რომლებშიც საზოგადოების მხრიდან ეჭვმიტანილებად საჯარო მოხელეები მოიაზრებიან და ა.შ. ამ თემაზე for.ge-ს მთავარი პროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი ესაუბრება.
არჩილ კბილაშვილი: „ყველა ე.წ. გახმაურებული საქმე იქნება გამოძიებული და ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებაში ამ საქმეების მიმართ არსებობს, პასუხები გაეცემა. ამ ეტაპზე მე ვსაუბრობ როგორც საზოგადოების წევრი არჩილ კბილაშვილი, და არა როგორც პროკურორი და ვგულისხმობ ყველა იმ საქმეს, რომლებიც ჩემს თვალსაწიერში არის მოხვედრილი. მაგალითად, საზოგადოების აზრით ბოლომდე გამოუძიებელი არის პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას საქმე, ასევე გირგვლიანის საქმე, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითება არის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით. ასევე ბოლომდე დასრულებული არ არის რობაქიძის მკვლელობაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი და ა.შ. შესაძლოა ასე უცებ ბევრი საქმე არ გამახსენდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ის საქმეები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, ყველა მათგანი ბოლომდე გამოძიებული იქნება.
ბატონო არჩილ, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რა ცვლილებების გატარებას გეგმავთ მთავარ პროკურატურაში?
- რამდენიმე ძირითადი მიმართულება მაქვს მოაზრებული რომ განხორციელდეს. პირველი ეხება პროკურატურის როლს, მის ინსტიტუციონალურ ფუნქციას სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში. დღეს პროკურატურა არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი. დღეს მოქმედი კანონით პროკურორი ემორჩილება იუსტიციის მინისტრს, ანუ იუსტიციის მინისტრი ასე ვთქვათ, გენერალური პროკურორია, მას ყველა საპროცესო უფლება გააჩნია, იგი ნიშნავს ყველა ხელმძღვანელ პროკურორს. ამასთანავე, იუსტიციის მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს. ამიტომ დღეს საქართველოში არა მხოლოდ დე-ფაქტო, არამედ დე-იურე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დაქვემდებარებული პროკურატურა გვაქვს. ეს არასწორია და უნდა შეიცვალოს. ამის შეცვლა წარმოდგენილი გვაქვს იმგვარად, რომ პირველ რიგში აღდგეს გენერალური პროკურატურა და არა მთავარი პროკურატურა, როგორც ეს დღეს არის. მთავარი პროკურატურის გაჩენა წარმოშვა იმ აზრმა, რომ მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა მოისურვა, პარალელურად გენერალური პროკურორი ყოფილიყო. ამიტომ ტერმინი გენერალური პროკურორიც ამოვარდა და გაჩნდა მთავარი პროკურორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღდგენილი იყოს გენერალური პროკურატურა, გენერალური პროკურორის დანიშვნა პრეზიდენტის, ან პრემიერ-მინისტრის წარდგენით და პარლამენტის თანხმობით მოხდეს, მას ჰქონდეს თანამდებობაზე ყოფნის განსაზღვრული (მაგალითად ხუთწლიანი) ვადა, მისი თანამდებობიდან გადაყენების წესი კი იმპიჩმენტის წესით იყოს, როგორც ეს ადრე იყო. ასევე ვფიქრობთ იმაზეც, რომ პროკურატურა გახდეს სასამართლო ხელისუფლების ნაწილი, როგორც ეს ადრე იყო და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, როგორც დღეს არის.
