9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებებზე, საქართველოს ქალაქებში პირველად გამოჩნდნენ "უკვდავი პოლკის" ჯგუფები, ისინი პლაკატების და საბჭოთა სიმბოლიკის დემონსტრირებას ახდენდნენ ქალაქების ქუჩებში. "უკვდავი პოლკის" დემონსტრაციები ნომინალურად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას ეძღვნება, თუმცა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რეალურად ეს ძალები პრორუსულ პროპაგანდას ეწევიან.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ რუსეთი ხმარობს ნებისმიერ ბერკეტს, რომ საქართველომ როგორმე ევროპულ კურსს გადაუხვიოს და გახდეს პოსტსაბჭოთა სტრუქტურების წევრი.
კორნელი კაკაჩია:ზოგადად, "უკვდავი პოლკის"საქმიანობა შეიძლება დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენდეს, მაგრამ ამ საქმეს უნდა შევხედოთ სხვა განზომილებიდან, რუსეთი იყენებს საკუთარ ე.წ რბილ ძალას და მთლიანობაში ამის მიზანი არის, რომ საქართველოში მოხდეს ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით კონსესუსის რღვევა, რომ ქვეყანამ გადაუხვიოს ევროპულ კურსს და მომავალში გახდეს ევრაზიული და პოსტ საბჭოთა სტრუქტურების წევრი.
ასეთი ორგანიზაციების გააქტიურების მიზანი არის ის, რომ საზოგადოებაში მოხდეს აზრის და რუსეთი ამისთვის იყენებს ნებისმიერ ბერკეტს, მათ შორის ისტორიული მეხსიერების თემა, საერთო რელიგიის თემა, თუ სხვა.
"რეზონანსი": ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოში ბოლო დროს უფრო გააქტიურდნენ პრორუსული ძალები წინა წლებთან შედარებით?
კ.კ: ეს იმის დამსახურებაა, რომ თვიოთონ ხელისუფლება ამ ძალების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი, ჩვენ არ გვახსოვს ხელისუფლების მხრიდან არავითარი ხისტი გამონათქვამები და ზოგადად, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა, პრორუსულმა ძალებმა ძალიან თავისუფლად იგრძნეს თავი ქვეყანაში.
"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ჩვენ არავის არ ვუკრძალავთო აზრის გამოხატვის უფლებასო, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ხელისუფლების უმოქმედობის ფონზე ეს ორგანიზაციები კიდევ უფრო აქტიურდებიან და ის მოქმედებები, რომელიც ხუთი წლის უკან შეუძლებელი ჩანდა, მსგავსმა ძალებმა მომავალში შეიძლება უკვე სისრულეში მოიყვანონ.
"რ": რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მმართველ ძალას პრორუსული დაჯგუფებების მიმართ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში?
კ.კ: რაღაც რეაქცია ამ ჯგუფებისადმი მმართველ ძალას უნდა ჰქონდეს, არ ვამბობ, რომ უნდა დაიჭირონ, მაგრამ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს და რეაქცია უნდა ჰქონდეთ.
"რ": როგორ ფიქრობთ, ეს თავისუფლება პატარ-პატარა პრორუსულ ძალებს, ხომ არ ჩამოაყალიბებს სერიოზულ პოლიტიკურ ძალებად?
კ.კ: რუსეთის ხელისუფლების ერთერთი მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს არის, რომ რეალურად მოხდეს ასეთი ძალების კონსოლიდაცია გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, მათ შექმნან უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და შემდეგ საქართველომ შეცვალოს თავის ევროატლანტიკური ტრაექტორია, რაც კრემლის მიზანია.
"რ" :დღევანდელ პოლიტიკურ ფონზე რამდენად შესაძლებელია, რომ კრემლმა თავისი მიზნები განახორციელოს?
კ.კ: ამ ეტაპზე, კრემლის მიზნების განხორციელება საქართველოში ცოტა რთულია, იმიტომ, რომ, საბედნიეროდ საქართველოში ამ ეტაპზე ძლიერია ჯანსაღი ძალები - ასე, რომ რუსეთისთვის ეს ასეთი ადვილი არ არის.
ომის შემდეგ საქართველოში რუსეთისადმი გაუცხოვება საკმაოდ გაზრდილია და ეს ფაქტორი რუსეთში იციან, რუსეთი იწყებს პატარა ნაბიჯებით, ჯერ პატარა ჯგუფებს ქმნიან, შემდეგ პოლიტიკური პარტიების, რომლებიც უკვე არიან პარლამენტში და აჟღერებენ რუსეთის მისაღებ ნარატივებს
"რ": როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა რეაქცია დასავლეთს რუსეთის ამ ნაბიჯების გამო?
კ.კ:ეს ქართველი ხალხის ინტერესებში შედის, რომ ჩვენ გავწევრიანდეთ ნატოში, ევროატლანტიკური თანამეგობრობა საქართველოს მაგივრად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, თუ ქართველმა ხალხმა აზრობრივად კურს გადაუხვია, ბუნებრივია ევროატლანტიკური თანამეგობრობა ვერაფერს ვერ იზამს.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, გააგრძელებს თუ არა იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს,რომელსაც ახლა ატარებს, ჯერჯერობით, ახლა საფრთხე ამ კუთხით არ გვაქვს, მაგრამ რუსეთის მოწადინება ჩანს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში რაღაცა შეიცვალოს.