გოგი წულაია:  მაინც ამოვთხრი ამგენს

გოგი წულაია: მაინც ამოვთხრი ამგენს

შუალედური არჩევნების დამთავრებამდე რამდენიმე საათით ადრე "თავისუფალი საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გოგი წულაიამ თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა.

ცესკოს მონაცემებით კი, არჩევნები "ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ მოიგო.

"2020NEWS“-სთან საუბარში გოგი წულაია აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ პოლიტიკიდან არ წავა და "ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს.

- არჩევნების დამთავრებამდე რამდენიმე საათით ადრე თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადეთ, თუმცა მოგვიანებით მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ იჩქარეთ, საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადება?

- მე ვთქვი ასეთი რამ - იმხელა სიყვარული დავინახე ზესტაფონში, რომ ჩემს თავს ზესტაფონის მერად ვთვლი და მათ წინაშე პასუხიმგებელი ვიქნები-მეთქი. თორემ კაბინეტში შევვარდები და ტახტზე დავჯდები-თქო, ნაღდად არ მითქვამს.

- არჩვენებს როგორ შეაფასებდით? ელოდით, რომ "ოცნებისკანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა?

- რა თქმა უნდა, მყარად ვდგავარ დედამიწაზე და ველოდი, რომ "ოცნების“ კანდიდატი ბევრ ხმებს წაიღებდა, მაგრამ პირველ ტურში თუ გაიმარჯვებდა და ასე ყველაფერს გააკეთებდნენ და იკადრებდნენ, ნამდვილად არ ველოდი.

- მიულოცეთ გიორგი გოგლიჩიძეს გამარჯვება?

- ნამდვილად არ მიმილოცია. ვთვლი, რომ მან გაყალბებით, დაშინებით, შანტაჟით და ფულის გადახდით გაიმარჯვა. მეტი რა გითხრათ.

- ფიქრობდით, რომ მეორე ტურში თქვენ და გოგლიჩიძე დაუპირისპირდებოდით ერთმანეთს?

- ორივე პარტია, ოცნებაც და გაერთიანებული ოპოზიციაც, მე მებრძოდა. ყველაფერს აკეთებდნენ რომ დავმარცხებულიყავი. ეს ფაქტია. რეალობას ნამდვილად არ ვარ მოწყვეტილი და არ ვამბობ, რომ მე ვიქნებოდი გამარჯვებული, მაგრამ მეორე ტურს ნამდვილად ველოდი.

- იმედგაცრუებული ჩანხართ ბატონო გოგი...

- 2008 წლის მერე ვარ ოპოზიციაში, მის მერე მე არც ერთი არჩევნები არ მომიგია. ყველა წავაგე. არასდროს ხელი არ ჩამიქნევია და არასდროს გული არ გამიტეხია. დღეს და ხვალ რაღაცნაირად ცუდ ხასიათზე ვიქნები. აბა, რატომ უნდა ვიყო კარგ ხასიათზე, მაგრამ ზეგიდან თავს არ მოვაწყენ, მაინც ამოვთხრი ამგენს.

- რა გეგმები გაქვთ?

- რასაც ვაკეთებდი იმას გავაგრძელებ. ვრჩები პოლიტიკაში და ყველა პრობლემაზე ვიყვირებ. მიტინგებს და აქციებს ჩავატარებ. როგორც ვცხოვრობდი, იმ ცხოვრებას გავაგრძელებ.

 

  

გრიგორი ამგენიც ამოთხარე გოგია და იმგენიც !!!)))
5 წლის უკან