ნიუ-იორკის მერი ქვეყანაში ყველაზე ცუდი მერია და თანამოქალაქეებს ის სძულთ. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი Twitter-ზე წერს.
„დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატთა სია კიდევ ერთი ვაჟბატონით შეივსება. ბილ დე ბლაზიომ, რომელიც შეერთებულ შტატებში ყველაზე ცუდი მერია, შესაძლოა დღეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთოს. თუ გსურთ მაღალი გადასახადები და დანაშაულის მაღალი დონე, მაშინ ის თქვენი კაცია, მაგრამ ნიუ-იორკი მას ვერ იტანს“, - წერს ტრამპი.
ბილ დე ბლაზიო ნიუ-იორკის 109-ე მერის მოვალეობას 2014 წლიდან ასრულებს. ბლაზიო 1993 წლის შემდეგ ნიუ-იორკის პირველი დემოკრატი მერია.
დე ბლაზიომ მომავალ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა უკვე წამოაყენა. უახლოეს პერიოდში ის პირველ წინასაარჩევნო შეხვედრებს ცოლთან ერთად სამხრეთ კაროლინასა და აიოვაში გამართავს.
საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის ნოემბერში ჩატარდება.