ოკუპირებულ აფხაზეთში ორი დღეა ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო და საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. რუსული მედიის ცნობით, რუსი ტურისტები მოსალოდნელი არეულობის შიშით აფხაზეთს სწრაფი ტემპით ტოვებენ. დე ფაქტო ხელისუფლება კი ოპოზიციას აფრთხილებს, რომ თუკი ავტომაგისტრალებს ისევ გადაკეტავენ და სოხუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეაფერხებენ, მკაცრად დაისჯებიან.
საყოველთაო დაუმორჩილებლობა და უვადო აქცია მას შედეგ გამოცხადდა, რაც დე ფაქტო პარლამენტმა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 21 ივლისიდან 23 ნოემბრამდე გადადებულიყო, უარი თქვა.
ამჯერად მომიტინგეები არჩევნების გადადებასთან ერთად დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, აქციებს და დაუმორჩილებლობას არ შეწყვეტენ.
ე.წ. პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები ორშაბათს დილიდან შეიკრიბნენ და დე ფაქტო დეპუტატებს მოსთხოვეს ე.წ. არჩევნები შემოდგომაზე გადაეტანათ. ოპოზიციის არგუმენტია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის „საპრეზიდენტო“ კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლეს, რადგან მას გამარჯვების რეალური შანსი აქვს და სწორედ ამიტომაც „არჩევნები“ მის გამოჯანმრთელებამდე უნდა გადაიდოს.
ორშაბათს დიდი მსჯელობის შემდეგ „პარლამენტმა“ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ ოპოზიციის მოთხოვნას არ გაიზიარებდნენ და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მაინც 21 ივლისს გაიმართებოდა.
ამის შემდეგ ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ უვადო, საყოველთაო დაუმორჩილებლობას იწყებენ.
„ვაცხადებთ უვადო საყოველთაო დაუმორჩილებლობას. აქ ვიდგებით, სანამ აფხაზეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხთან არ გამოვა,“ - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ პრეზიდიუმის წევრმა ვიქტორ ტვანბამ.
აქციის მონაწილეებმა ორშაბათს ღამით გადაკეტეს ორი მთავარი ავტომაგისტრალი, ერთი - რუსეთისკენ მიმავალი, მეორე - ენგურის ხიდისკენ. დილით გზები გახსნეს და გამოაცხადეს, რომ ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო და მალე ასეთი მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის სხვა აქციებიც იქნება მთელ აფხაზეთის მასშტაბით. ასევე სამშაბათს სოხუმში რამდენიმე საათით გაჩერდა მოძრაობაც გზების გადაკეტვის გამო.
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადების გამო, განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო გენპროკურატურამაც. ის მოქალაქეებს „კონსტიტუციის“ დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ აქციების უკანონოდ ჩატარება და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები კანონით ისჯება.
ასევე დე ფაქტო შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ავტომაგისტრალების გადაკეტვა კანონის დარღვევა და ოპოზიცია გააფრთხილა, თუ აქციებისას კანონს ისევ დაარღვევენ, ეს მკაცრად აღიკვეთება.
ე.წ. შს სამინისტროს განცხადებითვე, საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის ქმედებები პოლიტიკური შანტაჟის ზღვარზეა და მიზნად ისახავს მცდარი, ან არასრული ინფორმაციით მოქალაქეთა განწყობებით მანიპულირებას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს რესპუბლიკაში ნეგატიური სიტუაციის პროვოცირება.
საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გამოეხმაურა რუსული მედიაც, რომელიც წერს, რომ ოპოზიციური პროტესტის გამო ტურისტები აფხაზეთს ტოვებენ, ხოლო მათ, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები და სასტუმროები, ჯავშანს აუქმებენ.
განცხადება გააკეთა აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის კავშირის პრეზიდენტმაც. მისი თქმით, ოპოზიციის პროტესტის შედეგად, ტურიზმი მილიონნახევარი რუბლით დაზარალდა, რადგან ოპოზიციის მიერ გზის გადაკეტვის გამო 20 ავტობუსი უკან რუსეთში გაბრუნდა.
„ტურისტები, რომლებიც აფხაზეთში ჩამოდიან, ტოვებენ ფულს, როდესაც ჩვენ ბაზრებში პროდუქტებს და საქონელს ყიდულობენ,“ - განაცხადა ავთანდილ ღვარცკიამ.
ეს ყველაფერი გაერთიანებული აფხაზური ოპოზიციის ლიდერის, დე ფაქტო დეპუტატი ასლან ბჟანიას ავადმყოფობას მოჰყვა. ბჟანია 18 აპრილს მძიმე ტოქსიკური დიაგნოზით მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს. ბჟანიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად 2 მაისს, აფხაზეთის ოპოზიციური ბლოკმა ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატად ის დაასახელა.
16 მაისს ოპოზიციური ბლოკის ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება, რომ მათი ლიდერი მოწამლულია და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობის აღმოჩენა.
ასლან ბჟანიას მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას ადანაშაულებენ და დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ხაჯიმბა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა. ხაჯიმბამ უვადო პროტესტის გამოცხადების გამო ოპოზიცია „ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში“ დაადანაშაულა.