გამარჯვების ოთხი მდგენელი, რომელიც არ ჩანს

გამარჯვების ოთხი მდგენელი, რომელიც არ ჩანს

„სახალხო კრება“ მოქმედებაზე გადადის, თუმცა, მედიისთვის, და სხვათა შორის საზოგადოებისთვისაც, ჯერჯერობით, უცნობია კრების სამოქმედო გეგმა. გაზრდილი მოლოდინების ფონზე, თუ კრება ვერ მოახერხებს, როგორც თავად ამბობენ სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟს, უფრო მაღალია რისკი, რომ საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი კიდევ უფრო გაღრმავდეს.

 

რა მოლოდინები არსებობს 25 ნოემბრის მიმართ, რა გავლენას მოახდენს საგარეო ფაქტორები სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაზე და რა მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო ლისაბონის სამიტიდან ქვეყანამ, ამ თემებზე პრესა.გესთან პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს.

 

ბოლო 2–3 დღის განმავლობაში, პრესის ფურცლებიდან იგრძნობა, რომ გაზრდილი მოლოდინები გაჩნდა, თუმცა რას ეფუძნება ეს მოლოდინები მე ამის სიღრმისეული ინფორმაცია არ მაქვს. აქ არის ბევრი თუ, რომლის გადალახვაც მოუწევს სახალხო კრებას იმისთვის, რომ შედეგამდე მივიდეს. პირველი – მან უნდა შეძლოს იმ ნიჰილიზმის დაძლევა, რაც საზოგადოებაში არსებობს ოპოზიციური პარტიების მოღვაწეობის მიმართ.

 

რა აქტივობები ჩაატარეს და რითი მოახერხეს რეგიონებში ჩასვლით თუ ადგილებზე შეხვერებით ნიჰილიზმის დასაძლევად, მე არ ვიცი. იმის ამბიცია, რომ ქუჩაში 50–100 ათასი ადამიანი გამოიყვანო, სჭირდება დიდი მუშაობა, რადგან დღეს ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ოპოზიციის შედეგიანობის სჯერა. თუ საზოგადოება შედეგზე არაა ორიენტირებული, ის ქუჩაში არ გამოვა.

 

როცა ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, ალბათ, ნინო ბურჯანაძე იგულისხმება, რადგან თავად კრება ხაზს უსვამს, რომ იდეა საზოგადოებიდან მოდის?

– აქ მხოლოდ ბურჯანაძე არ იგულისხმება, რადგან ფასადზე სხვა ფიგურები ჩანან.

 

ალბათ, ფორუმს გულისხმობთ?

– ფორუმს, ასეა თუ ისე, დღესდღეობით, სხვაზე მეტი რეიტინგი აქვს, მაგრამ მე ზოგადად ვამბობ, ტელევიზიების არცერთი საშუალებით არ ჩანდა იმ ტიპის აქტივობები, რომელიც მოგვცემდა იმ ტიპის გარანტიას, რომ 25–ში დიდი რაოდენობით ხალხი გამოვიდეს. თუმცა, შესაძლოა, მათ რეგიონებში რაღაც შეხვედრები ჩაატარეს, რაც ასე გაპიარებული არ იყო.

 

მეორე, რამაც შესაძლოა, შედეგზე გავლენა მოახდინოს არის დიდი ფინანსები. როგორც წესი, მსგავსი აქციების აგორების ბირთვი ყოველთვის ფინანსებთან არის დაკავშირებული. ანუ, მეორე ფაქტორი არის ფინანსები, მაგრამ მე არ ვიცი აქვთ თუ არა მათ ფინანსები. დღეს ალტერნატიული ფინანსების შემოსვლა ქვეყანაში ძალიან გართულებლია. ადგილობრივი ბიზნესი, რომ ოპოზიციას ვერ აფინანსებს – ცნობილია.

