დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ეს განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკების ინიციატივას გამოთქვამს, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის პრობლემური საკითხები დიალოგის გზით მოაგვაროს. „თუ ისინი დარეკავენ, რა თქმა უნდა მოლაპარაკებებს დავიწყებთ. გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა.
მაისის დასაწყისში აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.
გადაწყვეტილება ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ნაწილიდან გასვლას მოჰყვა. სანქციები ირანის ლითონის მოპოვებას შეეხება, რომელიც ამ ქვეყნისთვის ნავთობის შემდეგ უდიდესი ინდუსტრიაა.
თუმცა ტრამპმა თქვა, რომ ირანის ლიდერთან შეხვედრის და მოლაპარაკებების იმედს იტოვებს.
2018 წელს ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წელს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეჩერებული იყო.
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა. როუჰანის თქმით, აშშ-ის სანქციების განახლებამ ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და მსგავსი მოვლენა 1980-88 წელს ერაყთან ომის დროსაც არ დაფიქსირებულა.