ამ საკითხის ასე გადაწყვეტის დროს მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ არ შეიძლება ამ სამართალდამცავი ორგანოს პირველი პირი აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. სადამდე მიგვიყვანა ამან, ყველა კარგად ვხედავთ. დღეს ყველა ვაცნობიერებთ იმას, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში რეპრესიულ მანქანად მოიაზრება, რაც დაუშვებელია. გარდა ამისა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლედ მესახება ის, რომ გენერალური პროკურატურა აღიჭურვოს ისეთი საქმეების შესწავლის უფლებამოსილებით, რომლებიც უკვე დასრულებულია, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ეს საქმე სამართლიანად დასრულებული არ არის. საზოგადოებაში ბევრ ადამიანთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება, რომ ეს ადამიანი უკანონო განაჩენის მსხვერპლი გახდა, თუნდაც ეს საპროცესო შეთანხმების ხელმომწერი პირი იყოს, თუკი ის თვლის, რომ იძულებული იყო საპროცესოზე ხელი მოეწერა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ის პირი, რომელიც თვლის, რომ უკანონო განაჩენის მსხვერპლი გახდა, ის, ვინც თვლის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გახდა არაჰუმანური მოპყრობის, ცემის, წამების მსხვერპლი, ასევე ის, ვისაც სამართალდამცავ ორგანოსთან პირდაპირი შეხება არ ჰქონია, მაგრამ მაგალითად, სანოტარო აქტით ქონების გაჩუქება მოუწია, როდესაც სამართალდამცავი ორგანის გავლენა ზედაპირულად არსად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ამა თუ იმ საკუთრების დაკარგვა მუქარით იყო გამოწვეული, მოკლედ ყველა ასეთ ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ ამა თუ იმ ფორმით გახდა მსხვერპლი, მიეცეს შესაძლებლობა, მომართოს გენერალურ პროკურორს და მოხდება მისი საქმის გადასინჯვა. კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, გენერალური პროკურატურის საამისოდ უფლებამოსილი პროკურორი შეისწავლის და თუ ეს პროკურორი ჩათვლის, რომ საქმეში მართლაც უკანონობის ნიშნებია, შესაბამისი განაჩენი კანონით დადგენილი წესით გადაისინჯება. ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომლის განხორციელებაც გვინდა. ეს გვინდა იქიდან გამომდინარე, რომ ქართულმა საზოგადოებამ, რომელმაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მხარი დაუჭირა (და ყველასათვის ცნობილია, რომ ეს უმრავლესობაა), ეს თუნდაც იმიტომ გააკეთა, რომ ჩვენ ვაცხადებდით - ათასობით უკანონო მსჯავრდებული გვყავს, ათასობით ღირსებაშელახული ადამიანი გვყავს, და სწორედ საზოგადოების მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ ღირსება დაუბრუნდეთ იმ ადამიანებს, ვისი ღირსებაც უკანონოდ იყო ხელყოფილი.
იქნებ დააკონკრეტოთ, ვინ გადახედავს ამ საქმეებს?
- გენერალურ პროკურატურაში შეიქმნება სპეციალური დეპარტამენტი და დაინიშნებიან ის პროკურორები, რომლებსაც უკანასკნელ წლებში პროკურატურაში არ უმუშავიათ და რომელთა რეპუტაციაც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. თუ საქმის გაცნობის შემდეგ ასეთი პროკურორი ჩათვლის, რომ ესა თუ ის განაჩენი მართლაც უკანონოდ არის გამოტანილი, მაშინ ის შუამდგომლობით შესაბამის სასამართლოს მიმართავს და თუ სასამართლოც ამ მოსაზრებას გაიზიარებს, განაჩენი გაუქმდება. ასეთი მექანიზმის შემოღებას რასაკვირველია, კანონის შეცვლა დასჭირდება.
ამ საქმეების გადახედვის პროცესში ძალიან ბევრი პროკურორის სახელიც ამოტივტივდება და შესაძლოა თქვენი უწყების თანამშრომლების დიდი ნაწილი ამ სიაში მოხვდეს. როგორ აპირებთ ამ საკითხის გადაწყვეტას?
