აჭარის ავტონომიურობის სტატუსმა დაბნეულობა გამოიწვია

აჭარის ავტონომიურობის სტატუსმა დაბნეულობა გამოიწვია

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი მურმან დუმბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის გადახედვას მოითხოვს. მისი აზრით, არა მარტო აჭარაში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში თვითმმართველობა უნდა გაძლიერდეს. მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პრეზიდენტი წარადგენს და აჭარის უმაღლესი საბჭო ამტკიცებს, თუმცა დუმბაძის აზრით, უკეთესი იქნებოდა, აჭარის უმაღლეს საბჭოს ჰქონოდა მეთაურის წარდგენის უფლებამოსილება.

მურმან დუმბაძემდე აჭარის სტატუსს ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, პოლიტიკაში ახლადშემოსული ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ აჭარის ავტონომიის ბედი თავად აჭარისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი იყო.

შეკითხვაზე, თუ რა ბედი ელის აჭარის ავტონომიას ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლის შემთხვევაში - ავტონომია გაიზრდება, საერთოდ გაუქმდება, თუ დარჩება ისე, როგორც დღეს არის (დე იურე - ავტონომიის მქონედ, დე ფაქტოდ კი - უუფლებოდ) ბიძინა ივანიშვილი განმარტავდა, რომ აჭარის რეგიონს ავტონომია მხოლოდ ქაღალდზე ჰქონდა, ხოლო მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თვითმმართველობის როლის გაზრდით ეს ვითარება შეიცვლებოდა.
“რაც შეეხება ავტონომიას, ამას მე ვერ გადავწყვეტ. ეს საკითხი არა ერთი ადამიანის, არამედ, პირველ რიგში, აჭარის მოსახლეობისა და მთელი საქართველოს გადასაწყვეტია. აჭარას ავტონომია უნდა ჰქონდეს მანამ, სანამ ამის სურვილი ექნება. თუ ერთ დღეს დანარჩენ საქართველოსთან სრულ ინტეგრაციას გადაწყვეტს, ასეც უნდა მოხდეს", - აცხადებდა მაშინ ივანიშვილი.

როგორც ცნობილია, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წელს დაარსდა აჭარის ავტონომიური რესუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. იმ დროს აჭარის ავტონომია 1921 წელს ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა, რაც ქართველი მუსლიმანების უფლებების გარანტი უნდა ყოფილიყო.

აჭარის სტატუსთან დაკავშირებით For. ge მურმან დუმბაძეს ესაუბრა.

თქვენ აცხადებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი შესაცვლელია და მისი შინაარსი არ ვარგა. ამასთან, განმარტავთ, რომ ავტონომიის გაუქმება ცოტა რთული ტერმინია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

- ავტონომიის საკითხს ნუ შევეხებით, რადგან არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. მე ვამბობ, რომ საქართველოს სახელწიფოს განვითარების ყველაზე უებარი წამალი არის თვითმმართველობა. ჩვენ უნდა გადავიდეთ თვითმმართველობების მიმართულებით. თვითმმართველობის კომიტეტში იქნება ყველაზე მეტი სამუშაო და საკანონმდებლო ინიციატივებიც სწორედ აქ შევა. მე არ ვლაპარაკობ რეგიონალურ თვითმმართველობაზე. აქ საუბარია საქალაქო თვითმმართველობაზე, რაიონულ თვითმმართველობაზე, სათემო თვითმმართველობაზე. თვითმმართველობის კანონი უნდა შეიცვალოს და კომპეტენციურად, ფუნქციურად თვითმმართველობები უნდა აღიჭურვოს საკმაოდ მძლავრი ბერკეტებით, როგორც ფინანსური, ასევე, ორგანიზაციული და საკადრო რესურსებით. ადგილზე ბევრი რამ უნდა წყდებოდეს, ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი უნდა გააკეთოს ის, რასაც ქვედა დონის ხელისუფლება ვერ აკეთებს. ეს არის ჩემი ამოსავალი პრინციპი. რაც შეეხება რეგიონალურ თვითმმართველობასა და აჭარის ავტონომიას, მისი პოლიტიკური წარსულის გამო ამ ავტომონომიას ამ წუთში ნუ განვიხილავთ. მით უმეტეს, დღევანდელი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას. ავტონომიურობა ამ წუთში ხელს არ გვიშლის. ის არსებობს.

