უმუშევრობა საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არის აღიარებული. უმუშევართა კომპენსაცია კი ერთ-ერთ ყველაზე საჭირო დახმარებად. ბოლო წლების განმავლობაში მისი დაწესება ვერაფრით მოხერხდა. ახალი მთავრობა კი დანამდვილად აპირებს გარკვეული თანხის დაწესებას. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდეს. კერძოდ, ეს იქნება ერთგვარი უმუშევრობის დაზღვევა და საერთო სოციალური დაზღვევის ერთ-ერთი სეგმენტი.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობა არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი მომავალში შედგება.
„ეს საკითხები შრომისა და დასაქმების პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ქვეყანამ უნდა მიიღოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ექსპერტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ საქართველოში არ ღირს უკან დაბრუნება და სოციალისტური ექსპერიმენტების ჩატარება.
„მთავრობამ არ უნდა აიღოს თავის თავზე ისეთი ვალდებულებები, რომლებიც პირდაპირ ბიზნესის საქმიანობას ეხება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამის რესურსებიც არ არის. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ასეთი ტიპის ქმედება ხელს შეუწყობს უპასუხისმგებლობას და უყაირათობას იმის მაგიერ, რომ მომჭირნეობას და წინდახედულებას ვახალისებდეთ. ამასთანავე გაზრდის ბიუროკრატიას, ადამიანებს გაუქრობს მოტივაციას, რომ წავიდნენ და იშრომონ, ისინი ამჯობინებენ, თავი ამ სოციალური დახმარების ხარჯზე შეინახონ და ა.შ.
ძალიან მიკვირს, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, მისი განცხადებით, შედეგებს აღწევს შრომის, რისკისა და კერძო სექტორში თავისი აქტიურობის ხარჯზე, მხარს უჭერს ისეთი ადამიანების მინისტრებად დაწინაურებას, რომლებიც, ჩემი აზრით, მის საწინააღმდეგო ფილოსოფიას ატარებენ“, - ამბობს შეშელიძე.
ექსპერტი თვლის, რომ ადამიანები სხვის ხარჯზე ცხოვრებასა და სხვის ჯიბეში ცხვირის ჩაყოფას არ უნდა მიეჩვიონ. „ფაქტობრივად, ვაპირისპირებთ საზოგადოებას ერთმანეთთან - ადამიანები, რომლებიც შრომობენ და რომლებსაც არ უნდათ შრომა“, - განაცხადა სააგენტო „მედიანიუსთან“ საუბრისას პაატა შეშელიძემ.
უმუშევრობის კომპენსაციის დაწესების პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს, თუმცა შეშელიძის აზრით, ასეთი ტიპის სახელმწიფოები ყელამდე ვალშია არიან.
„საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრია, მაგრამ ნეგატიურიც. შეგიძლიათ გადახედოთ იმ ქვეყნების ფინანსურ მდგომარეობას, სადაც ასეთი პრაქტიკა არის: გერმანია და სხვა ასეთი ტიპის სახელმწიფოები ყველა ყელამდე ვალშია. არ შეიძლება, ეს გაკეთდეს. ეს არის უკან დახევა. ამას ლოგიკური ანალიზი სჭირდება“, -აღნიშნა მან.
შეშელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების საერთაშორისო პრაქტიკით გამართლებას შეეცდება, ეს არგუმენტი არ იქნება.
„არ არის არგუმენტი, რომ სხვა ქვეყნები ამას აკეთებენ. ისინი ცდებიან, ჩვენ არ უნდა შევცდეთ“, - ამბობს იგი.
სხვათა შორის, უმუშევრობა საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არის მიჩნეული. სტატისტიკოსები ბოლო რამდენიმე წელია 16%-იან უმუშევრობას აფიქსირებენ, მაგრამ ე.წ. დასაქმების სამინისტრომ ამ ოფიციალურ მაჩვენებელს 2 თვეში გადაუსვა ხაზი. სააკაშვილის მიერ შექმნილმა უწყებამ სულ რაღაც 3 თვეში თითქმის ნახევარი მილიონი სამუშაოს მაძიებელი აღნუსხა.
აქედან გამომდინარე, უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი მინიმუმ 25-30%-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. თუმცა, ექსპერტები კიდევ უფრო მაღალ ციფრებს ასახელებენ და მათი აზრით, საქართველოში ყოველი მეორე შრომისუნარიანი ადამიანი დაუსაქმებელია.