ამბოხის ორგანიზებაში ბრალდებული ხუთი კატალონიელი პოლიტიკოსი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ესპანეთის ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო.
BBC-ის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანეთის პარლამენტში დაპატიმრებული დეპუტატები იმყოფებიან. 28 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგად ჟოზეპ რული, ორიოლ ჟუნკერასი, ჟორდი სანჩესი და ჟორდი ტურული პარლამენტის ქვედა პალატაში, რაულ რომევა კი სენატში მოხვდა.
არჩევნებში პირველ ადგილზე მოქმედი პრემიერმინისტრის პედრო სანჩესის „სოციალისტური პარტია“ გავიდა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო რაოდენობის მანდატები არც ერთ პარტიას არ მიუღია.
კონსერვატიულ „სახალხო პარტიას“ და ცენტრისტულ-მემარჯვენე „მოქალაქეებს“ კატალონიელი პოლიტიკოსების პარლამენტიდან გარიცხვა სურთ.
ესპანეთის ხელისუფლებამ 2017 წლის ნოემბერში კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმი გახდა.
სისხლის სამართლის დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო. კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა და მისმა ოთხმა მომხრემ ბელგიაში გაქცევა მოახერხა. 25 მარტს ის გერმანიაში დააკავეს, მოგვიანებით კი, გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.