ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირე არ არის და ობამა მისი გამარჯვების გამო საყვედურს არ იმსახურებს

ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირე არ არის და ობამა მისი გამარჯვების გამო საყვედურს არ იმსახურებს

ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მე გულდასმით ვადევნებდი თვალს მედიის რეპორტაჟებს Twitter-ისა და სხვა საინფორმაციო საშულებებით, და ვფიქრობ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვი, რომ მიუხედავად მცირე დარღვევებისა, საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც მთლიანობაში იყო თავისუფალი, სამართლიანი და ქართველი ხალხის ნების გამომხატველი. ეს კი, სამწუხაროდ, ყოფილ საბჭოთა კავშირში უკიდურესი იშვიათობაა, ამიტომ კონკრეტული შედეგის მიუხედავად, ეს მისასალმებელი მოვლენაა.


ძალიან ბევრი შესანიშნავი რეპორტაჟი მომზადდა საქართველოს არჩევნებზე, მათ შორის იმ ადამიანების მიერაც, რომლებსაც თითქმის არასდროს ვეთანხმები, მაგრამ მინდა შევეხო ორ ყველაზე არაორიგინალურ ანალიზს. ჯენ რუბინი ორი კვირის წინ თავის სტატიაში ბრალს სდებს ივანიშვილს, რომ ის „პუტინის მოკავშირეა“, თუმცა გასათვალისწინებელია ის, თუ რამდენად მჭიდროდ არის რუბინი დაკავშირებული რესპუბლიკურ პარტიასთან და რომნის კამპანიასთან; მისი ხედვა თითქმის ყოველთვის ემთხვევა კონსერვატორთა შეხედულებებს, ამიტომ ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ვიფიქრო ამჯერად, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ის ამ ჯგუფის ხედვებით არ ხელმძღვანელობდა:


„გაიგეთ, რომ ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის კაცია საქართველოში. ივანიშვილი იმუქრება, რომ „ერთ მილიონ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში“, თუკი არჩევნები ისე არ წარიმართება, როგორც მათ სურთ.

ეს, რა თქმა უნდა, აშშ-ის პოლიტიკაა (თუმცა ობამას ადმინისტრაციის წვლილი აქ მცირეა), რომ რუსეთს არ აქვს უფლება ოკუპირებული ჰქონდეს მისი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის 20%, თანაც იმ დემოკრატიული ქვეყნისა, რომელიც აშშ-ის ერთგული მოკავშირეა. მაგრამ ეს ხელს არ უშლის ამერიკელ ლობისტებსა და სხვებს, რომ იზრუნონ ივანიშვილის იმიჯის გამოსწორებაზე.

მათთვის, ვინც ათეული წლებია, რაც გელბს იცნობს, გამოცანად რჩება ის, თუ რატომ უნდა ჩაბმულიყო ის პუტინის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიაში“.

ივანიშვილმა ხმამაღლა და არაერთხელ განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს საქართველოს (ნელ) წინსვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ. წარსულში ივანიშვილი ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის მთავარი მხარდამჭერი იყო, იმ პოლიტიკოსისა, რომელიც შესაძლოა მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში სხვების დასანახად ყველაზე ღიად გამოხატავდა ანტირუსულ განწყობებს. ივანიშვილი იმდენადაა „პროპუტინისტი“, რამდენადაც აცნობიერებს, რომ უნდა გაითვალისწინოს ქართველთა ინეტერესები და არ უნდა აწარმოოს დაუფარავი აგიტაცია უზარმაზარი მეზობლის წინააღმდეგ.

თუკი ისეთი ფაქტორების გაცნობიერება, როგორიცაა გეოგრაფია (საქართველო რუსეთს ესაზღვრება), ისტორია (საქართველო ორი ასეული წლის განმავლობაში იყო რუსეთის იმპერიის/საბჭოთა კავშირის ნაწილი) და ეკონომიკა (რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო და იქ ასეულ ათასობით ქართველი ცხოვრობს და მუშაობს) ვინმეს „პროპუტინისტად“ აქცევს, მაშინ ეს ტერმინი უბრალოდ შინაარსს კარგავს. რადეკ სიკორსკიც კი, რომლის აგრესიულად პროამერიკულ რეპუტაციასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს, რუსეთთან გარკვეული დოზით დაახლოების წინადადებით გამოვიდა. და ასე იმიტომ არ მოქცეულა, რომ კრემლის მარიონეტია, ან მასში რაიმე ტიპის დრამატული გარდასახვა მოხდა, არამედ იმიტომ, რომ იცის, რომ კრემლის ღიად პროვოცირება პოლონეთის ინტერესებში არ შედის. ვფიქრობ, სიკორსკი შეიძლება ვინმემ უნებისყოფო მშვიდობისმყოფლად მიიჩნიოს, მაგრამ მისი წინასწარი თანამშრომლობის პოლიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები ნაბიჯია, რომელიც არცთუ სასურველი რეალობის გათვალისწინებას და იმას ეფუძნება, რომ პოლონურ-რუსული ურთიერთობები, რომელიც არასდროს განსაკუთრებულად თბილი და მეგობრული არ ყოფილა, შედარებით პროდუქტიული გახდეს.

