„თავიდანვე უცნაურად მეჩვენა ქობულიას განცხადება, რომ მას ფული აღარ აინტერესებს და ახლა ქვეყანას უნდა მიხედოს“

„თავიდანვე უცნაურად მეჩვენა ქობულიას განცხადება, რომ მას ფული აღარ აინტერესებს და ახლა ქვეყანას უნდა მიხედოს“

„უცხო სხეულის“ მისვლამ პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გაუცხოება კიდევ უფრო გაამძაფრა. გიორგი ქობულიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მმართველ გუნდში მას „უცხო სხეულად“ მოიხსენიებდნენ და იგი თანამდებობიდან საკუთარი ნებით არ წასულა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის სკანდალური მოსმენისა და ბრალდებების შემდეგ პარლამენტში შესაძლოა პრემიერი დაიბარონ. ოპოზიციონერთა ნაწილი მამუკა ბახტაძის პასუხისმგებლობასაც მოითხოვს.

ოპოზიცია იმეორებს გიორგი ქობულიას ბრალდებებს და ინტერესდება, როგორ ხდება, რომ სახელმწიფო კომპანიები ნეპოტიზმის ბუდეს წამოადგენს, ქვეყანაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, მოწინავე კომპანიების მოზიდვა ვერ ხდება, დროულად არ ხდება სწრაფი და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება სამთავრობო წრეებში...

„რისთვის გვჭირდება სამინისტროები, თუ ყოველ წვრილმან საკითხს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ? - აინტერესებს გიორგი ქობულიას.

კითხვები გაჩნდა ნათია თურნავას მისამართითაც, ქობულიას ყოფილი მოადგილე და ახლანდელი მინისტრი ნათია თურნავა ხომ არ იყო ის ტროას ცხენი, რომელიც ქობულიას აკონტროლებდა?!

რა მიზნები ამოძრავებს გიორგი ქობულიას და რამდენად სურს დიდ პოლიტიკაში დაბრუნება?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

ჩვენ გვახსოვს თანამდებობიდან წასული მინისტრები, რომლებიც ნაშოვნი ფულის ხათრით უფრთხოდნენ ზედმეტის თქმას და სიტუაციის მძევლებად გვევლინებოდნენ. გიორგი ქობულიას მისვლა პარლამენტში მართლაც ზოგიერთებისთვის იყო გაბედული, უპრეცედენტო ნაბიჯი და გარღვევა მენტალობაში. ასეთი რამ უახლოესი 20 წლის განმავლობაში ნამდვილად არ გახსენდებათ?

- თავისთავად ის, რომ გიორგი ქობულიამ გამოთქვა სურვილი, ესაუბრა გადაყენების მიზეზებზე, საინტერესო მოვლენაა. ეს ფაქტი უპრეცედენტოა იმდენად, რამდენადაც ანალოგი მეც არ მახსოვს, თუ არ გავიხსენებთ 90-იან წლებს, როდესაც სიგუა ითხოვდა სიტყვას, ერთსაათიან ტელეეთერს, რათა გამოსულიყო და მოსახლეობისთვის აეხსნა, რატომ გაათავისუფლეს. მას შემდეგ ასეთი ფაქტი, შესაძლოა იყო, მაგრამ არ მახსენდება. უპრეცედენტო შეიძლება ისიც იყოს, რომ ქობულია გაათავისუფლეს და მან ეს არ დამალა, პირდაპირ თქვა, რომ გაათავისუფლეს და თავისი ნებით არ წასულა. სხვათა შორის, ასეთი გადადგომა მოხდა მაშინაც, როდესაც სნგ-ში გაწევრიანდა საქართველო, იმ პერიოდში გია ყარყარაშვილმა, სარიშვილმა და სხვებმა დატოვეს მინისტრის სავარძლები და პორტფელები, ანუ მთლად უჩვეულო ეს შემთხვევა არ ყოფილა. ობიექტურობისთვის ვთქვათ, რომ ოქრუაშვილმაც გააკეთა განცხადება, როდესაც ის გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მაგრამ ქობულიას შემთხვევა მაინც გამორჩეული იყო. ყოველ შემთხვევაში, მინისტრების გათავისუფლების შემდეგ ბოლო პერიოდში ასეთი გამოსვლებით განებივრებულნი არ ვყოფილვართ.

