"ტექნოლოგიები, რომელთაც ერთი მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" და მეორე მხრივ "ქართული ოცნება" იყენებს, აგებულია ზიზღზე, ეს ზიზღი გადადის საზოგადოებაშიც და ამ ზიზღით შეპყრობილ ადამიანს იარაღი რომ მისცე, აუცილებლად გაისვრის"
19 მაისს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მწვავე დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში, სადაც მერის თანამდებობისთვის ბრძოლაში "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი შენგელიას "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი, ექსპირველი ლედი სანდრა რულოვსი დაუპირისპირდა. შეიძლება ითქვას, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და აქტივისტების უპრეცედენტო მობილიზება იყო. ხელისუფლებამ პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად რეგიონში დამატებითი საპოლიციო ნაწილები შეიყვანა. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ვითარება პერმანენტულად იძაბებოდა. დააკავეს რამდენიმე ადამიანიც, თუმცა მათი უმეტესობა უკვე გათავისუფლებულია. როგორც ხმის მიცემის პროცესს, ასევე წინასაარჩევნო კამპანიას, ჩვენთან ინტერვიუში ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე აფასებს:
- 19 მაისს საარჩევნო დაპირისპირება მძაფრი გამოვიდა და ამის ეპიცენტრი იყო ზუგდიდი, სადაც ხისტად მიდიოდა საარჩევნო პროცესი.
"ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც ახლა "გაერთიანებული ოპოზიცია" დაირქვა, აშკარად ყველაფერს აკეთებდა პროვოკაციისთვის, თუმცა სამართალდამცავები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და თითქმის ყველა კერა დაპირისპირებისა დროულად ჩააქრეს.
სიმართლე გითხრათ, უკვე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა მართლაც ხერხდება ჩვენი სამართალდამცავი უწყებების დეპოლიტიზაცია.
მართალია ინტერვიუს ჩაწერისას ჯერ ზუსტი შედეგები არ ვიცით, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ისე ჩანს, რომ ჩემი ვარაუდი მართლდება. დარწმუნებული ვიყავი, რომ "ქართული ოცნება" მოიგებდა უმეტესწილად, მათ შორის ზუგდიდშიც. საქმე ისაა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ეს რადიკალური რიტორიკა, აპოკალიფსის შექმნის მცდელობა, მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. ჩემი აზრით, ძალიან არასწორად იყო შერჩეული კანდიდატიც, რომ გაემარჯვა, რა უნდა გაეკეთებინა სანდრა რულოვსს, რა იცის მან რეგიონალური მართვის?! საინტერესოა, რომ მთაწმინდაზე პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში, დიდი ალბათობით, იქნება მეორე ტური, რასაც მივესალმები. აი, რას ნიშნავს სწორად შერჩეული კანდიდატი, შალვა შავგულიძე პატიოსანი და წესიერი ადამიანია, მას ბევრი სცემს პატივს, არ გამიკვირდება საერთოდაც გაიმარჯვოს, თუ მეტი ამომრჩეველი მივა მეორე ტურში საარჩევნო ურნებთან. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. ვნახეთ საგარეჯოს გარდა, ყველა დანარჩენ საარჩევნო ოლქში რა დაბალი აქტივობა იყო. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ხალხი პოლიტიკური პროცესისადმი ძალიან ნიჰილისტურად არის განწყობილი. მათ გულზე არც "ქართული ოცნება" ეხატებათ და მით უფრო არ ეხატებათ "ნაციონალური მოძრაობა".
- "ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ დავიწყებ რევოლუციას და არ იწყება ეს რევოლუცია, უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება... ეს "დათვური სამსახურია", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა, რითაც, ფაქტობრივად, დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 19 მაისის დილას სწორედ რევოლუციისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას...
- ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" კარგა ხანია ცდილობს როგორმე ჩამოიშოროს სააკაშვილი, მათ არც რულოვსის დასახელება უნდოდათ კანდიდატად, მაგრამ მიშას წინააღმდეგ ვერ წავიდნენ, ახლა კი სრულიად საფუძვლიანად შეიძლება სწორედ მას დააბრალონ ეს მარცხი. ისინი კარგად ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაფურცლული ფურცელია... გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებებით უბრალოდ კი არ აზიანებს "ნაციონალური მოძრაობის" იმიჯს, არამედ ყველანაირ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ეს პარტია გამოცხადდეს ექსტრემისტულ ძალად და აიკრძალოს, ჩავიხედოთ კონსტიტუციაში, სააკაშვილი პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას.
ამიტომაც ვფიქრობ, უნდა კარგად დაფიქრდნენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და მნიშვნელოვნად შეცვალონ მოქმედების ტაქტიკა, მათ შორის ნიკა მელიამაც უნდა შეცვალოს ის რადიკალური რიტორიკა, რაც მას ახასიათებს.
მიხეილ სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების სხვა შანსი, გარდა არეულობისა და რევოლუციისა, არა აქვს, ამიტომაც, როგორც შეუძლია, ამის დაანონსებას ცდილობს. მას ნამდვილად ძალიან უნდა, რომ ქვეყანაში ვითარება "აადუღოს", მაგრამ ეს არ უნდა ქართველ საზოგადოებას, მათ შორის - მისი მომხრეების დიდ ნაწილსაც, ამიტომაც მისი ეს განცხადებები მხოლოდ აფრთხობს ადამიანებს.
არეულობის შიშით მოქალაქეები მზად არიან, კვლავ და კვლავ ხმა მისცენ "ქართულ ოცნებას". ამგვარი მუქარით სააკაშვილი მხოლოდ "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.
თუმცა საარჩევნო პროცესი უხარვეზო ნამდვილად არ ყოფილა. კვლავაც პრობლემა იყო სიებით შეიარაღებული ხალხი საარჩევნო უბნებთან, ასევე - ფულის გადაცემის ფაქტები, რაც რამდენიმე ვიდეოჩანაწერში ვნახეთ. ეს აჩენს კითხვებს...
აშკარაა, რომ მმართველი ძალის წარმომადგენლებისგან იყო ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა, თუმცა, ჩემი აზრით, ამას არ ჰქონია არც მასშტაბური და არც სისტემური ხასიათი და უფრო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინიციატივა იყო. ეს ფაქტები აუცილებლად უნდა გამოიძიონ და დამნაშავე დასაჯონ, რათა მომდევნო არჩევნებში ეს პრობლემა უფრო მასშტაბური არ გახდეს. სხვა მხრივ, ვფიქრობ, პროცესი ნორმალურად წარიმართა, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩატარებული არჩევნებისაგან, როდესაც ოპოზიციას არჩევნებს უყალბებდნენ და თან ამაზე ლაპარაკის უფლებასაც არ აძლევდნენ! დღეს ლამის პირდაპირი ეთერებით აჩვენებენ ტელევიზიები დარღვევებს. გაიხსენეთ სააკაშვილის დროინდელი ტელევიზიები - ამას ვინ გაბედავდა?!
- მთაწმინდის ოლქში ხმის მიცემის შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ თავს იკავებდა პოლიტიკური შეფასებებისგან, თუმცა ამჯერად კითხვაზე, რას მისცა ხმა, უპასუხა: "დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. უნდა დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი..."
- ჩემი აზრით, მარგველაშვილი ემზადება პოლიტიკაში დასაბრუნებლად და ახლა პოლიტიკურ სპექტრს, ერთგვარად, ზვერავს. მისი განცხადებაც ამ კონტექსტით წავიკითხე.
ის ამ კომენტარში სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს გულისხმობდა, რაც "ქართული ოცნების" დიდი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების შემდეგ, საქართველოში ყველაზე მეტად არის განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ გვაქვს და ეს აისახება ხელისუფლებაზეც. ამ უპრინციპო გარიგებების მიზეზები მარტო "ქართულ ოცნებაში" არ უნდა ვეძებოთ. ეს ჩვენი მენტალური პრობლემებითაც არის განპირობებული.
