დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი მამა

დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი მამა

საქართველოში ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი იყო. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობა დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რონალდ რეიგანის ბრინჯაოს ქანდაკების ფონზე, ხალხს ტელევიზიით მიმართავდა, დამარცხება ელეგანტურად აღიარა. ახლა პარლამენტს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ახლახან ჩამოყალიბებული კოალიცია „ქართული ოცნება“ აკონტროლებს.

სააკაშვილმა საქართველო დემოკრატიის, ლიბერალური ეკონომიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დააყენა. მაგრამ რუსეთთან ივანიშვილის მჭიდრო კავშირებისა და მის ჭრელ კოალიციაში ბევრი საბჭოთა რევიზიონისტის არსებობის გათვალისწინებით, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის კურსი აბსოლუტურად შეიცვლება.

მიუხედავად ამისა, ეს არჩევნები საქართველოს სიმწიფის მაჩვენებელია. ყველაფერი მშვიდად წარიმართა. ღიაობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. ცხადია, რომ 2003 წლის მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილის მიერ ჩაყრილი დემოკრატიის მარცვალი, ნაყოფს ისხამს.

მემკვიდრეობა, რომელიც ივანიშვილს ერგო, იმდენად დიდია, რომ შესაბამისი სიმაღლეების მისაღწევად მას სერიოზული ძალისხმევის დახარჯვა მოუწევს. საქართველო, რომელიც 2004 წლის იანვარში სააკაშვილმა ჩაიბარა, დღევანდელი საქართველოსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ქვეყანა, რომელსაც ჩვეულებრივ „ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოდ“ აღწერდნენ, დღეს რეგიონში იმედის შუქურად აღიქმება.

მარტო ეკონომიკური პროგრესი რად ღირს. ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა და, არსებული პროგნოზების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა თითქმის 6%-ით გაიზრდება.

Heritage Foundation-ის და Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 184 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა, რაც თვალშისაცემი პროგრესია 2003 წელთან შედარებით, როდესაც ქვეყანა 113-ე ადგილს იკავებდა. სააკაშვილის მიერ ინიცირებულმა ეკონომიკურმა რეფორმამ ქართველებს 26 ევროპული ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ესპანეთისა და ბელგიის მოქალაქეებზე მეტი ეკონომიკური თავისუფლება მიანიჭა. ამას ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უზარმაზარი ნაკადის შემოდინებაც მოჰყვა. დედაქალაქ თბილისსა და შავი ზღვის საპორტო ქალაქ ბათუმს ასეთი გამოცოცხლება არ ახსოვს.

თუმცა, სააკაშვილის განახლებულ და თანამედროვე საქართველოში ბევრი ადამიანი თავს გარიყულად გრძნობდა.

სახელმწიფო ბიუროკრატიის შეზღუდვა და კორუფციასთან ბრძოლა, ათასობით მექრთამე ჩინოვნიკის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მათ შეცვლას ითვალისწინებდა. საქართველოს საგზაო პოლიციის შემთხვევაში, რომელიც ერთ დროს მთავრობის ყველაზე კორუმპირებულ ორგანოდ ითვლებოდა, სააკაშვილმა მთელი ამ უწყების შემადგენლობა დაითხოვა. ამ ანტიკორუფციულმა კამპანიამ ბევრი ადამიანი მტრულად განაწყო, განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციამდელი“ პერიოდის ძველი გვარდიის წარმომადგენლები, რომლებიც დემოკრატიულ რეფორმებს სკეპტიკურად უყურებდნენ. ეს გულისწყრომა ნაწილობრივ წლევანდელ საარჩევნო პროცესში ელექტორატის უარყოფით რეაქციაშიც აისახა.

ივანიშვილის საარჩევნო წარმატება საქართველოს მომავალს გაურკვეველს ხდის. სააკაშვილის პირობებში, თბილისი შეერთებული შტატებისა და ნატოს მტკიცე მოკავშირე გახლდათ. 2008 წელს, როდესაც საქართველოში რუსები შეიჭრნენ, ეს ქვეყანა კოალიციის ჯარებთან ერთად ერაყში თავის საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებდა და კონტინგენტის მოცულობის მხრივ მეორე ქვეყანა იყო შეერთებული შტატების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მისი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, საქართველო ავღანეთის ოპერაციაში დღემდე ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორად რჩება.

მაგრამ ივანიშვილს კავშირები მოსკოვთან აქვს და არა დასავლეთთან. ის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლით კარგად ისარგებლა და ქონება სახელმწიფო მონოპოლიების სწრაფი პრივატიზაციის პროცესში დააგროვა. ბოლო დრომდე ის რუსეთის ენერგეტიკულ გიგანტ „გაზპრომში“ ერთადერთ მსხვილ კერძო აქციონერად რჩებოდა. ახლახან ჟურნალმა Forbes-მა მისი პირადი ქონება 6,4 მილიარდ დოლარად შეაფასა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 45%-ია.

მიუხედავად ბუნდოვანი იმედისმომცემი საჯარო განცხადებებისა, როგორც ჩანს, ივანიშვილს სურს ევროატლანტიკურ სივრცეში (როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში) საქართველოს ინტეგრაციის თუ შეწყვეტა არა, შენელება. მის პარტიას არც ის გამოურიცხავს, რომ საქართველო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საოცნებო ევრაზიულ კავშირში არ გაერთიანდება. ეს კავშირი ევროკავშირის მოდელის სუსტი იმიტაციაა.

სააკაშვილი კი, ამავდროულად, თავის პარტიას ახალი როლისათვის ამზადებს: ეს არის ლოიალური ოპოზიცია. მაგრამ მისი, როგორც პრეზიდენტის საქმიანობა და ის ელეგანტურობა, რომელიც მან არჩევნებში მარცხის დროს გამოხატა, სააკაშვილს ისტორიაში თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი მამის ადგილს უმკვიდრებს. ამაზე უკეთეს მემკვიდრეობას მსოფლიოს ვერცერთი ლიდერი ვერ ინატრებდა.
foreignpress.ge