- მოდით საკითხი ჯერ თეორიული კუთხით განვიხილოთ, შემდეგ კი პრაგმატული კუთხით. თეორიული კუთხით ყველაფერი ძალიან მარტივია. ვთქვათ, გამოვლინდა, რომ განაჩენი უკანონოა, გაუქმდა იგი, ასევე თუ გამოვლინდა, რომ ამ განაჩენის დადგომაში კონკრეტულმა პირმა მიიღო მონაწილეობა და ბუნებრივია, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, როგორც მინიმუმ, საუბარია სამსახურებრივ შეუთავსებლობაზე და ასეთი ადამიანი სამსახურიდან განთავისუფლებული უნდა იყოს. თეორიული ფორმულა ძალიან მარტივია. რად შეეხება პრაგმატულ მიდგომას, ეს ყველაფერი თანდათან, დროის გარკვეულ მონაკვეთში მოხდება. ძალიან ძნელია ერთიანად ვნახო პირობითად, 500 კაცი და მივიდეთ და დავიწყოთ პროკურატურაში მუშაობა. ასეთი რამ ვერ მოხდება. ჩვენი სტრატეგია არის ის, რომ ხელმძღვანელი, ზედა რგოლი შეიცვალოს, რადგან მიიჩნევა, რომ შემსრულებელი პროკურორი ნაკლებად პასუხისმგებელია იმ შედეგზე, რაც დადგა. ამიტომ მას უნდა მიეცეს საშუალება, ნორმალურ, ჯანსაღ ვითარებაში თავისი მოქალაქეობრივი და პროფესიული მოვალეობა შეასრულოს. ხოლო თუ მის წარსულ საქმიანობაში რაღაც აისბერგი აღმოვაჩინეთ, უკვე შემდგომში, 3-4 თვის შემდეგ უფრო მეტი საშუალება გვექნება, რომ ეს ადამიანი შეიცვალოს. ამდენად, მიზანმიმართულად, ადამიანური რესურსის შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება იმის შეცვლა, ვინც შესაცვლელია. მეტად მკაფიო პასუხის გაცემა ამ ეტაპზე გამიჭირდება, მაგრამ ჩვენც ასე ვთქვათ, ამოსუნთქვის საშუალება გვექნება, სისტემა პარალიზებული არ იქნება. ის, ვინც დაამტკიცებს, რომ პროფესიონალია და პატიოსნად მუშაობს, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ, და ასეთი პირი გააგრძელებს მუშაობას. ვინც ვერ დაამტკიცებს ამას, ის შეიცვლება და ჩვენც გვექნება საშუალება, ეს ადამიანები თანდათან შევცვალოთ.
ეს თემა რომ ამოვწუროთ, კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ პროკურორებთან და ზოგადად საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ მუდმივად მოწმენი ვხდებოდით საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულებისა, რაზეც იწერებოდა საჩივრები და მთავარ პროკურატურაში შედიოდა. როგორც წესი, პროკურატურა აცხადებდა, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ როგორც წესი, ასეთ საქმეებს მსვლელობა არ ეძლეოდა და არავინ დასჯილა. ამიტომ სავარაუდოდ, თქვენ ძალიან ბევრი ასეთი, ანუ თაროზე შემოდებული საქმე დაგხვდებათ და რას უპირებთ ასეთ საქმეებს?
_ ეს არის მიმდინარე საქმეები, რომლებიც თაროზე დევს და მტვერი ედება. ბუნებრივია, ეს საქმეები თაროდან უნდა ჩამოვიღოთ და ჩვეულებრივ, ანუ მიმდინარე რეჟიმში განვიხილოთ. აქ სტრატეგიულობის კუთხით ახალი არც არაფერია. ახალი იყო ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, რომ განაჩენები უნდა გადაისინჯოს, მაგრამ თუ პროკურატურაში დევს საქმე, რომელსაც მსვლელობა არ ეძლევა, რა თქმა უნდა, ასეთი საქმე მიმდინარე რეჟიმში უნდა იქნეს განხილული.