- როგორ შეაფასებთ 19 მაისის შუალედური არჩევნების წინ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას? იყო რამე სიახლე პოლიტიკური ძალების საარჩევნო კამპანიაში?
- არაფერი ახალი ამ საარჩევნო პროცესში არ მინახავს. გარდა იმისა, რომ ზუგდიდის მერის არჩევნები გამოცხადდა ლამის აპოკალიფსის დასაწყისად, ზოგიერთმა ძალამ სცადა, ისე წარმოეჩინა საქმე, თითქოს აქ წყდებოდა საქართველოს ბედი, რომ მნიშვნელოვანი არ იყო არც მთაწმინდის, არც მარნეულის და ა.შ. არჩევნები და მხოლოდ სანდრა რულოვსის გამარჯვება-დამარცხება იყო გადამწყვეტი, რაც სრული აბსურდია.
"ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ლამის წელიწადზე მეტი ადგილობრივ მმართველობაში "ნაციონალური მოძრაობა" იყო, მაგრამ ამით რა შეიცვალა?! ერთმა ადამიანმა როგორ შეიძლება შეცვალოს ვითარება?! საზოგადოებას აქვს განვითარების საკუთარი იმანენტური კანონები, რასაც პოლიტიკური პროცესიც ექვემდებარება.
სხვა, რაც წინასაარჩევნოდ ვნახეთ, იყო ისევ ერთმანეთის ლანძღვა-გინება, კუნთების თამაში, ხელის გადაწევა... ვერაფერს ვსწავლობთ, ვუშვებთ იმავე შეცდომებს და ვტრიალებთ ერთ წრეზე. ერთადერთი, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახლა ვხედავთ, რომ ცემა-ტყეპისთვის დამნაშავეებს იჭერენ.
- კარგა ხანია, მესამე ძალის მნიშვნელობაზე ვლაპარაკობთ, თუმცა მისი კონტურებიც კი არსად ჩანს...
- დიდწილად იმიტომ, რომ არ არსებობს ფინანსური რესურსი. იყო მცდელობები, მაგალითად, ვნახეთ "დაიცავი საქართველოს" აქტიურობა, მაგრამ ჯერჯერობით ვერანაირი ნაბიჯი ვერ გადადგეს სწორედ უფულობის გამო. ფინანსური რესურსის გარეშე ახალი ძალის ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მით უფრო, რომ არ ჩანს არც ძლიერი ლიდერი, ვინც ამის ორგანიზებას შეძლებს.
- პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ აქაც არაფერი იცვლება - ბიზნესი კვლავინდებურად აფინანსებს მმართველ ძალას. თუ თავის დროზე ეს "ნაციონალური მოძრაობა" იყო, ახლა "ქართული ოცნებაა". რით არის ეს განპირობებული?
- იმით, რომ ბიზნესი იდეოლოგიის მიხედვით კი არ აფინანსებს რომელიმე ძალას, არამედ ეძებს "კრიშას". ამიტომაც ვინც იქნება ხელისუფლებაში, იმას უნდა დაუთბილოს ფეხი.
ლოგიკა ასეთია - მე შემოგწირე თანხა და ამით უნდა დავიმსახურო შენი კეთილგანწყობა...
გარდა ამისა, სავარაუდოდ, არის იატაკქვეშა ურთიერთობები, გარიგებები, რომელთა წყალობით ეს კომპანიები ფინანსურ სარგებელსაც იღებენ. ხომ გვინახავს კვლევები, რომელთა მიხედვითაც ჩანს, მმართველი პარტიის შემომწირველი ესა თუ ის კომპანია შემდეგ ხშირად როგორ იმარჯვებს ტენდერებში. რას ვიზამთ, საქართველო სამხრეთული ქვეყანაა და ჩვენ კანონგარეშე მოქმედებისკენ გვაქვს მიდრეკილება.