შეძლებს ივანიშვილი ნემსის ყუნწში გაძრომას რუსეთთან მუშაობას და ევროპასთან მუშაობას შორის? მე ჩემი ეჭვები მაქვს. ეს წარმოუდგენლად რთული მანევრია. ვფიქრობ, რომ მცირე გაუმჯობესება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში იქნება, მაგრამ უკიდურესი დაძაბულობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაგრძელდება. თუმცა, რამდენადაც ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რას გააკეთებს ივანიშვილი, იმდენად შეგვიძლია ვარაუდის გამოთქმა იმაზე, თუ რას არ გააკეთებს ის ნამდვილად: ის კრემლს არ მიეყიდება. საქართველოს ამომრჩევლებში პრორუსული ხაზი აბსოლუტურად არაპოპულარულია, თუმცა გარკვეული მხარდაჭერა ფრთხილი და წინდახედული ეკონომიკური და პოლიტიკური კურსისადმი არსებობს. დიდწილად მოსალოდნელია ტონის ერთგვარი შერბილება და ძველი პოლიტიკის გაგრძელება: საქართველო დროდადრო დასავლეთისკენ სვლას განაგრძობს და რუსულ „ბლოკში“ ხელახლა აღარ შთაინთქმება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყველა რეპორტაჟში, რაც კი წამიკითხავს, საერთო აზრია, რომ ობამას ადმინისტრაცია ამ არჩევნებში არანაირ როლს არ თამაშობდა. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ეს მთავარი ფაქტორი არ იყო. რაც შესანიშნავია, რადგან ბოლოსდაბოლოს ეს იყო არჩევნები საქართველოში და გადაწყვეტილება არა თეთრ სახლს, არამედ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა მიეღოთ. თუმცა Weekly Standard-ში დენიელ ჰალპერი ფიქრობს, რომ ობამამ ამით დიდი შეცდომა დაუშვა:

„ცხადია, რომ ობამას ადმინისტრაციაც, რომელსაც საქართველოსგან თავი შორს ეჭირა, რაც მოსკოვთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის ნაწილი იყო, დამნაშავე იქნება, თუკი მოსკოვი საბოლოოდ მიაღწევს რეჟიმის ცვლილებას საქართველოში, რაც 2008 წლის ინტერვენციის დროს არ გამოუვიდა. ობამამ დაუთმო რუსებს გავლენის სფერო მის ახლო სამეზობლოში START-ის ახალი შეთანხმებისა და სხვა უმნიშვნელო დათმობების სანაცვლოდ; და რუსებიც უფრო გონიერები გახდნენ – ისეთ ახალგაზრდა დემოკრატიებს, როგორიც საქართველოა, უფრო დახვეწილი მეთოდებით უთხრიან ძირს“.

საქართველოს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. სააკაშვილი დამარცხდა არა იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობდა „რეჟიმის შეცვლას“, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები მისი მმართველობით უკმაყოფილონი იყვნენ. იმის მტკიცება, რომ ქართველებმა სააკაშვილს ხმა არ მისცეს რუსული ზეწოლის გამო, საქართველოს შიდა პოლიტიკაში კრემლის გავლენის გაზვიადებაა და, იმავდროულად, უზომოდ აკნინებს საქართველოს პირად გადაწყვეტილებას ამ არჩევნებში. როგორც დღეს დილით Twitter-ზე ვიხუმრე, თუკი ივანიშვილი (რომელიც ყოველთვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე იყო) მართლაც რუსების აგენტია, მაშინ „გრუმ“ და „ეფესბემ“ თავიანთი კადრების დაკომპლექტების პროცედურებს სერიოზულად უნდა გადახედონ.

ობამას ადმინისტრაციას საქართველოს არჩევნებში არავის მხარე არ დაუკავებია, რადგან ეს იქნებოდა საქართველოს სუვერენიტეტის წარმოუდგენელი ხელყოფა და მცდარი დიპლომატიური ნაბიჯი. მართლაც დიდი შეცდომა და სკანდალი იქნებოდა, თუკი ობამა ღიად დაუჭერდა მხარს ორიდან ერთ-ერთ კანდიდატს. ხოლო რადგან ქართველებმა თავად გადაწყვიტეს არ აერჩიათ სააკაშვილი, სიმართლე რომ გითხრათ, ვერ წარმომიდგენია სხვა რა უნდა გაეკეთებინა ობამას ადმინისტრაციას, თუ არა ის, რომ პატივი ეცა ამ არჩევნისთვის (თუკი, რა თქმა უნდა, ქართველების არჩევნით უკმაყოფილო ობამა ხალხს არ გააქრობდა და სხვა კანდიდატს არ აირჩევდა). ობამას საგარეო პოლიტიკის მიმართ ბევრი გასაგები პრეტენზია გაისმის ხოლმე, მაგრამ პრეზიდენტი ნამდვილად არ იმსახურებს თავდასხმას იმისთვის, რომ მან ხელი არ შეუშალა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უცხო ქვეყანაში.
foreignpress.ge