პური გაძვირდა - მეპურეები საყოველთაო დინების წინააღმდეგ

პური გაძვირდა - მეპურეები საყოველთაო დინების წინააღმდეგ

ქვეყნის ახალი მთავრობა დღენიადაგ ფასების შემცირებაზე ქადაგებს და ამ დროს ყველაზე ფართოდ მოხმარებადი პროდუქტი გაძვირდა. არჩევნების დასრულების შემდეგ მეპურეებს ნერვებმა უმტყუნეს. სანამ ძველი მთავრობა შემოდგომის ქარს გაჰყვა და ახალი ჯერ არ მოსულა, ქართველმა ხაბაზებმა დრო იხელთეს და პური გააძვირეს. მიზეზად, რა თქმა უნდა, ხორბალსა და ფქვილზე ფასების მატება სახელდება.

ჯერ კიდევ თვენახევრის წინ კეთდებოდა განცხადება, რომ ქართულ ბაზარზე პურის ფასი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გაიზრდებოდა. საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასი ზრდას განაგრძობს (თუმცა, ბოლო დროს ჩიკაგოს მარცვლეულის ბირჟაზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი 9 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდა), ხოლო საქართველოში იაფად შეძენილი ხორბლის მარაგი ამოიწურა და წისქვილკომბინატები უალტერნატივო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ბოლო ორი კვირა პურპროდუქტების გაძვირებაზე საუბრობდა მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა. მისივე ინფორმაციით, 45-ლარიანი ფქვილის პირობებში (1 ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ღირებულება) მეპურეებს სხვას გამოსავალი არ რჩებოდათ. ჰოდა, სწორედაც რომ შუა ოქტომბრისთვის პურიც გაძვირდა. საცალო სავაჭრო ქსელში ქარხნული პურის ფასმა 5, ხოლო თონის პურმა 10 თეთრით მოიმატა.

ლევან სილაგავას ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მარაგის სერიოზული კრიზისია. თუკი წინა წლებში მსოფლიოში მოწეული მოსავალი 685 მილიონი ტონა იყო, წელს მან 655 მილიონი ტონა შეადგინა. ამ მხრივ, არასახარბიელო ვითარებაა შექმნილი რუსეთში, რომელიც საქართველოს ძირითადი იმპორტიორია და უკრაინაში. რაც შეეხება საქართველოსათვის კიდევ ერთ მიმწოდებელ ქვეყანას - ყაზახეთს, იქ მოწეული ხორბლის მოსავალი მცირე არ ყოფილა, მაგრამ დაბალი ხარისხის აღმოჩნდა.

სააგენტო „მედიანიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს ხორბალი ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვს, სადაც ერთი ტონა ხორბლის ფასმა ამ დღეებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 350 დოლარს მიაღწია. აქამდე კი რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის ფასი, სეზონების მიხედვით, 230-240 ან 320 დოლარი იყო. შესაბამისად, 29-30 ლარიდან 44-45 ლარამდე არის გაზრდილი ერთი ტომარა ფქვილის ფასიც. პურის ღირებულების განსაზღვრაში კი 50 პროცენტს სწორედ ფქვილის ფასი შეადგენს.

საქართველოში ყოველთვიურად 70 000-100 000 ტონა ხორბლის იმპორტი ხორციელდება. მოსახლეობის გამოსაკვებად ყოველთვიურად 40 000-50 000 ტონა ხორბალი არის საჭირო.

შარშანდელთან შედარებით, რუსეთში ხორბლის რესურსი 4,3 მილიონი ტონით არის შემცირებული, მსოფლიოში კი 9 მლნ ტონით. თუმცა ყაზახეთში მოსავალს არ უჩივიან და ამბობენ, რომ შეუძლიათ ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებს (ცენტრალური აზია, ამიერკავკასია,

ირანი და ავღანეთი) 9 მილიონი ტონა ხორბალი და 2,1 მილიონი ტონა ფქვილი მიაწოდონ, ნაცვლად 6,5-7 მილიონი ტონისა. ყაზახეთს მოსავლის პრობლემა არ აქვს და რუსეთთან შედარებით დაბალ ფასადაც შეუძლია გაყიდვა, მაგრამ სათუოა, იმ მეზობლის ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია და რომელსაც მრავალგვარი დაბრკოლების შექმნა შეუძლია.

„ვფიქრობ, პურის ფასი იქნება არაერთგვაროვანი, რადგან ძველი, ანუ 38 ლარად შეძენილი ფქვილის მარაგი ჯერ კიდევ მოიპოვება. მსოფლიო ბაზარზე რთული სიტუაციაა. ჩვენთან ზღვრულ ფასად 44 ლარი მიიჩნევა, რის შემდეგაც ფასის დაჭერა შეუძლებელი ხდება. 2010 წელს, როდესაც ბაზარზე კრიზისი იყო, საქართველოში ფქვილი 50

ლარამდე გაძვირდა. მომდევნო 2011 წელს, როგორც კი ხორბლის მარაგი გაიზარდა, ფასი შემცირდა. 44 ლარამდე (ანუ ზღვრულ ფასამდე) ფქვილის გაიაფებამ მაშინ პურის ფასი დასწია. ეს არის წისქვილკომბინატებში და არა ბაზრობებზე დაფიქსირებული ფასი“, - აცხადებს სილაგავა.

მისი ინფორმაციით, ბოლო ერთი თვეა წისქვილკომბინატებს რეკორდული გაყიდვა აქვთ.