- "ქართულ ოცნებაში" არსებული პრობლემები ახსენეთ... ფაქტია, რომ არსებითი ცვლილებები მმართველ პარტიაში არ ჩანს, არც იმ დაპირებების შესრულებას უჩანს პირი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ უხვად გაიცა...
- სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" მოქმედებაში არსებითად ვერაფერი შეიცვლება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს გარშემო ეყოლება ბრძანებების შემსრულებელი, მორჩილი ხალხი, რომლებიც ხმის ამოუღებლად აკეთებენ იმას, რაც მას მიაჩნია სწორად.
ეს რომ ასეა, გამოჩნდა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გაშვებული გიორგი ქობულიას მაგალითზე. როგორც კი მან რაღაცის დამოუკიდებლად გაკეთება მოინდომა, მაშინვე აიძულეს, წასულიყო, არადა, საინტერესო იდეები ნამდვილად ჰქონდა, განსაკუთრებით - კაპიტალური ბაზრისა და ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით.
მოკლედ, ვიდრე "ქართული ოცნება" არ გახდება თავისუფლად მოაზროვნე ხალხის კოალიცია, სადაც მართლაც დემოკრატიულად, კონსენსუსის გზით მიიღებენ გადაწყვეტილებებს და არა ერთი კაცის ნება-სურვილით, ეს პარტია არ შეიცვლება. მეტიც, იქ მოსული, თავისუფლად მოაზროვნე, ჭკვიანი ადამიანებიც ნელ-ნელა რობოტებად იქცევიან. არ მინდა გვარ-სახელების დასახელება... ვიცით ისედაც... მაგალითად, გვინახავს ქალბატონი, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა მმართველ ძალაში და თავის დროზე ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი, ახალი კი საკუთარ აზრს აღარც გამოთქვამს. თანაც ვიდრე პარლამენტის სპიკერი არ შეიცვლება, შეუძლებელია, ამ პარტიის რეიტინგი გაიზარდოს. არ შეიძლება ქართველი ერის ნების წინააღმდეგ წახვიდე, თან ასეთი სიჯიუტით... ეს განსაკუთრებით მოსამართლეების საკითხს ეხება...
- გიორგი ქობულია ახსენეთ... ის პირველი ადამიანია, ვინც მინისტრობიდან წასვლის შემდეგ არ გაჩუმდა და მეტ-ნაკლებად ნათელი მოჰფინა შექმნილ ვითარებას, მეტიც, მოითხოვა საპარლამენტო ტრიბუნა...
- ქობულია გახლდათ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ს უფროსი პარტნიორი. ის მდიდარი და თავისუფალი ადამიანია... მილიონერი... მას არ სჭირდებოდა მინისტრობა ცოლ-შვილის სარჩენად. როდესაც McKinsey-ს მმართველი პარტნიორი მოდის მთავრობაში, ეს ნიშნავს, რომ ის მოდის ალტრუისტულ-პატრიოტული განზრახვით და რეალურად რაღაცის გაკეთება სურს. ასეთ ადამიანს ხედვას ვერ შეაცვლევინებ, მით უფრო, რომ მან კაპიტალურ ბაზარზე, ნავთობსა და გაზზე, საზოგადოდ, ბუნებრივი წიაღებით სარგებლობაზე ათჯერ მეტი იცის, ვიდრე მთელმა ჩვენმა მთავრობამ. თუმცა, აშკარაა, რომ მის აზრსა და იდეებს არად დაგიდევდნენ. მას არ მისცეს საშუალება, განეხორციელებინა თავისი გეგმები, არადა, მინისტრს უნდა ჰქონდეს საშუალება, დარგს საკუთარი შეხედულებებით უხელმძღვანელოს, თუმცა, რა თქმა უნდა, დარგის განვითარება მთავრობის ქმედებების სინერგიული უნდა იყოს. თუ ასე არ იყო, ეს ქობულიას ბრალი კი არ არის, არამედ იმისი, ვინც ქობულიას მთავრობაში მოყვანა გადაწყვიტა. შეუძლებელია, ამ გადაწყვეტილების წინ მოლაპარაკებები არ გამართულიყო და ქობულიას არ მიეღო გარანტია, რომ მიეცემოდა მოქმედების თავისუფლება, შემდეგ კი მას ამის საშუალება აღარ მისცეს. არ მჯერა, რომ ასეთი კომპანიის წარმომადგენელი მთავრობაში გარანტიების გარეშე მოვიდოდა...
