აშშ-ში ძალაუფლება კერძო კორპორაციების ხელშია და ქვეყნის ხელმძღვანელობა მოქალაქეებს მათი პირადი ცხოვრების უფლების დაცვის გარანტიებს ვერ აძლევს, - ამის შესახებ პარიზში მიმდინარე ინოვაციური გამოფენა Viva Technology-ის მონაწილეებთან მიმართვაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Times-ი ავრცელებს.
„აშშ-ში დღეს მოქმედებს მოდელი, რომელსაც სრულად აკონტროლებენ მსხვილი კერძო მოთამაშეები. მათზე დემოკრატიული კონტროლი აღარ არსებობს. აშშ-ის მთავრობა მოქალაქეების პირადი ცხოვრების უფლების დაცვის გარანტიებს ვეღარ იძლევა“, - განაცხადა მაკრონმა.
რაც შეეხება ჩინეთს, მაკრონის განცხადებით, იქ მთავრობა ძალიან დიდ როლს ასრულებს, რის გამოც ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის დასავლური სტანდარტები არ მოქმედებს.
„ჩვენ ევროპაში ამერიკულ ზედმეტად რბილ მიდგომასა და ჩინეთში მოქმედ ზედმეტად მკაცრ მიდგომას შორის ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.