მაგრამ ეს კომუნისტების გადმონაშთია.

- დიახ, კომუნისტების დროინდელია და უნდა გითხრათ, რომ, სანამ კომუნისტები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, მანამდე სწორედ მემედ აბაშიძე და სხვა დამფუძნებლები ავტონომიის სტატუსით ითხოვდნენ საქართველოს შემადგენლობაში დარჩენას და იმ დროისთვის ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.

ანუ ეს თურქეთის ძალმომრეობის გათვალისწინებით ხდებოდა.

- რა თქმა უნდა. ეს ავტონომია საერთაშორისო ხელშეკრულებით არის გამაგრებული, მაგრამ ამას ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ახლა მთავარია, ჩვენ ეს ავტონომია განვიხილოთ, როგორც რეგიონალური სტატუსის მქონე გეოგრაფია, რომელსაც გარკვეული სტრუქტურები აქვს და, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებას ადგილზე. 

თქვენ აცხადებთ, რომ ეს საკითხი ახლა დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ, მაინც კარგად არ ჟღერს ტერმინი „ავტონომია“, როდესაც მთლიან საქართველოზეა საუბარი. სამომავლოდ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება?

- ავტონომიურობის გაუქმების უამრავი სხვადასხვა ხერხი არსებობს.

თქვენ ამაში რეფერენდუმსაც მოიაზრებთ?

- დიახ, მაგრამ ერთი ყველაზე მარტივი ხერხი, რომელიც დიდ უხერხულობას გამოიწვევს, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვთქვათ, საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას და აუქმებს ავტონომიას, როგორც ეს გააკეთა ზვიად გამსახურდიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, ეს არ ივარგებს, რადგან შესაძლებელია, გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვეს. ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას კი არ მოსწონდეს. ეს ახლა მთავარი ამოცანა არ არის. მთავარი ამოცანა ის არის, რომ სხვადასხვა ხელისუფლებებს შორის ჰორიზონტალურ დონეზე კი არ გავმიჯნოთ კომპეტენციები, არამედ ვერტიკალურ დონეზეც გავმიჯნოთ და ყველა ხელისუფლება, ადგილობრივი ხელისუფლებიდან რეგიონალური ხელისუფლების გავლით და ცენტრალური ხელისუფლების ჩათვლით, ყველა ერკვეოდეს საკუთარ კომპეტენციებში და ფუნქციურად იყოს დატვირთული. ეს არის მთავარი ამოცანა.

უხერხულობას რატომ შექმნის ავტონომიის გაუქმება? აჭარლებში, აფხაზებისგან განსხვავებით, მტკივნეულად ხომ არ აღიქმება ავტონომიის სტატუსი?

- არა, მაგრამ, ვთქვათ, მეორე ვარიანტი ავირჩიეთ - რეფერენდუმის გზა და ვიკითხეთ - გინდათ თუ არა ავტონომია? გარკვეული პროცენტი დააფიქსირებს, რომ უნდა, გარკვეული პროცენტი კი ამას არ დაეთანხმება. ვთქვათ, 99 %-მა აღნიშნა, რომ არ მინდა აჭარის ავტონომიურობა, 1 %-ს კი - უნდა.

რა თქმა უნდა, უმრავლესობის აზრი უნდა გავიზიაროთ.

- იმ ერთ პროცენტთან რატომ უნდა მოვიდეთ წინააღმდეგობაში? როცა ეს საკითხი დღეს ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.