 

კიდევ ერთი, გამარჯვებისთვის აუცილებელი მდგენელი არის სტრატეგია და ტაქტიკა. ახლახანს ვკითხულობდი ნანა კაკაბაძის ინტერვიუს. ჟურნალისტის კითხვაზე –„გამარჯვება ან სიკვდილი“, ასე აყენებს სახალხო კრება საკითხს... ნანა პასუხობს, „ვაი, რომ არც გამარჯვებისკენ მიდიან და არც სიკვდილისკენ. ზუსტად იგივე შეცდომებს უშვებენ, რასაც აქამდე უშვებდნენ – არ აქვთ სტრატეგია, არ აქვთ ტაქტიკა“.

 

ნანა ყოველთვის ინფორმირებული იყო ამ თვალსაზრისით და რახან ის ამას ამბობს, ე.ი. მას ამის საფუძველი აქვს. ასე რომ, თუ სტრატეგია არ არის, მაშინ არ ვიცი რა შედეგზე შეიძლება იყვნენ ორიენტირებულები. თუ ისინი სტრატეგიად იმას მიიჩნევენ, რომ დიდი რაოდენობით ხალხი ამა თუ იმ ფორმით გამოიყვანეს და ისინი ძალისმიერი მეთოდებისკენ წააქეზეს, ეს სტრატეგია არ არის. რომელიღაც შენობაში შევარდნით და გამოვარდნით,ეს ხელისუფლება არსად არ წავა.

 

სახალხო კრების ორგანიზატორები ხაზს უსვემენ, რომ არ იქნება ძალადობისკენ მოწოდებები და არც შენობებში შევარდნას აპირებს ვინმე. თუმცა, თუ სახალხო კრებას არც ფინანსები აქვს, არც საზოგადოების ნდობა და არც სტრატეგია, მაშინ, რა შეიძლება არსენალში ისეთი აღმოაჩნდეთ, რაც აქციას შედეგიანს გახდის?

– ვერ გეტყვით, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მე ლოგიკურად ვმსჯელობ და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობიდან თუ არცერთი არ გააჩნია სახალხო კრებას, არ ვიცი, რაზე შიძლება ისინი ორიენტირებულები იყვნენ. თუნდაც ის, რომ ძალადობრივ აქციებზე იყოს აქცენტი გაკეთებული, ესეც არ არის გონივრული, რადგან საზოგადოება ამისთვის არ არის მზად. დღეს საზოგადოება მაქსიმალურად დაშინებულია და თუ ამაზეა გათვლა, კიდევ უარესი. ასე მოულოდნელად ხელისუფლება გადააგდო და შენ სრულიად მოუმზადებელი იყო ძალაუფლების ხელში ასაღებად, ეს მეორე უბედურებასთან მიგვიყვანს.

 

საერთოდ, რამდენად სერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ ამ ეტაპზე, ამ ოპოზიციის მხრიდან, შესაძლებელია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა?

– გამორიცხულია, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ლისაბონში მოხდა. მე არ ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ ობამა სააკაშვილს შეხვდა. მნიშვნელოვანი იყო ის, რაც სააკაშვილმა ამ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს და ნებისმიერ საკითხზე დაელაპარაკება. ანუ, ის მთავარი ფაქტორი, რაც მიუღებელს ხდიდა სააკაშვილს დასავლეთის თვალში – მისი ექსცენტრულობა, მისი გაუთვლელობა და რუსეთთან დაპირისპირება, ეს მოიხსნა და საგარეო ფაქტორში ის უკვე მისაღებ ფიგურად იქცა.

მაგრამ სააკაშვილის ეს დაპირებები და განცხადებები იძულებითი ნაბიჯი არ იყო?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შეხვედრის მთავარი შედეგი და მოლაპარაკების მთავარი თემა ის იყო, რომ საქართველომ რეალურად უნდა მიღოს ის, რაც მსოფლიო პოლიტიკაში ხდება. ანუ, დღეს რუსეთი ევროპისთვის და ამერიკისთვის განიხილება, როგორც პარტნიორი, რა თქმა უნდა, მათი მხრიდანაც, ეს იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ რეალობა ასეთია და არავის აწყობს საქართველო ამ პარტნიორობაში სოლივით იყოს ჩარჭობილი.