თქვენ ამბობთ, რომ სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება, რომელიც უკანონო განაჩენებს გადასინჯავს. ვინ იქნება იმის გარანტი, რომ ეს დეპარტამენტი საქმეებს ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილავს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ პრაქტიკულად ამ დეპარტამენტის თანამშრომლებს ხშირ შემთხვევაში მოუწევთ საკუთარი კოლეგების მიმართ საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ასეთ საქმეებში მთავარი პროურატურის ძალიან ბევრი პროკურორის სახელი და გვარი ამოტივტივდება
- ჯერ ერთი, ეს დეპარტამენტი უშუალოდ ჩემს დაქვემდებარებაში იქნება. მეორეც, ამ დეპარტამენტის პროკურორებად დაინიშნებიან ის ადამიანები, რომლებიც პროკურატურაში არ მუშაობენ.
გეგულებათ ასეთი კვალიფიციური კადრები?
- რა თქმა უნდა, თეორეტიკოსები ხომ არიან, უნივერსიტეტი გვაქვს, სისხლის სამართლის კათედრები გვაქვს და შესაძლებელია, რომ მოიძებნონ კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანები, რომლებსაც პრაქტიკასთან შეხება არ ჰქონიათ. საბოლოო ჯამში ჩვენ ადამიანამდე დავდივართ, რადგან მასზე უკეთესი ამქვეყნიური არსება არ გვყავს. თუ იმას მივაღწევთ, რომ ამ დეპარტამენტის პროკურორი იქნება კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანი, რომლის მიმართაც საზოგადოებას კითხვები არ გააჩნია, რატომ არ უნდა ვენდოთ მის დასკვნას? როდესაც კონკრეტული განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით მისი დასკვნა დაიდება, შემდეგ მივალთ სასამართლოში და თავად სასამართლო გააუქმებს მის მიერვე გამოტანილ განაჩენს, რადგან წესია ასეთი, რომ სასამართლოს განაჩენის გაუქმება ისევ სასამართლოს პრეროგატივაა. ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ძალიან რთულია. ის, რომ დღეს მე ვარ დომინირებული გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას იმდენად დიდი უსამართლობის განცდა აქვს, რომ სურს მეორე ბანაკში მყოფი ადვოკატი გახდეს ამ ორგანოს ხელმძღვანელი. ეს არ არის ნორმალური მოვლენა. მომავალში უწყვეტობის პრინციპიდან გამომდინარე, სისტემისათვის სასურველია, რომ გენერალური პროკურორი გახდეს მის წიაღში გაზრდილი, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი ადამიანი და არა ჩემი მსგავსი, რომელსაც პროკურატურის სისტემაში ერთი დღე არ უმუშავია.
დღეს იმდენად არაჯანსაღი ვითარებაა, რომ საზოგადოებაში გაჩნდა მოთხოვნა, ამ უწყების სათავეში მოვიდეს ადამიანი, რომელსაც მის წიაღში არ უმუშავია. ჩვენ ვაპირებთ ეს სიტუაცია გამოვასწოროთ, ვაპირებთ პროკურატურას დავუბრუნოთ მისი ფუნქცია, გავუთანაბროთ დაცვის მხარეს. შეგიძლიათ დამისახელოთ განაჩენი, რომელიც პროკურორს მოუთხოვია და მოსამართლეს სწორედ ასეთი განაჩენი არ დაუყენებია? ეს არის საშინელება. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ, უბრალოდ სანქცია გვაკლია. პროკურორს რომ მოენდომებინა და შენთვის ბრალი წაეყენებინა, თავს დაიცავდი, გაიმართლებდი თუ რა?
საერთოდ, ჩემი იდეა არ არის ის, რომ პროკურორი ვიყო. მე ჰუმანისტი ვარ, ადვოკატი ვარ და ყოველთვის იმას ვფიქრობ, როგორ დავიცვა და არა ის, რომ ბრალი დავდო. სურვილი მაქვს, რომ როდესაც მოგვიანებით ისევ დავუბრუნდები ადვოკატობის სფეროს, სასამართლო პროცესზე არ გამიჩნდეს ის განწყობა, რომ მე უკვე წაგებულ მდგომარეობაში ვარ. პროკურორებს მოუწევთ ბრალდების მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჩამოყალიბება. როგორც მოგახსენეთ, მე წარსულის გადასინჯვას ვაპირებ და რა თქმა უნდა, იმას საერთოდ არ დავუშვებ, რომ დღეს უკანონო განაჩენები გამოვიდეს.