მე ვთვლი, ასეც უნდა იყოს, როდესაც მინისტრი ტოვებს თანამდებობას, მას პოლიტიკური ვალდებულება აქვს საზოგადოების წინაშე, ხალხს აუხსნას, რატომ წავიდა. პრობლემა არ არის, თუ მისი და გუნდის პოზიცია ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ, როგორც წესი, გადადგომის დროს აკეთებენ ხოლმე არაფრის მთქმელ საჯარო განცხადებას, რათა ყოველგვარი მითქმა-მოთქმა და ინტერპრეტირება არ მოხდეს. ცხადია, ზოგიერთი მინისტრი ცდილობს, მოუფრთხილდეს იმას, რაც პოსტზე ყოფნისას დააგროვა, ზოგს არ სურს ურთიერთობის გამწვავება და დაძაბვა ხელისუფლებასთან. ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება არ არის შემდგარი ისე, რომ ასეთმა განცხადებებმა არ მიიღოს დაპირისპირების ხასიათი და ეს არ აისახოს თანამდებობიდან წასული პირის მომავალ ცხოვრებაზე.

ქობულია თავიდანვე ამბობდა, რომ მას უცხო სხეულად მიიჩნევდნენ მმართველ გუნდში. რამ აიძულა უცერემონიო გაშვების შემდეგ პარლამენტში მისულიყო? იმან ხომ არა, რომ გაცილებით მაღალანაზღაურებადი სამუშაო დაკარგა საქართველოში ჩამოსვლის გამო? მას ჰქონდა გარანტიები, რომ საქართველოში ხელს არ შეუშლიდნენ, თუმცა თანამდებობაზე მისი ყოფნა უაღრესად ხანმოკლე აღმოჩნდა.

- იცით რა, მე თავიდანვე უცნაურად მეჩვენა მისი განცხდება, რომ მას აქვს საკმაოდ დიდი ფული, ამიტომ ფული აღარ აინტერესებს და ახლა ქვეყანას უნდა მიხედოს. მაშინ ვთქვი კიდეც, ნუთუ ასეთი ადამიანის მსგავსი მეორე პრეცედენტი არსებობს მსოფლიოში, რომელიც ამბობს, რომ მას ბევრი ფული აქვს და ფული აღარ აინტერესებს?! თავისთავად, უცნაური იყო მისი ეს განცხადება და მთელი ის პროცესი, რაც მის დანიშვნას მოჰყვა. ახლა ამბობს, შეთანხმებულნი ვიყავით, მე რამდენიმე თვე ისევ მოსკოვში დავრჩებოდი, მერე აქეთ წამოვიდოდი. საკმაოდ გაურკვეველი ვითარებაა ქობულიასთან მიმართებით, ან რატომ წამოვიდა, ან თუ დღეს აცხადებს, რომ მან იცოდა შიდა თამაშის წესები, მაშინ ისიც უნდა სცოდნოდა, რომ დაპირისპირება იქნებოდა. ნაკლებად მჯერა უეცრად ყელს მობჯენილი ასეთი პატრიოტიზმის ადამიანში.

მან არ გამორიცხა, რომ პოლიტიკაში შეიძლება ისევ მოვიდეს.

- ცხადია, ახლანდელი განცხადება და პარლამენტში მისვლა ერთმანეთთან კავშირშია. თუ ის აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, მას კარი უნდა გამოეჯახუნებინა.

ის ოპოზიციონერად მოგვევლინება?

- ხელისუფლებიდან წამოსული კაცი ოპოზიციაში რომ წავა, ეს ცხადია. მან კარი გაიჯახუნა, ხელისუფლებიდან წავიდა, როგორც ჩანს, ის დარჩება პოლიტიკაში და წავა ოპოზიციაში.

პარლამენტში მის მოსმენას ესწრებოდნენ არაპარლამენტარებიც, მათ შორის, დავით უსუფაშვილი, ასევე, იყვნენ ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე და სხვები. ესეც ხომ არ მიგვანიშნებს, თუ სად შეიძლება მოვიაზროთ ქობულიას მომავალი?

- ჯერჯერობით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სამი გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტია, ეს არის „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ამას ვამბობ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული ხმების გათვალისწინებით, რომელიც 6 თვის წინ ჩატარდა და ყველაზე ახალი მოცემულობაა ქართული პოლიტიკური სპექტრისა. გარდა ამისა, მიმდინარეობს დუღილის და ჩამოყალიბების პროცესი. ალბათ, შემოდგომაზე რაღაცნაირად მიეცემა სახე ოპოზიციურ სპექტრს. ამიტომ არც უსუფაშვილის და არც სხვათა მისვლა ქობულიას გამოსვლისას პარლამენტში არა მგონია, მოულოდნელი ყოფილიყო, ყველა ეძებს ახალ ფორმატს. არ ვიცი, მათ წინასწარ იცოდნენ თუ არა, რომ ქობულია ასეთ განცხდებას გააკეთებდა, რომ პოლიტიკაში აპირებს წასვლას, მაგრამ მის მიერ კარის გამოჯახუნება ნიშნავს იმას, რომ მას კარის გამოჯახუნება შესაძლოა, სჭირდებოდეს გარკვეული პოლიტიკური ქულების დასაწერად იმისთვის, რომ არ გაჩნდეს კითხვები, ქობულია ოპოზიციაა, თუ მართული ოპოზიცია? ეს კითხვები თავიდანვე რომ მოიხსნას, კარის გამოჯახუნებაც ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია.

