დავით ონოფრიშვილი: გადასახადების შემცირება არ მოხდება

დავით ონოფრიშვილი: გადასახადების შემცირება არ მოხდება

როგორი იქნება 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, როგორ გეგმავს „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას და რა რესურსით შეძლებს ბიუჯეტში საჭირო თანხის მობილიზებას, ამ საკითხზე „ნეტგაზეთი“ „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს დავით ონოფრიშვილს ესაუბრა:

ყოფილი მთავრობის ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი 2,9 მილიარდი ლარია. ხაზინაში არის 920 მილიონი ლარი, ადგილობრივი თვითმმართველობის ანგარიშებზე 200 მილიონი ლარი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე 320 მილიონი ლარი, სახელმწიფო საწარმოების დეპოზიტებზე 587 მლნ ლარი. ამ ფინანსური მაჩვენებლების საფუძველზე, როგორ შეაფასებთ ქვეყნის ეკონომიკურ და ფისკალურ მდგომარეობას? 

ჩვენ გვაინტერესებს, რა დევს მიმდინარე სახაზინო ანგარიშებზე. დავით ბაქრაძემ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ რომ მოვა ხელისუფლებაში, ვერ გასცემს პენსიებს. ეს იყო სახიფათო და დაუფიქრებელი განცხადება. თუ ბიუჯეტი სრულდება, მაშინ რატომ ვერ უნდა გაიცეს პენსიები? აქედან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ ვიდრე ახალი მთავრობა დაინიშნება, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს სახსრების უმიზნოდ ხარჯვას ისე, რომ შემდგომ „ქართულ ოცნებას“ პრობლემა შეექმნას. ამიტომ მოვითხოვეთ, რომ სამუშაო ჯგუფები შესულიყვნენ სამინისტროებში და ენახეთ, ფინანსური თვალსაზრისით რა ხდება. მიმდინარე სახაზინო ანგარიშზე არსებული 900 მილიონი არ არის ბევრი. აქედან 500 მილიონი სოციალურ პროექტებზე დაიხარჯება. ჩვენ ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს და ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს ხარჯებზე და შემოსავლებზე. გვსურს დაგვხვდეს ოპტიმალური მდგომარეობა და მიზანმიმართულად ვინმემ საქმე არ გააფუჭოს. 

2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში აქცენტი საგადასახადო შემოსავლებზე კეთდება. უნდა მოხდეს 6 მილიარდ 800 მილიონი ლარის მობილიზება. რამდენად რეალურია ამ თანხის ამოღება, აქვს თუ არა ეს რესურსი ბიზნესს?

6 მილიარდ 800 მილიონი არის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ამ თანხის მობილიზება შესაძლებელია. ეს არის ნაწილი საშემოსავლო გადასახადი, ნაწილი - მოგების გადასახადი, ყველაზე დიდი ნაწილი კი - დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელიც ამ ციფრის თითქმის ნახევარია. ეს შესრულებადია იმიტომ, რომ ეკონომიკა 6 პროცენტით იზრდება. ინფლაცია იქნება 5 პროცენტის ფარგლებში. ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების გამოტანამდე, მთავრობა კონსულტაციას გადის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მათი დახმარებით ხდება საბოლოო ციფრზე გასვლა, ამიტომ ეს ციფრები პრინციპში მისაღებია და რეალური.

ე.ი „ქართული ოცნება“ 2013 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს აღარ შეცვლის? 

პარლამენტი შეიკრიბება 20 ოქტომბრის შემდეგ. შესაბამისად, მთავრობაც ამის შემდეგ დამტკიცდება. როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება და მთავრობა შეიქმნება, მაშინ ბიუჯეტი მიუბრუნდება მთავრობას. შემოტანილი ბიუჯეტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მთავრობის ისეთივე ტიპის ბიუჯეტი, რომელიც მას ბოლო წლების განმავლობაში შემოჰქონდა. ამ ბიუჯეტის დახასიათება შესაძლებელია, როგორც გაუმჭვირვალე, არამიზნობრივი. მილიარდზე მეტია სხვა ხარჯები, არავინ არ იცის პარლამენტში - რაში იხარჯება. არავინ იცოდა, როცა ბიუჯეტი შევიდა პარლამენტში, ვინ მოიგებდა არჩევნებს, თუმცა ბიუჯეტში მმართველი პარტიის შეპირებული 4 მილიარდიდან, წელიწადში საშუალოდ 1 მილარდი რომ გამოდის, 2013 წლის ბიუჯეტში არის 200 მილიონზე ნაკლები ასიგნებანი. ეს ნიშნავს, რომ ისინი გააგრძელებდნენ მოსახლეობის მოტყუების პოლიტიკას. ახალი მთავრობის პირობებში „ნაციონალების“ ბიუჯეტი დავიწყებას მიეცემა. მთავრობა უკვე გადამუშავებულ ბიუჯეტს წარუდგენს პარლამენტს და ნოემბერში დაიწყება განხილვები. ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე დაეფუძნება კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირებებს. ეს არის პენსიების და სოციალური დახმარებების ზრდა, საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის განხორციელება საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. ასევე, ცხადია სოფლის მეურნეობის და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, ამის განხორციელება დაიწყება 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით.