 

ანუ მიშა, როგორც დესტაბილიზატორი, დასავლეთისთვის, როგორც ფაქტორი მოიხსნა და დასავლეთს მიშას წინააღმდეგ საპრეტენზიო არაფერი ექნება. სააკაშვილის არადემოკრატიულობას დიდად არავინ დაგიდევს, რადგან ამერიკისთვის დემოკრატია ისეთივე იდეოლოგიაა, როგორც საბჭოთა კავშირის დროს კომუნიზმი იყო. აქამდე, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ საქართველო მთლიანად ამოვარდნილი იყო საერთაშორისო კონტექსტიდან, რაც უკვე მოგვარებულია.

 

გარდა იმისა, რომ სააკაშვილი მედვედევთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს, ის მიესალმება პარტნიორულ ურთიერთობას ევროპასა და რუსეთს შორის, რადგან ეს ურთიერთობები, შორეულ პერსპექტივაში, შეიძლება მომგებიანი იყოს საქართველოსთვის. ანუ, სააკაშვილი ლაპარაკობდა იმ ფრაზებით, რა ფრაზებით ლაპარაკობს ევროპული ქვეყნების ნებისმიერი ლიდერი.

 

ერთია რას ლაპარაკობს სააკაშვილი და მეორე – რას მოიმოქმედებს. თავის დროზე, სააკაშვილს აფრთხილებდნენ, რომ არ წამოგებულიყო რუსეთის პროვოკაციაზე, მაგრამ წამოეგო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღეს, როცა რუსეთის საქართველოსთან დაპირისპირებაში ყოფნა მომგებიანიც კია, სად არის გარანტია, რომ რუსეთი ისევ არ შეეცდება სააკაშვილის პროვოცირებას, ხოლო ექსცენტრული სააკაშვილი ისევ იგივე შეცდომას არ დაუშვებს?

– დღეს სრულიად სხვა რეალობაა, ის გეოპოლიტიკური პოსტულატები, რაც იყო 2008 წლის ომამდე, ამ ეტაპზე დავიწყებას მიეცა და სრულიად სხვა გეოპოლიტიკური ინტერესები წამოვიდა წინა პლანზე. ამაზე ეკონომიკურმა კრიზისმაც მოახდინა გავლენა და ცალკე ევროპას და ცალკე ამერიკას აღარ აქვს ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ მტრულ რეჟიმში შეინარჩუნოს ურთიერთობა რუსეთთან. ამიტომ, ამერიკა და ევროპა იძულებულები არიან რუსეთთან პარტნიორულ რეჟიმში გააგრძელონ ურთიერთობა, მაგრამ სადამდე გაგრძელდება ეს, ძნელი სათქმელია. მანამდე კი, ისინი არავის მისცემენ უფლებას მათი რუსეთთან ურთიერთობას საფრთხე შეუქმნას. ეს ყველაფერი  კი პირდაპირ არის მიბმული საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე, ქვეყნის შიგნით კი დესტაბილიზაცია არავის აწყობს.

 

რეალურად სააკაშვილი ლისაბონის სამიტზე მხოლოდ პირობის დასადებად  იყო მიწვეული?

– რა თქმა უნდა, მაგრამ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა, სარკოზიმ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი მანამდე იქნება ღია, სანამ საქართველოს საზღვრები არ იქნება დადგენილი. ანუ, სამიტზე მნიშვნელოვანი იყო სააკაშვილის ორი გამოსვლა  – მედვედევთან შეხვედრა და, რომ ის გადატვირთვის პოლიტიკას მხარს უჭერს. მესამე კი, სარკოზის ფრაზა იყო: რომ ნატოს არ სჭირდება საქართველოსგან პრობლემების ექსპორტი.

 

ეს რას ნიშნავს, აფხაზეთს და ოსეთს უნდა დავემშვიდობოთ?

– მე ასე გავიგე, თუმცა რუსეთის პრესა აჭრელებულია, რომ ნატოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზეო. როგორც ჩანს, ან დავემშვიდობებით აფხაზეთსა და ოსეთს, ან შეიძლება სამხრეთ ოსეთი არა, მაგრამ აფხაზეთი წაიღონ.