საქართველოში ხშირი იყო საკუთრების ხელყოფის ფაქტები. როგორ აპირებთ სამართლებრივად ამ საკითხის მოგვარებას იმ ფონზე, როდესაც ასეთი საქმეების სიუხვის გამო შესაძლოა ზარალის ანაზღაურებამ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს სერიოზული ზიანი მიაყენოს?
- პირველ რიგში უნდა შეფასდეს და დადგინდეს, აქვს თუ არა ადგილი უსამართლობას. თუ ასეთ რამეს ადგილი აქვს, მაშინ უსამართლობა პირველ რიგში ზნეობრივ დონეზე უნდა აღმოიფხვრას, ანუ დეკლარირების დონეზე და ადამიანი რეაბილიტირებული უნდა იყოს. რასაკვირველია, თუ ტოლობის მარცხენა მხარეს ვდებთ ამ მოცემულობას, ტოლობის მარჯვენა მხარეს უკვე მატერიალური კომპენსაციის საკითხი დგება. ვინაიდან იმ თანხების ოდენობა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციას დაექვემდებარება, ძალიან დიდია, სპეციალური კანონი იქნება შემუშავებული, რომელიც განსაზღვრავს რიგითობას და გარკვეულ პროცენტს, ვთქვათ, ბიუჯეტის რა ნაწილი შეიძლება იყოს ამისთვის გამოყენებული, რათა ისე მოხდეს ამ თანხების ანაზღაურება, რომ ამან ქვეყნის ფინანსური კოლაფსი არ გამოიწვიოს. თუმცა არ შეიძლება იმის გამო, რომ ფინანსური საკითხი მძიმეა, უსამართლობაზე თვალი იქნეს დახუჭული. დღეს ადამიანებს უმეტესწილად აწუხებთ ის, რომ მათი ღირსება შელახულია. ამიტომ ჩვენ მათ ეს ღირსება უნდა აღვუდგინოთ. ადამიანს, რომელსაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი და დამნაშავედ არის ცნობილი, არ უნდა იძინებდეს და არ უნდა იღვიძებდეს იმ მწარე განცდით, რომ იგი უსამართლობის მსხვერპლია.
როდესაც საკუთრების უფლების ხელყოფაზე ვსაუბრობთ, ხშირ შემთხვევაში თქვენ სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ წართმეული საკუთრების მათი კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნება ან რაიმე სახით ანაზღაურება მოგიწევთ. როგორ აპირებთ საზოგადოებას აჩვენოთ, რომ ეს ყველაფერი არის სამართლის აღსრულება და არა პოლიტიკური ანგარიშსწორება (რაზეც ხშირად გვესაუბრება დასავლეთი) და სად გადის ზღვარი ამ ორ ცნებას შორის?
- სად გადის ზღვარი, ამ კითხვაზე პასუხი არის ის, რომ ზღვარი გადის მართლშეგნებაში, ამ შემთხვევაში - პროკურორის მართლშეგნებაში. როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარმადგენდნენ და დავსვი კითხვა, რატომ მაინცდამაინც მე, რადგანაც მე ვარ ჰუმანისტი და ყოველთვის დაცვაზე ორიენტირებული, მიპასუხეს, რომ სწორედ ამიტომ უნდა ვიყო გენერალური პროკურორი. მოტივი ის არის, რომ სანამ მე, ან ჩემი ქვემდგომი პროკურორი ბრალდებას ხელს მოვაწერთ, მანამდე ეს ბრალდება დაცვის ფილტრში გავატაროთ და თუ ეს ფილტრი გაიარა, უკვე მხოლოდ ამის შემდეგ მოვაწეროთ მას ხელი. სწორედ აქ გადის ეს ზღვარი და მე არ დავუშვებ იმას, რომ მტკიცებულების გარეშე, მარტო იმიტომ, რომ ვთქვათ, ვიღაც მაღიზიანებს, ასეთი ადამიანი პასუხისგებაში იყოს მიცემული. მაგალითად, დღეს საზოგადოებაში გავრცელებული აზრია, რომ ახალაიები კრიმინალები არიან. შეიძლება როგორც ამ საზოგადოების წევრს, მეც მქონდეს ასეთი საზოგადოებრივი განწყობა, მაგრამ ჩემთვის, როგორც პროკურორისთვის, ეს არაფერს ნიშნავს. თუ არ იქნა კონკრეტული მტკიცებულება, კანონიერად მოპოვებული და სარწმუნო, ჩემთვის სხვა ყველაფერი არაფერს ნიშნავს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და ამასვე მოვუწოდებ ყველა ქვემდგომ პროკურორს.