ბიზნესი ახალი მთავრობისგან ელოდება გადასახადების შემცირებას, მოგების გადასახადის გაუქმებას და ფინანსურ ამნისტიას, რამდენად არის შესაძლებელი ამის გაკეთება მაშინ, როცა საგადასახადო შემოსავლების მობილიზების გეგმა საკმაოდ მაღალია? 

გადასახადების შემცირება არ მოხდება. ჩვენი პოლიტიკა იქნება ბიზნესის გათავისუფლება იმ წნეხისგან და ტერორისგან, რასაც ახორციელებდა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესების მიმართ. მთავრობა არაადეკვატური ჯარიმებით ანადგურებდა ბიზნესებს და მხოლოდ თავისი მეგობრების და ახლობლების კომპანიები იყვნენ წარმატებულნი. ეს უნდა დამთავრდეს, ჩვენ შემოვიღებთ ანტიმონოპოლურ კანონმდებლობას და რეალურად ბიზნესი გახდება თავისუფალი, კონკურენტული გარემო იქნება ჩამოყალიბებული. ბიზნესს ახალ პირობებში შეიძლება ჰქონდეს ბევრად უკეთესი შემოსავლები, ვიდრე დაგეგმილია. ეს ყველაფერი იქნება დათვლილი და როცა შემოვა განსახილველად ბიუჯეტი პარლამენტში, დეტალებზე შემდეგ ვისაუბროთ.

ე.ი. გადასახადებს არ გადახედავთ?

საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველა გადასახადი არის დაბალი. ამ დაბალი გადასახადების პოლიტიკით შემოდის შემოსავლები ბიუჯეტში. არ განვიხილავთ გადასახადების ცვლილებას მომავალი წლისთვის, არც გაზრდის და არც შემცირების თვალსაზრისით. არანაირი ცვლილება საგადასახადო განაკვეთებში არ განხორციელდება. ფინანსური ამნისტია ჯერჯერობით არ იგეგმება. 

„ქართული ოცნება“ გეგმავს პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდას და მოსახლეობის დაზღვევას, ეს რა რესურსით მოხდება? 

რესურსები იქნება ბიუჯეტში ყველას დაზღვევისათვის, მაგრამ აქ დეტალურად სანახავია, რამდენად აქვს სადაზღვევო ბაზარს უნარი აითვისოს და თავისი ობიექტებით მოემსახუროს იმ სერვისებით, რაც იქნება ჩადებული სადაზღვევო პაკეტში. პირველად ხდება ასე, როცა ყველა უნდა დაეზღვიოს. ეს ადვილი არ იქნება, მთავარია, გადავდგათ პირველი ნაბიჯი. 

„ქართული ოცნების“ პრიორიტეტია სოფლის მეურნეობა. პარტიის პროგრამით გეგმავთ 1 მილიარდიანი ფონდის შექმნას. საიდან მოხდება ფონდში ფულის მობილიზება? 

ამ ფონდში ფული იქნება. თანხა წავა როგორც სბიუჯეტო სახსრებიდან, ისე დონორების და საერთაშორისო ორგანიზაციების. ფონდში ჩაირიცხება კერძო პირების შემონატანი. თანხები მიზანმიმართულად დაიხარჯება ამ სფეროს გაჯანსაღებაზე. 

2013 წლის ბიუჯეტში იქნება თუ არა პრიორიტეტული თავდაცვის და შს სამინიტროს დაფინანსება? ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სექტორი ღირსეულად უნდა დაფინანსდეს. 