 

გამორიცხავთ, რომ კონფედერაციის საკითხი გააქტიურდეს?

– პირადად მე, კონფედერაციის წინააღმდეგი ვარ ერთი ფაქტორის გამო, კონფედერაცია არის რუსეთზე საქართველოს მიბმა. კონფედერაციამ ვერსად ვერ იმუშავა, ეს იმდენად უცხო და მყიფე ფორმაა, რომ საქართველოში აფხაზეთის და ოსეთის კონფედერაციის სახით ყოფნა, რუსეთს მუდმივად მისცემს ამ კონფედერაციის დაშლის საშუალებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივად ექნება სერიოზული ბერკეტი საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ კონფედერაციის თემას, შესაძლოა, ის რეალობა სჯობდეს, რაც დღეს არის.

 

სხვათა შორის, ლისაბონის სამიტის შემდეგ, საინტერესო თემები ისმის ფინეთიზაციის მოდელთან დაკავშირებით, ანუ, საქართველომ დაივიწყოს ეს ტერიტორიები და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა, როგორც რუსეთთან, ისე დანარჩენ სამყაროსთან. ამ ყოველივედან გამომდინარე, შიდა პოლიტიკას თუ დავუბრუნდებით, არავის არ აწყობს არსებული სტატუს–კვოს  შეცვლა საქართველოში. ამიტომ, საგარეო მხარდამჭერ ფაქტორებსაც ვერ ვხედავ იმისთვის, რომ 25 ნოემბრის აქციებს ჰქონდეს სერიოზული მხარდაჭერა.

 

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე არ ვარ ინფორმირებული და შეიძლება რაღაც ისეთი ხდება, რის შესახებ არავინ ვართ ინფორმირებული. მაგრამ, ისე როგორ მოხდა, რომ ზედაპირზე არაფერი ამოსულა და  ამის შესახებ არავის არაფერი გაუგია?

 

ამ ეტაპზე, სააკაშვილის სააგარეო მხარდაჭერა იმას ნიშნავს, რომ 2013 წლის შემდეგაც მოგვევლინოს ხელისუფლებაში ამა თუ იმ ფორმით?

– სააკაშვილს დღეს არც ჰყავს რეალური ალტერნატივა დასავლეთის თვალში. თუ სააკაშვილი დამჯერი ბიჭის როლში გამოვა და მყარად შეასრულებს, რაც თქვა, რატომაც არა? დღეს რომელიმე ოპოზიციურ ძალას აქვს იმის რესურსი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შეინარჩუნოს ხელისუფლება? მთავარი მოსვლა კი არა, ხელისუფლები შენარჩუნებაა.

 

რუსეთსაც აქვს იმის რესურსი და ამერიკასაც ხომ აქვს და აქვს, რომ ერთ კვირაში დაგეგმოს და მოაწყოს საქართველოში გადატრიალება. მაგრამ, მოყვანილს ექნება კი რესურსი, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება? ეს არის აქ არსებითი, ისინი ასეთ პოტენციალს ვერ ხედავენ ვერცერთ ლიდერში და ამიტომ არ მიდიან ცვლილებებზე.

 

პრინციპში, ამას თუ ქვეყნის მართვა ჰქვია, ალბათ, ასე მართვა სხავასაც შეუძლია, მაგრამ როცა დასავლეთი საარჩევნო გარემოს ცვლილებებისთვის ოპოზიციას ფინანსურად და მორალურად მხარს უჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციური ძალების გაძლიერებას ხელს უწყობს?

