"მამუკა ხაზარაძემ, ზურაბ ადეიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად "ელიტ ელექტრონიქსი" უკანონოდ მიითვისა"

ანზორ ქოქოლაძე "თიბისი ბანკის" განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში მთავრობის ცვლილებით სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი აბსოლიტურად რეალურია.

"სწორედ ეს შიში ამოძრავებს "თიბისი ბანკს" ამ განცხადების გავრცელებისას და მხოლოდ თავდაცვას ემსახურება, რადგან მამუკა ხაზარაძემ, ზურაბ ადეიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად ფინანსური პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებების გამოყენებით, "ელიტ ელექტრონიქსი" უკანონოდ მიითვისა. ახლა კი რეალურად აწუხებს შიში, რადგან ამ უკანონობაში მონაწილე ორივე პირმა საქართველო უკვე დატოვა, ახალი ხელისუფლების ხელში კი სასამართლო იქნება დამოუკიდებელი ხოლო "თიბისი ბანკის" ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება.

ყველასთვის ცნობილია, რომ მე სამართლებრივი დავა არ შემიჩერებია მაშინაც კი, როცა მაქსიმალურად შეზღუდული იყო სიტყვის თავისუფლება, მიდიოდა ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრებზე და თანამშრომლებზე ზეწოლა და რეპრესიები, რასაც ჩემი და ჩემი ოჯახის სამი წევრის დაპატიმრება მოყვა, არც ციხიდან და არც გამოსვლის შემდეგ არ გავჩერებულვარ და ყველა ჩემი მოქმედება იყო საჯარო 2007 წლიდან დღემდე.

დღესაც ვაცხადებ, რომ "ელიტ ელექტრონიქსი" ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ "თიბისი ბანკმა" უკანონოდ დაისაკუთრა და მის დასაბრუნებლად ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებ, რა შიშებიც არ უნდა აწუხებდეს "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობას, საკუთარ იმიჯს კი თავისი საქმიანობით და მოქმედებებით უნდა გაუფრთხილდნენ, რადგან მისი ჩადენა იწვევს იმიჯის შელახვას და არა მისი გასაჯაროება", - აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.