თქვენ აპირებთ, რომ გახმაურებულ საქმეებსაც გადახედოთ. შესაძლოა რამდენიმე მათგანის განხილვისას (ალბათ ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გირგვლიანისა და ზურაბ ჟვანიას საქმეები იქნება) ძალიან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთოს. როგორც მოიქცევით ასეთ შემთხვევაში?
- ძალიან მარტივად, ფორმულა ყველასთვის ერთნაირია. დავუშვათ გამოიკვეთა ვინმე იქს პიროვნების როლი, ბუნებრივია, ის უნდა დაიკითხოს. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, მოწმის სახით შეიძლება ნებისმიერი პირი დაიკითხოს და ეს ასეც მოხდება. თუ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით გამოიკვეთა თანამდებობის პირის (მოქმედის, თუ ყოფილის) პასუხისმგებლობა, ის პასუხისგებაში მიეცემა და ამას შესაბამისი მოქმედება მოჰყვება, რაც კანონით არის განსაზღვრული. ნებისმიერ პირზე ასე ვიმუშავებთ.
მაშინ უფრო კონკრეტულად გკითხავთ, თუკი ქვეყნის პირველი პირის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა, ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევით?
- თუ მტკიცებულებები ამის საფუძველს იძლევა, გეტყვით, რა ხდება. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ხელშეუვალია, მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის განხორციელება აკრძალულია, თუმცა არსებობს იმპიჩმენტის პროცედურა. ამისთვის მოხდება პარლამენტისთვის მიმართვა. თუ არ ვცდები პარლამენტის ერთი მესამედის მიმართვა არის საჭირო, რათა ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგეს. შემდეგ უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს, არის თუ არა დანაშაულის ნიშნები, დადებითი პასუხის შემთხვევაში, საკითხი ისევ პარლამენტში დაბრუნდება და შესაბამისი ქვორუმით მიეცემა მსვლელობა. ეს არის ზოგადი მექანიზმი, მაგრამ ჩემი, ამ შემთხვევაში პროკურატურის როლი დასრულდება მაშინ, როდესაც პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები იკვეთება და საქმე შესაბამისი რეაგირებისთვის პარლამენტს გადაეგზავნება.
თუ ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილი პროცედურა გავლილია და იმპიჩმენტი განხორციელდა, შემდეგ უკვე საქმე ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, თქვენ მეკითხებით პრეზიდენტის თაობაზე, მაგრამ რომ მკითხოთ, ივანიშვილმა რომ ჩაიდინოს დანაშაული, მივცემ თუ არა პასუხისგებაში, გიპასუხებთ - რა თქმა უნდა.
ანუ თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში ხელშეუხებელი პიროვნებები აღარ იარსებებენ?
- მე ამ განწყობით მივდივარ პროკურატურაში, რომ აღარ იარსებონ. არ მინდა, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებით მოყვანილი მაგალითი, რაღაც პოლიტიკური ქვეტექსტებით იყოს დატვირთული. ამიტომ იგივეს ვიტყვი ჩვენს მომავალ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე და იგივეს ვიტყვი აბსოლუტურად ყველაზე, რადგან ეს არ არის პოლიტიკური განცხადება. ეს უბრალოდ სამართალმცოდნის, თუ პროკურორის პოზიციაა.“