ამაზე ვისაუბროთ, როცა შემოვა გადამუშავებული ბიუჯეტი. ორივე მნიშვნელოვანი უწყებაა, როგორც შიდა უსაფრთხოება, ისე - გარე. თავდაცვა უნდა დაფინანასდეს იმ დონეზე, როგორც ქვეყნის უსაფრთხოება ითხოვს, ეს იქნება გათვალისწინებული და ვნახავთ გადამუშავებულ ვარიანტში, რა შესაძლებლობები იქნება მათი დაფინანსების.

როგორ მოხდება რეგიონებისათვის ტრანსფერების გადაცემა მაშინ, როცა თვითმმართველობებს „ნაციონალური მოძრაობა“ განკარგავს. რამდენად სამართლიანი იქნება გადანაწილება და რა პრინციპით მოხდება ეს? 

ამ ეტაპზე ძნელია თქმა. ტრანსფერები რა მოცულობის უნდა იყოს, ამას კანონი განსაზღვრავს. გამოთანაბრებითი ტრანსფერი, მშპ–სთან მიმართებაში პროცენტულად გამოითვლება. თუ კანონი არ შეიცვლება, ეს ამ დონეზე დარჩება და შესაბამისად, არ შეიცვლება რეგიონების დაფინანსების პრინციპი.

აქამდე რეგიონები ცენტრის კეთილგანწყობაზე იყვნენ დამოკიდებულნი. ასე რომ არ მოხდეს ახლაც, რომელიმე გადასახადი თუ დარჩება თვითმმართველობას? 

ეს სისტემა სწორედ სააკაშვილმა შექმნა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არ ვიცი, ორ თვეში რისი მოსწრება შეიძლება, ძნელი სათქმელია. მათ გარკვეული წილი ტრანსფერი ექნებათ, რომ ფუნქციონირება შეძლონ. 

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მისი ბიუჯეტი 2013 წელსაც არის გაზრდილი. ამ მიმართულებით რას აპირებთ, გაგრძელდება პროექტები?

რაც შეეხება ამ უწყებას, ჩატარდება მისი აუდიტი, რა ხარჯებია გაწეული. ძირითადი პროექტები, გზების მშენებლობა გაგრძელდება, დაემატება სოფლების შიდა გზების მშენებლობაც. ინფრასტრუქტურა არის ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების საწინდარი.

წლების განმავლობაში ბიუჯეტის შევსების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წყარო პრივატიზაციიდან შემოსულ თანხები იყო. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადების შემდეგ შეჩერდა რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზაცია. ბიუჯეტის შევსების ამ რესურსს რითი ჩაანაცვლებთ? 

ქაოტურმა და ელიტარული კორუფციის გავლენით განხორციელებულმა პრივატიზაციამ განაპირობა ის, რომ საკმაოდ ბევრი სტრატეგიული ობიექტი დღეს არის იმ ქვეყნის ხელში, ვისათანაც საომარი მდგომარეობა გვაქვს. მთელი ენერგოსექტორი არის რუსეთის და ზოგ შემთხვევაში, ამ ქვეყნის სახელმწიფო კომპანიების ხელში. საპრივატიზაციო ბევრი არაფერი დარჩა. იმ ობიექტებიდან, რაც არ არის სტრატეგიული, მოხდება მათი გაყიდვა. ეს არ იქნება პირდაპირი მიყიდვით, ფასით - 1 ლარად.

ხომ არ აპირებთ უკვე განხორციელებული პრივატიზაციების გადახედვას?

საინვესტიციო პროექტები, რომელიც არ შესრულებულა გადასახედია. ბევრი არ დარჩა გასაყიდი. დარჩა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის „საქართველოს რკინიგზა“. უნდა მოხდეს ამ ობიექტის რეფორმირება. მთავარია, რომ პრივატიზირებული ობიექტები რეალურად მუშაობდნენ და დაასაქმონ ადამიანები. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი და არა - გაყიდვა. არ მოხდება ისეთი პრეცედენტები, რაც ფოთის პორტთან დაკავშირებით მოხდა. მიყიდეს ერთ ჯგუფს, რომელმაც პირობები არ შეასრულა და გადაყიდა პორტი ორმაგ ფასად. ეს არის კლასიკური მაგალითი სააკაშვილის ხელისუფლების კორუფციული სქემების.