რას გააკეთებს მომავალში? რომ გითხრათ, საზოგადოებაში მას დიდი ავტორიტეტი აქვს, ასე არ არის, თუმცა მისმა გამოსვლამ ოპოზიციაში ინტერესი გამოიწვია. მეორე ფაქტია კიდევ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ელოდება ე.წ. მესამე ძალის გამოჩენას, რაღაც უნდა გამოჩნდეს კიდევ, გარდა ამ ორი პოლიტიკური ძალისა - „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“. ამიტომ გარკვეული აჟიოტაჟი ამან გამოიწვია, რას გააკეთებს, ეს ალბათ, გამოჩნდება და ვნახავთ იმასაც, შეძლებს თუ არა ის იქცეს პოლიტიკურ ფიგურად. დღეს ის პოლიტიკური ფიგურა ნამდვილად არ არის.

რა შთაბეჭდილება გრჩებათ, როცა ის ამბობს, რომ მმართველ გუნდში კვალიფიციური კადრები არ არიან, ინვესტიციების მოზიდვა ვერ ხერხდება, მოწინავე კომპანიების მოზიდვა არ ხდება? ჩანს, რომ ხელისუფლება ეკონომიკურ პოლიტიკას შეგნებულად არ აუმჯობესებს?

- არ ვიცი, შეგნებულად არ აუმჯობესებენ თუ არა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ისიც არ მესმის, გაუმჯობესების წინააღმდეგ რატომ უნდა იყოს ხელისუფლება? რაც უფრო დიდი იქნება ეკონომიკა, მით უფრო მომგებიანი არ იქნება ამ ხელისუფლებისთვის არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც?!

შესაძლოა, ცალკეული ბიზნესმენები ზედმეტად აფათურებენ ხელს ეკონომიკურ პოლიტიკაში და ქვეყნის წინსვლას აფერხებენ. მით უმეტეს, მათ ჰყავთ ლობისტები ნებისმიერ ხელისუფლებაში.

- ესეც შესაძლებელია, მაგრამ ამ ბიზნესისთვისაც ხომ უკეთესია, თუკი ახალი ფირმები შემოვა და ფული გაჩნდება?! მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებების მიღება ძალიან ნელა ხდება, თუკი საერთოდ ხდება გადაწყვეტილებების მიღება და პროცესები დინებით არ მიდის. შესაძლოა, შიდა სამზარეულოში დაპირისპირებები, გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლა არსებობს, მაგრამ გაურკვეველია, გიორგი ქობულიამ ამ გავლენებთან ბრძოლა რა მიმართულებით დაიწყო და დაიწყო თუ არა საერთოდ? სიმართლე გითხრათ, თავად უმრავლესობის და ხელისუფლების დამოკიდებულებამ გამაკვირვა, რადგან მათ თავიანთი განცხადებებით აჟიტირება გაუკეთეს ამ პროცესს. ბოლოს და ბოლოს, რა თქვა ისეთი გიორგი ქობულიამ? მან თქვა, რომ რაღაცებში არ ეთანხმებოდნენ, რაღაცებში მას სხვა პოზიცია ჰქონდა. კონკრეტულად რაიმე თქვა? - არაფერი. ის, რომ გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს, ეს ახალია? უცნაური არც ის არის, რომ მინისტრის პოზიცია არ ემთხვეოდეს გუნდის პოზიციას. გააჩნია პოზიციების ხარისხსაც, თუკი გენერალურ ხაზში არ აეწყობა ურთიერთობა, მაშინ უნდა წახვიდე, ახლა მინისტრთა კაბინეტი ხომ ვერ გადადგებოდა ქობულიას გამო? ამიტომ სწორია, ქობულია რომ წავიდა და ისიც კარგია, რომ თქვა, მე წავედი პრინციპების გამოო.

გიორგი ქობულიას გამოსვლა მისივე სიტყვებით რომ შევაფასოთ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, შესაძლოა, ვერ ხერხდება ინვესტიციების იმ რაოდენობით მოზიდვა, რაც ქვეყანას სჭირდება, მაგრამ ეს არის ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების ზოგადი შეფასება. ამისთვის რა ნაბიჯებია გადასადგმელი, ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა.