აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის რეალური ომი არ დაიწყება.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა შვეიცარიის პრეზიდენტ უელი მაურერთან შეხვედრის წინ განაცხადა.
კითხვაზე, იქნება თუ არა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ომი, ტრამპმა განახცხადა - „იმედია, არა“.
გასულ კვირას აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.
გადაწყვეტილება ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ნაწილიდან გასვლას მოჰყვა. სანქციები ირანის ლითონის მოპოვებას შეეხება, რომელიც ამ ქვეყნისთვის ნავთობის შემდეგ უდიდესი ინდუსტრიაა.
თუმცა ტრამპმა თქვა, რომ ირანის ლიდერთან შეხვედრის და მოლაპარაკებების იმედს იტოვებს.
2018 წელს ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სანქციები თავიდან აამოქმედა, რომელიც 2015 წელს ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეჩერებული იყო.
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა.
როუჰანის თქმით, აშშ-ის სანქციების განახლებამ ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა და მსგავსი მოვლენა 1980-88 წელს ერაყთან ომის დროსაც არ დაფიქსირებულა.