6 დღეში, საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ამჯერად ამომრჩევლებმა 5 მუნიციპალიტეტის მერი, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და საქართველოს პარლამენტის ერთი წევრი უნდა აირჩიონ. მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში ჩატარდება – ზუგდიდში, ხულოში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში. ამ მუნიციპალიტეტებში მერების ხელახალი არჩევნების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 2017 წელს არჩეულმა მერებმა თანამდებობები სხვადასხვა მიზეზით დატოვეს.
მერის არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში ტარდება, მაგრამ ყველაზე დაძაბული რეგიონი სამეგრელოა, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებიდან“ გიორგი შენგელია და „ნაციონალური მოძრაობიდან“ სანდრა რულოვსი უპირისპირდებიან. ზუგდიდის 120,629 ამომრჩეველი გადაწყვეტს დადგება თუ არა მეორე ტურის აუცილებლობა.
მმართველი გუნდში პირად საუბარში ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, პირველი ტური გამარჯვებულს ვერ გამოავლენს. შესაბამისად, „ოცნება“ მეორე ტურის შესაძლებლობაზე საუბრობს. სახელისუფლებო რესურსი დღეს ზუგდიდისკენ არის მიმართული.
თავის მხრივ, მხარდამჭერების და პარტიულ რესურსს აძლიერებს „ნაციონალური მოძრაობაც“. პარტია მმართველ გუნდს ამომრჩევლის მოსყიდვაში და დაშინებაში ადანაშაულებს. მეტიც, როგორც ლევალ ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არის პანიკურ შიშში, იმიტომ, რომ ისინი ზუგდიდში აგებენ არჩევნებს.
მისი თქმით, შს მინისტრი ზუგდიდში ატარებს ოპერაციას „სვავი“. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა არაოფიციალურ შეხვედრაზე დაიბარა მონადირეები, სადილის დასრულების შემდეგ კი მონადირეებს პირადობის მოწმობები მოსთხოვეს.
„ამ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირები მოვლენილი ჰყავთ ზუგდიდში, რათა კონკრეტულ ადამიანებს ჩამოართვან პირადობის მოწმობა იმისთვის, რომ ვერ მოხვდნენ არჩევნებზე და ვერ გამოხატონ საკუთარი ნება, ვერ მისცენ ხმა იმ კანდიდატს, რომელიც მათ სურს. ამაში ჩართულები არიან მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად, ჭაბუკა რაფავა, რომელიც შსს–ს გენერალური ინსპექციის დასავლეთ საქართველოს უფროსის მოადგილეა. ასევე ბატონი პაატა ზარანდია, რომელიც ფინანსური პოლიციის თანამშრომელია და გახლავთ შს მინისტრის მოადგილის ბატონი კაკავას კადრი. მას კონკრეტულად ჩაბარებული აქვს ჯიხაშკარი, სადაც ეწევა ადამიანების ზეწოლას, ტერორს, დაშინებას და პირადობის მოწმობების ჩამორთმევას. ასევე ბატონი გელა შანავა, რომელიც ფინანსურ პოლიციაში მუშაობს და, ამ შემთხვევაში, ამ ადამიანს ჩაბარებული აქვს ქალაქი ზუგდიდი და ზედა ეწერი.
ადგილობრივ ზონდერებს რაც შეეხება, დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი თენგიზ გოგოლიშვილი, რომელიც ემუქრება თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნით იმ შემთხვევაში, თუ არ მისცემენ ხმას „ქართულ ოცნებას“ ან არ გადასცემენ მათ პირადობის მოწმობას. ასევე ბატონი დავით კოდუა, რომელიც მსგავს სპეცოპერაციას ატარებს დარჩელში და გახლავთ „ქართული ოცნების“ შტაბის წევრი და სუს–ის ზონდერი“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ბრალდებას უარყოფენ მმართველ გუნდში. ვიცე–სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თუ მოსყიდვის ფაქტები არსებობს, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ.
„როცა უბრალოდ საუბრობენ და ამის უკან ფაქტი არ გაქვთ კონკრეტული, ეს არის ჭორი, თუ გაქვთ ფაქტები, არსებობს კონკრეტული ორგანოები, რომლებიც ასეთ ფაქტებს სწავლობენ. თუ გაქვთ ფაქტები, ამ ფაქტებზე უნდა ვილაპარაკოთ, ხოლო ვინ რას საუბრობს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არსებობენ ამისთვის კომპეტენტური ორგანოები, თუ რაიმე დასაბუთება მაინც შეიძლება იყოს, ან რეალობასთან რაიმე შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, შეისწავლიან და პასუხებიც იქნება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ოპოზიციას ბრალდებას უყენებს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის და ამავე პარტიის წევრების მხრიდან, ჯიხაშკარში ადგილობრივ ზარანდიების ოჯახში შეჭრასა და მათზე ფიზიკური დაპირისპირების საკითხზე ისაუბრა.
ჩიქოვანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზარანდიების ოჯახი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ეუბნებოდნენ არ შეჭრილიყვნენ ეზოში, ოპოზიციის ლიდერები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ კერძო საკუთრებაში. მისი თქმით, კადრებში სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შევარდნა და ძალადობა ჩანს, ასახულია კუდის ზუგდიდის განყოფილების ყოფილი უფროსი რუსლან შომახია, რომელსაც საზოგადოება კასრების საქმიდან იცნობს.
„ძალიან ბევრი ადამიანი ყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში ჩამოყვანილი, რომელთაც წარმოდგენაც არა აქვთ ზუგდიდზე და ზუგდიდელებზე, რა ღირებულებებით ვცხოვრობთ აქ. ნურავინ ნუ გამოიყენებს ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს დაძაბულობის შესაქმნელად.
„ნაციონალური მოძრაობა“ ცხადად აგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურში, მათ აქვთ მცდელობა არიონ სიტუაცია. პროვოცირების გზით ცდილობს საზოგადოების გაღიზიანებას, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდად ვიაროთ ეს ერთი კვირა და 19 მაისს გეგა შენგელიას გამარჯვება ვიზეიმოთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მაშ ასე, ზუგდიდი, რომ დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი იქნება, ეს უკვე ცხადი ხდება. მნიშვნელოვანია როგორი იქნება ამომრჩევლის აქტიურობა და ვის სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს – შენგელია, თუ რულოვსი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ შუალედური არჩევნების მეორე ტური ბევრგან შეიძლება დაინიშნოს. მისი თქმით, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი მმართველ გუნდს აქვს, რადგან კონკურენტი პოლიტიკური პარტიები ძლიერები არ არიან. საყვარელიძე ამბობს, რომ მთავარი ეპიცენტრი ზუგდიდი და მარნეული იქნება.
„მგონია, რომ მეორე ტური ბევრგან შეიძლება დაინიშნოს. არ არის ისეთი მკაფიო უპირატესობა, რომ მეორე ტური გამოირიცხოს. მე მგონი, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი „ქართულ ოცნებას“ აქვს, იმიტომ, რომ კონკურენტები, პოლიტიკურ ალტერნატივებზე, პარტიებზე ვამბობ, იმდენად ძლიერები არ არიან, რომ სხვანაირი შედეგები იყოს, როგორც ზუგდიდში, ასევე თბილისში“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ მეორე ტური ლოგიკურად ყველგან უნდა იყოს. მისი თქმით, ოპოზიციის კანდიდატებს ზუგდიდსა და მარნეულში უფრო მყარი პოზიციები აქვთ, ვიდრე „ქართული ოცნებისას“. რაც შეეხება თბილისს, ლაგაზიძე ამბობს, რომ მთაწმინდაზე ძალიან დაქსასული იქნება ხმები და ვინ გავა მეორე ტურში, აქ ამას აქვს მნიშვნელობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ისურვებს და მოახერხებს ოპოზიცია მეორე ტურში გაერთიანებას. ამაზე იქნება დამოკიდებული მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება.
„შუალედურ არჩევნებში ზუგდიდში სანდრა რულოვსის გამარჯვებას შესაძლოა, „ქართული ოცნებისთვის“ შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს. ძალიან მძიმე, დამანგრეველი პრეცენდენტი იქნება მარნეულშიც დამარცხება, თუმცა არა ისეთი მასშტაბით, როგორც ზუგდიდში. დღეს „ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოგება არის ზუგდიდში, შემდეგ მარნეულში და მერე მთაწმინდაზე, რადგან ზუგდიდში სანდრა რულოვსის გამარჯვება „ოცნებისთვის“ სააკაშვილის გამარჯვების ტოლფასია“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
ზუგდიდში პირველ ტურში „ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, ზუგდიდში ვითარების გართულებას არ გამორიცხავს პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ სანდრა რულოვსი ვერ შეძლებს ამომრჩევლის ხმების მიღებას.
„ზუგდიდში არჩევნების მოგებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სააკაშვილის მმართველობას თუ გავიხსენებთ, მის სინდისზეა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე–იურე მოწყვეტა. ამიტომ სანდრას გასვლით კარგს არაფერს არ მოველოდები. არ გამოვრიცხავ, რომ სანდრას გამარჯვების შემთხვევაში ცხელი წერტილები იყოს პროვოცირებული. ამიტომ ხელისუფლებამ უფრო ფრთხილად უნდა შეხედოს ამ საკითხს“, – აცხადებს თამარ კიკნაძე.