საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო დამნაშავედ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით) და სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული ჰქონდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჩამორთმეული ჰქონდა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის და ექვსი თვის ვადით.
ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში. მას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც განმარტა შემდეგი: „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები – შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. – ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.“
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 იანვარს, 23:00 საათისთვის ქ.თბილისში, კაფე „შარდენში“ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე – თ.მ., შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი – დ.ა., ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი – ო.მ., შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი – ვ.ს., შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი – გ.დ. და მათთან დაახლოებული პირები ა.კ. და თ.მ.
ამავე ბარში, მოგვიანებით მივიდა თ.მ.-სთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი, მეგობარ ლ.ბ.-სთან ერთად. ალექსანდრე გირგვლიანსა და თ.მ.-ს შორის პირად საკითხებზე გაიმართა დაძაბული საუბარი, რა დროსაც ალექსანდრე გირგვლიანმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია თ.მ.-ს სუფრის წევრები.
აღნიშნულის გამო, დ.ა.-ს დავალებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა გ.ა.-მ და მასთან ერთად მყოფმა ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა – ა.ღ.-მ და დ.ქ.-მ, ქუჩაში მყოფი ალექსანდრე გირგვლიანი და ლ.ბ. ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩასვეს და ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიტაცეს, სადაც ალექსანდრე გირგვლიანის გვამი მრავლობითი დაზიანებებით იქნა ნაპოვნი 2006 წლის 28 იანვარს.
ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყებისთანავე, შს მინისტრმა, ი.მ.-მ დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები: გ.ა., ა. ღ., მ.ბ., ა.ა. და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლები; მისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ „შარდენ ბარში“, სადაც ი.მ.-ს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, ალექსანდრე გირგვლიანსა და დ.ა.-ს მაგიდის წევრებს შორის მოხდა ინციდენტი, რაც გახდა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ანგარიშსწორების მოტივი; დ.ა. წარმოადგენდა ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის ინიციატორს; ამ დანაშაულის აღსრულებაში მონაწილეობდა ოთხზე მეტი პირი და ყველა მათგანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი.
ამის პარალელურად საზოგადოებაში სულ უფრო მძაფრდებოდა უარყოფითი რეაქცია და აღშფოთება ალექსანდრე გირგვლიანის გატაცების და გარდაცვალების ფაქტის გამო, გაჩნდა ხელისუფლებისგან ამ საქმის გამოძიების, ჭეშმარიტების დადგენისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა.
საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ასევე ინფორმირებული იყო ალექსანდრე გირგვლიანის გატაცებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დ.ა.-ს ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის დანაშაულთან შესაძლო შემხებლობის შესახებ, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულის გარემოებების სრულად გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ი.მ.-ს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალო ჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებებს საშუალება მიეცათ მიკერძოებულად, არაობიექტურად და არასრულყოფილად გამოეკვლიათ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, დაეფარათ დანაშაულის გამომწვევი რეალური მიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, რითაც უზრუნველყოფილი იქნა ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის ფალსიფიკაცია, არაადეკვატური სასჯელის დადგენა და განაჩენის არაჯეროვანი აღსრულება.
კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი ი.მ., რომლისთვისაც იმთავითვე ცნობილი იყო, რომ საქმესთან კავშირი ჰქონდათ მის ხელქვეითებს და შესაძლოა მის მეუღლესაც, ვალდებული იყო უზრუნველეყო ქმედითი ოფიციალური გამოძიება, დამრღვევთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, რისთვისაც გამოძიებაზე პასუხისმგებელი და წარმმართველი პირები დამოუკიდებელი და მიუკერძოებლები უნდა ყოფილიყვნენ.
ნაცვლად იმისა, რომ მიეღო ერთადერთი სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება და აეცილებინა მისი უწყებისთვის ამ საქმის გამოძიება, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით დაუყოვნებლივ გადაეცა პროკურატურისთვის, ი.მ.-მ საქმის გამოძიების გაგრძელება დაავალა მისდამი დაქვემდებარებულ უწყებას, რაშიც აქტიურად იყო ჩართული ალექსანდრე გირგვლიანის გატაცების ორგანიზატორი დ.ა.
გამოძიებაში განზრახ დაშვებული აღნიშნული ხარვეზის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ არ დადგენილიყო საქმის რეალური გარემოებები და დანაშაულის ჩამდენი პირები, 2006 წლის 26 იანვრიდან 5 მარტამდე პერიოდში გამოძიებას აწარმოებდნენ ი.მ.-ს უწყების გამომძიებლები, რომლებიც ინსტიტუციონალურად და იერარქიული სუბორდინაციით დაკავშირებული იყვნენ საქმეში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან და დამოკიდებულნი იყვნენ იმ პირებზე, ვინც პირადი მიზნებით დაინტერესებული იყვნენ საქმის არასათანადო გამოძიების შედეგით. აღნიშნულის გამო არ იყო უზრუნველყოფილი საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება.
თავის მხრივ, დ.ა.-მ, 2006 წლის თებერვალში, შეკრიბა გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამოდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა და არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა თანამდებობის პირები. სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს დაპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და ხანმოკლე ვადაში გათავისუფლდებოდნენ სასჯელისგან, პრეზიდენტის შეწყალებით. გარდა ამისა, თითოეულს დაპირდა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ თანხას და სხვა შეღავათებს, რაც დაკავშირებული იყო სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილიგირებული პირობების შექმნასთან.
აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა განსაზღვრას, გადაწყდა რომ დამნაშავეთა დასჯის მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, დანაშაულში მონაწილე დაბალი რანგის თანამდებობის პირებთან ერთად, პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გ.ა. , ხოლო დ.ა. და დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისაგან.
ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც ასევე შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა საკითხის გადაწყვეტას და მსჯავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე გათავისუფლებას. მიხეილ სააკაშვილმა დ.ა.-ს უთხრა, რომ გირგვლიანის საქმით გამოწვეული საზოგადოებაში