დღესდღეობით არა, მაგრამ მომავალში ხომ დააინტერესებს ქართველ ხალხს?

- სტრუქტურულად რეგიონალიზმი არ უშლის ხელს. ჩვენი ქვეყანა რეგიონების ქვეყანაა. არსებობს გურიის რეგიონი, იმერეთის, კახეთისა და სხვა რეგიონები. მე ასე მესმის, რომ სიტყვა „ავტონომუს“ ნიშნავს თვითმმართველობას. ეს არის რეგიონალური თვითმმართველობა. მას ჰყავს ადგილობრივი რეგიონალური მთავრობა, რომელიც ვერ გამოსცემს ისეთ კანონებსა და ნორმატიულ აქტებს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუ ეს კანონები გადის მის მიღმა, მაშინ ამაში ერევა საქართველოს კონსტიტუცია. ასე რომ, არასწორი ინტერპრეტაციაა, როცა ჟურნალისტებთან ვთქვი, რომ კონსტიტუციური შინაარსი შესაცვლელია-მეთქი. შესაცვლელია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ თვითმმართველობებზე უნდა გადავიდეთ. თვითმმართველობა გადარჩენის მთავარი წინაპირობაა. ცენტრალური მართვით არაფერი გამოვა, ცენტრალური მართვით გამოდიოდა ის, რაც აქამდე გამოდიოდა.

ახლა არ არის მემედ აბაშიძის ეპოქა. ამის გათვალისწინებით, ხომ არ აჯობებდა, თვითონ აჭარლები გამოგვეკითხა (და არა მთლიანად საქართველოს მოსახლეობა) და გაგვეგო მათი აზრი ავტონომიასთან მიმართებით? მით უფრო, რომ საქართველოს მოსახლეობა გამთლიანებისკენ მიისწრაფვის.

- მთლიანად საქართველოს მოსახლეობა არც უნდა გამოვკითხოთ, არამედ უნდა გამოიკითხოს რეგიონალური მოსახლეობა, რადგან, ვთქვათ, რაჭის, ამბროლაურის მოსახლეობა ამას ვერ გადაწყვეტს. ამას ბუნებრიობა და ისტორია მოიტანს. ხელოვნურად ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ახლა უფრო რთული ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი, ეს არის საქართველოში კარგი კონსტიტუციის მიღება, კარგი ხელისუფლების ჩამოყალიბება და თითოეული მოქალაქის პატივისცემა ხელისუფლების მიერ. ის პირობები უნდა შესრულდეს, რასაც „ქართული ოცნება“, როგორც გამარჯვებული პოლიტიკური პარტია, ხალხს დაჰპირდა.

როგორ გგონიათ, რიგით აჭარლებს ეამაყებათ, რომ მათ ავტონომია აქვთ? ისინი ხომ თავს ერთიანი საქართველოს ნაწილად გრძნობენ?!

- ახლაც ერთიანნი არიან, ეს უბრალო სტრუქტურაა. ნუ შეგვაშინებს სიტყვა „ავტონომია“. მაგალითად, იტალია ავტონომიის ქვეყანაა, საფრანგეთი რეგიონების ქვეყანა, ესპანეთი ავტონომიების ქვეყანა. ამით ერთიან სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და გეოგრაფიას არავითარი საფრთხე არ აქვს.

თუმცა კომუნისტების ჩანაფიქრი ავტონომიასთან მიმართებით სხვა იყო...

- ეს კომუნისტების ნაღმი იყო. ამიტომაც ამის გამო გვეშინოდა ავტონომიის. ახლა კი კომუნიზმის ეპოქა დამთავრდა და ასლან აბაშიძის ეპოქაც დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძე სახელისუფლებო სეპარატიზაციის გზით მიდიოდა, 2004 წლის 6 მაისს ხომ ნახეთ, მთლიანმა აჭარამ სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, არავითარი საფრთხე არ არსებობს.