რაც მოხდა, ვფიქრობ, სავალალოა და აჩვენებს, როგორი არასწორია "ქართული ოცნების" მართვის სტილი.
- ასეთი მართვის სტილით, თქვენი აზრით, როდემდე შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას?
- ვიდრე არ გამოჩნდება რეალური მესამე ძალა. როგორც ვთქვი, "ქართულ ოცნებას" ხელს აძლევს ეს ბიპოლარული გარემო. ამიტომაც ამას ყველანაირად უწყობს ხელს. როგორც მოგახსენეთ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას კარგად ახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა და ამიტომაც ამჯობინებენ, ხმა ისევ "ქართულ ოცნებას" მისცენ.
თუ გამოჩნდა ვინმე, ვინც გადაწყვეტს ახალი ძალის დაფინანსებას, მაგალითად, თუნდაც ქობულია, რომელიც, როგორც ჩანს, ფიქრობს პოლიტიკაში მოსვლას, ან სხვა ვინმე, ანაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ საქართველოში ახალი ძალის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი, მაშინ "ქართული ოცნების" დასასრული გარდაუვალი იქნება.
ის ამგვარი პოლიტიკით, ასეთი მართვის სტილით ვეღარ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ამას თვითონაც მშვენივრად ხვდებიან, ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ, რომ ოპოზიციას ყოველგვარი ფინანსური ნაკადი გადაუკეტონ.
- შუალედური არჩევნების წინ ვნახეთ, როგორ დაიძაბა ვითარება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არჩევნები ტარდებოდა, განსაკუთრებით ზუგდიდში, სადაც ფიზიკური დაპირისპირებებიც მოხდა. თუ პოლიტიკურ რუკაზე არაფერი შეიცვალა და 2020 წლის არჩევნებშიც ეს პოლიტიკური სპექტრი იქნება წარმოდგენილი, რომელიც ისევ ამგვარი სტრატეგიითა და ტაქტიკით იმოქმედებს, შეიძლება, საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების მოწმენი გავხდეთ?
- ტექნოლოგიები, რომელთაც ერთი მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" და მეორე მხრივ "ქართული ოცნება" იყენებს, აგებულია ზიზღზე, ეს ზიზღი გადადის საზოგადოებაშიც და ამ ზიზღით შეპყრობილ ადამიანს იარაღი რომ მისცე, აუცილებლად გაისვრის. ეს, ერთი მხრივ, ძალიან სახიფათოა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქმე ის არის, რომ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში ჩართულია მაქსიმუმ 100 000 კაცი, უმრავლესობას კი ეს აღარ აინტერესებს, ამიტომაც, ვფიქრობ, მასშტაბურ დაპირისპირებასა და არეულობამდე საქმე არ მივა. შეხედეთ სოციალურ ქსელებს - ვინმეს აინტერესებს ეს არჩევნები? უფრო მეტს წერენ და ლაპარაკობენ არატრადიციული ორიენტაციის ხალხისა და მათი მოწინააღმდეგეების დემონსტრაციებზე, ვიდრე პოლიტიკურ თემებზე. განსაკუთრებით ახალგაზრდობის 99.9%-ს, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდია, ვინ იქნება ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის მერი თუ მაჟორიტარი დეპუტატი.