19 მაისის შუალედური არჩევნები მზადებაა 2020 წლის არჩევნებისთვის, ერთგვარი გენერალური რეპეტიცია.
პარლამენტის შუალედურ არჩევნებთან ერთად, რეგიონების მოსახლეობას მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მოუწევთ მონაწილეობის მიღება. ექსპერტების შეფასებით, ამ არჩევნების შედეგები სოციოლოგიური კვლევების გარეშე დაგვანახებს ამომრჩევლის განწყობას.
პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, თითოეულ ოლქში ხელისუფლების კანდიდატის გამარჯვებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან დამარცხების შემთხვევაში ამან შეიძლება დომინოს პრინციპით ჩამოშალოს ხელისუფლება.
"ეს იქნება 2020 წლის არჩევების გენერალური რეპეტიცია. არა მარტო „ოცნებისთვის“ არამედ „ნაციონალებისთვისაც". დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორც საპარლამენტო არჩევნებს. ზუგდიდში სანდრა რულოვსის მოგება, სააკაშვილის დაბრუნებასთან იგივდება, ამიტომ „ოცნება“ სერიოზულად ემზადება.
მეორეს მხრივ „ნაციონალებისთვისაც“ ფსიქოლოგიურად გარდამტეხი მომენტია იმიტომ, რომ თუ გაიმარჯვებენ, ეს იქნება 2012 წლის შემდეგ მათი პირველი გამარჯვება. ამას კი ალბათ მოჰყვება დომინოს პრინციპით ხელისუფლების ჩამოშლა, ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძის ხელისფლება ჩამოიშალა 1 წლით ადრე. ამიტომ „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ზუგდიდი არ წააგოს.
"ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შანსი მაღალია, რადგან არჩევნების დღეს, დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობის გამო, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება გაყალბება. ხელისუფლება ყველა რესურსის გამოყენებას ეცდება არჩევნებამდე“ - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.
რაც შეეხება მთაწმინდას, ექსპერტის თქმით, ეს არის ტესტი ოპოზიციისთვის და ლაგაზიძე აქ მეორე ტურის დანიშვნას ვარაუდობს.
"მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო და უნდა შეჯერებულიყვნენ ერთ კანდიდატზე. ეს არ მოხდა სამწუხაროდ. მნიშვნელოვანია ვინ გავა მეორე ტურში და რამდენად მოხერხდება მეორე ტურში გასული კანდიდატის გარშემო ოპოზიციის მობილიზება. წესით უნდა შეძლონ გაერთიანება და მთელმა ოპოზიციამ დაამარცხოს ხელისუფლება. ამის თეორიული შანსი არის, რამდენად ისურვებს ამას ოპოზიცია, ეს სულ სხვა თემაა.
ეს არის უზარმაზარი გამოწვევა, იმიტომ რომ ყოველთვის, ეთნიკური უმცირესობის ხმები ხელისუფლებას "ედო ჯიბეში". ეს თუ მოერღვათ, 2020 წელს ძალიან გაუჭირდებათ" - გვითხრა ლაგაზიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ შუალედური არჩევნები იქნება საზოგადოების განწყობის გამოვლენის საშუალება. რაც შეეხება პროგნოზს, ძაბირაძე თითქმის ყველა ოლქში მეორე ტურს ვარაუდობს.
"ეს არჩევნები ცალსახად იქნება ტესტი იმისა, თუ როგორ ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. უფრო მეტიც, ეს არის ფართო დათვალიერება ამომრჩევლის გუნება-განწყობილებისა საპარლამენტო არჩევნებისთვის. შემოდგომიდან უკვე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. ეს არის დღეს ყველაზე უტყუარი ტესტი იმის სანახავად, რა განწყობაა ხალხში.
ამ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პოლიტიკური ძალები. საკმაოდ საინტერესო რამ ხდება ოპოზიციაშიც, გადაჯგუფებებს ვგულისხმობ. სანდრა რულოვსს მხარს უჭერს არამარტო გაერთიანებული ოპოზიცია, არამედ მის მიღმა დარჩენილი სხვა ძალებიც. ანალოგიური ვითარება გვაქვს მთაწმინდაზე, როდესაც შავგულიძეს თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი უჭერს მხარს.
ზოგადად, მეორე ტურს ველოდები, ასე იქნება ზუგდიდში. გადამწყვეტი ამ არჩევნებში იქნება ამომრჩევლის ნეიტრალური ნაწილი, რომელიც არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. ვნახოთ, რომელი პარტია შეძლებს ამ ადამიანების მიყვანას არჩევნებზე" - გვითხრა ძაბირაძემ.
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს კი იმედი აქვს, რომ 2020 წლისთვის ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, ამიტომ არ ფიქრობს, რომ ეს არჩევნები გენერალური რეპეტიციაა საპარლამენტო არჩევნებისა.
"პროგნოზებისგან ახლა თავს შევიკავებდი, რადგან სრულფასოვანი არჩევნები არ არის. ზოგადად კი მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ისევ ორ პოლუსზე უწევს ცუდსა და უარესს შორის. ამ შემთხვევაში რესურსების ჭიდილთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე თავისუფალ არჩევნებთან.
ხელისუფლებისთვის ზუგდიდში სანდრა რულოვსის დამარცხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ალბათ გარკვეული დაძაბულობა იქნება. იმ შემთხვევაში თუ სანდრა რულოვსმა გაიმარჯვა, „ოცნება“ ანტიმიშას გათამაშებას ვეღარ შეძლებს, ეს კი მათი დასასრულის დასაწყისი იქნება. აქედან გამომდინარე ისინი განსაკუთრებული გააფთრებულად იბრძოლებენ, რომ არ დაუშვან სანდრა რულოვსის გამარჯვება.
არა მგონია ამ არჩევნებზე მოსახლეობის განწყობა გამოჩნდეს, იმიტომ, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცეტრის რესურსი კიდევ არის. ამ არჩევნებმა შეიძლება გვაჩვენოს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თანაფარდობა" - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.
რაც შეეხება 19 მაისის არჩევნებს, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის გამოთავისუფლებული მანდატის შესავსებად, რამდენიმე კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის: "ოცნების" კანდიდატი ლადო კახიძე და ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე.
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, 19 მაისს მერებს ირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდში და ხულოში. 8 დეპუტატის შუალედური არჩევნები გაიმართება რამდენიმე საკრებულოშიც.