– რა თქმა უნდა, ის ალტერნატივებს წაახალისებს, მაგრამ მთავარია, დასავლეთმა ნახოს, რომ რომელიმე ძალას ქვეყნის შიგნით დასაყრდენი აქვს, რის შემდეგაც მას ანგარიშსაც გაუწევს და დააფინასებს კიდეც. ზოგადად, დასავლეთისთვისაც და ჩვენთვისაც კარგია, თუ გადატრიალების პრაქტიკას წერტილი დაესმევა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჩავჯდებით. ამის წახალისებას დასავლეთი ახდენს და ამიტომაა, რომ იგივე თარგამაძე და ალასანია ასე ხშირად არიან ამერიკის სტუმრები და ცდილობენ ამერიკული მხარე იმითი დააინტერესონ, რომ ისინი არ არიან რადიკალები – ისინი არიან ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას არჩევნების გზით ცდილობენ.

 

„ფორუმი“ და იგივე, „ეროვნული საბჭო“ როდესაც „რვიანის“ მოლაპარაკებებშიც ერთვებიან და ამავდროულად, „სახალხო კრებას“ უცხადებენ მხარდაჭერას, ეს რაზე მეტყველებს?

– ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არც ერთი მხარის სჯერათ და არც – მეორესი. ის 8 პარტია თავის პოლიტიკურ მომავალს ხედავს ხელისუფლების ფრთის ქვეშ. ე.წ. რადიკალები კი – პირიქით. იმ 8 პარტიიდან ნაწილი მაინც, როგორც ჩანს, თვლის, რომ მან დამოუკიდებლად არსებობის რესურსი ამოწურა და ურჩევნია ხელისუფლების ფრთის ქვეშ იმოქმედოს. ოპოზიციის მეორე ნაწილის პოზიცია კი იმას ნიშნავს, რომ თუ რადიკალიზმი არ გამოვა, შესაძლოა, კონსტრუქტივიზმი გამოვიდეს. დაახლოებით ასე შეიძლებოდა მათი პოზიციის ფორმულირება, ისე კი, ცოტა უფრო მკვეთრადაც შეიძლებოდა მათი ნაბიჯების შეფასება.

 

როცა, ოპოზიციას  ცალ–ცალკე არაფრის შეცვლა არ შეუძლია, რატომ არ გაერთიანდნენ ერთი იდეის გარშემო, რომ ერთად შეეტიათ ხელისუფლებისთვის, თუნდაც არჩევნების გზით და რატომ აირჩიეს რადიკალური გზა, რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა არ აქვს? აქ ის პრობლემა ხომ არ იყო, რომ ერთიანობის შემთხვევაში ადგილებს ვერ გაიყოფდნენ, ანუ, ოპოზიციისთვის მომავალ ხელისუფლებაში ადგილების გადანაწილება უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ის, რომ სააკაშვილი და „ნაციონალები“ მართავენ ქვეყანას?

– მეც ნაკლებად მჯერა, რომ მოლაპარაკებებს შედეგი მოყვება და ალბათ, ეს იყო ნაწილისთვის მიზეზი, რომ რადიკალური გზით წასულიყვნენ. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნები რთული თემაა, რამდენი პარტია უნდა გაერთიანდეს? გამოვა, რომ თითო პარტიიდან თითო წევრი უნდა შევიდეს პარლამენტში და მე მესმის მათი ამბიციები. რეალურად, ისინი კი ამბობენ, რომ მიზანი არის სააკაშვილის ხელისუფლების გადაგდება, მაგრამ მათთვის მიზანს ორი მხარე აქვს – ერთ მხარეს არის სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟი და მეორე მხარეს – საკუთრივ მათი პარტიის მომავალი ხელისუფლებაში. როცა ისინი ამის გარანტიებს ვერ ხედავენ, ამიტომ, კომპრომისებზეც არ მიდიან.

 

მარტივად რომ ვთქვათ, მათი ლოგია ასეთია: „თუ მიშა წავა და მოვალ მე, ასეთ შემთხვევაში, მაწყობს, მაგრამ თუ მე ვერ მოვალ და სხვა მოვა, მე რატომ მოვიკლა თავი, რატომ წავდე კომპრომისზე და რატომ დავჯდე მოლაპარაკებათა მაგიდაზე“. ოპოზიციის უმეტესობას სახელმწიფოებრივი აზროვნებაც არ აქვს, ისინი ამოდიან პიროვნული ინტერესებიდან და ამიტომაც, ამ მარტივი ფორმულით საუბრობენ საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე.

 

ქვეყანაში საკმაოდ დამძიმებულია სოციალურ–ეკონომიკური ფონი, ბევრი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი სოციალურ ბუნტზე საუბრობს – ხაზინა არის ცარიელი, მომავალი წლის ბიუჯეტი საპნის ბუშტივით გაბერილი, საერთაშორისო დახმარებები პრაქტიკულად ამოიწურა, მსხვილ ბიზნესზე რომ არაფერი ვთქვათ, ტერორი უკვე წვრილ ბიზნესზე დაიწყო, 1 მლრდ–ს საპროცესო შეთანხმებებისგან ელოდებიან და ა.შ. რამდენად შესაძლებელია, რომ სოციალურმა ბუნტმა გადაწონოს პოლიტიკური პროცესები და ვითარება აბსოლუტურად შეიცვალოს ქვეყანაში? თუ საზოგადოებაში შიშს იმდენად ღრმად აქვს გადგმული ფესვები, რომ ამასაც ავიტანთ?

– რა თქმა უნდა, სოციალური ფონი კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. 2008–09 წლებთან შედარებით, უცხოური დახმარებები აშკარად შემცირებულია, ბიზნეს სექტორში სერიოზული კრიზისია, თუმცა წინასწარ რამის პროგნოზირება მაინც რთულია. აქ ორი ფაქტორია – ან მოხდება სოციალური ბუნტი, ან დაიწყება რეპრესიები. თუ ხელისუფლებამ დაინახა სოციალური აფეთქების საფრთხე, მაქსიმალურად, დაშინებაზე და რეპრესიებზე წავა, რადგან სხვა გამოსავალი არ ექნება.

 

„ნაციონალებს“ ყოველთვის ჰქონდათ „ოქროს რეზერვი“ – ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ყოველთვის უზრუნველყოფდა მათ გამარჯვებას, ამაში შედიოდნენ დაბალი სოციალური ფენები, ვისზეც ხელისუფლების პიარი მარტივად ჭრიდა. ახალ ისინი შეეხენ ამ „ოქროს რეზერვს“, ანუ, არ დარჩა ხელშეუხებელი ფენა. ადრე, თუ მსხვილი ბიზნესიდან ამოჰქონდათ ჯარიმები ადმინისტრირების წესით, ეს იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ეს „ოქროს რეზერვი“ ჰყოლოდათ კმაყოფილი, პენსიები და ხელფასები დაერიგებინათ.

 

ახლა კი, ამათაც შეეხნენ და ფაქტობრივად, კმაყოფილი სოციალური ფენა არ დარჩა, რაც სოციალური აფეთქების რისკს ზრდის. თუმცა, ამას ხელს უშლის ერთადერთი რამ, შესაბამისი მაორგანიზებელი ძალის არარსებობა. ანუ, ისევ მივდივართ, პოლიტიკურ ვაკუუმამდე, არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ სოციალურ უკმაყოფილებას გამოიყენებდა და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართავდა. თუ ხელისუფლება დაინახავდა, რომ ასეთი ძალა გამოჩნდა, მაშინ ის ნებისმიერ მეთოდს მიმართავს საკუთარი ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

 

თუ მოვლენები ასე განვითარდა, გამოდის, თავი ტყუილად გვეგონა ევროპელები და სინამდვილეში, შუა აზიური მენტალიტეტი და შემგუებლურობა უფრო თვისობრივი ყოფილა ჩვენთვის...

– ძნელი სათქმელია, შესაძლოა, ეს ყველაფერი დაგროვდეს, დაგროვდეს და უცებ აფეთქდეს, ყველაფერი მაინც დამოკიდებლია პოლიტიკურ რესურსზე. უკმაყოფილება, რომ არსებობს და მზარდია, ეს ცხადია, მაგრამ ვინ მოახდენ ამ ყველაფრის ორგანიზებას, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. თუ არა და, სტაგნაციისკენ წავა ყველაფერი.