ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება 10 წლით დაგვიანებული გადაწყვეტილებაა

ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება 10 წლით დაგვიანებული გადაწყვეტილებაა

სააკაშვილის განცხადებას ცალმხრივად ძალის გამოუყენებლობის შესახებ გამოხმაურება მოჰყვა. მოსკოვი „იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის“ ხელმოწერას მოითხოვს. ცხინვალის რეჟიმი სააკაშვილის განცხადებებს არ ენდობა

და აცხადებს, რომ „გარანტიების გარეშე მისი ნდობა თვითმკვლელობის ტოლფასია“.

 

თბილისში აცხადებენ, რომ სააკაშვილს ძალის არგამოყენების შესახებ უფრო ადრე რომ ესაუბრა, დღეს ვითარება ბევრად უკეთესი იქნებოდა. ექსპერტების შეფასებით,   რუსეთისგან საფრთხე არანაირად არ გაიზრდება, რადგან კრემლმა ყველა სურვილი შეისრულა და სამხედრო ძალები განალაგა იმ რეგიონში, რომელიც ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფანია.

           

საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, - აცხადებს სააკაშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, სათანადო წერილებით გაერო-სა და ეუთო-ს გენერალურ მდივნებს, ასევე – ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართავს.

 

30–წუთიან გამოსვლაში სააკაშვილი გამოვიდა ცალმხრივი ინიციატივით, რომ საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად მხოლოდ მშვიდობიან მეთოდებს გამოიყენებს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ინიციატივა დაძაბულობას განმუხტავს და შესაძლებელს გახდის სერიოზული მოლაპარაკებების წარმართვას.

 

„ევროპამ რუსეთთან შუამავლის როლი იკისრა და ახლა მეორე მხარის პასუხს უნდა დაველოდოთ“, –  აცხადებს ევროგაერთიანებაში ქართული მისიის ხელმძღვანელი სალომე სამადაშვილი.

 

ევროპარლამენტი მზადაა, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩაერთოს და რუსეთისგან საპასუხო ნაბიჯებს მოელის. როგორც სააკაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა განაცხადა, „პრეზიდენტის ინიციატივები მნიშვნელოვანია როგორც კავკასიის რეგიონისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც“.

 

„ეს განცხადება სიტყვასიტყვით იყო ნათქვამი ბატონი სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს აგრესიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. ეს რომ არა, ეს განცხადება მისასალმებელი იქნებოდა, – აცხადებს რუსეთის დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი – საქართველოს პრეზიდენტმა მაშინაც ზუსტად ასე განაცხადა, რომ არ აპირებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯარის გაგზავნას და ამ განცხადების შემდეგ სწორედ ეს გააკეთა“.

 

კონსტანტინე კოსაჩოვი ასევე აცხადებს, რომ ახლა არ არის საჭირო მსგავსი განზრახვების დეკლარირება, არამედ ახლა საჭიროა ხელი მოეწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელსაც - „ერთი მხრივ საქართველოს ხელისუფლება მოაწერს ხელს, ხოლო მეორე მხრივ – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებები“.

 

„ამ შემთხვევაში რუსეთი შესაძლოა იქნებოდა გარანტი ამგვარი იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულების გაფორმებისა“, – აცხადებს კოსაჩოვი.

 

ცხინვალის რეჟიმი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს არ ენდობა - ამის შესახებ, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა მერაბ ჩიგოევმა „ინტერპრესნიუსს“ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. ჩიგოევის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხს აქვს გამოცდილი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავის სიტყვას არ ასრულებს.

 

„2008 წლის 8 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბატონი სააკაშვილი ტელევიზიით გამოვიდა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს ეფიცებოდა, რომ ძალის გამოყენება არ იქნებოდა. ზუსტად 4 საათის შემდეგ კი ბომბები დაგვატყდა თავს. ასე რომ, ბატონი სააკაშვილის ნდობისგან ძალიან შორს ვარ, რადგან საღად მოაზროვნე ადამიანი ვარ.

 

ასევე მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ამ ვალდებულების შესრულების გარანტი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ამ ბატონის განცხადებებს აბსოლუტურად არ ვენდობი, რადგან გვაქვს გამოცდილება, რომ ის თავის სიტყვას არ ასრულებს. ასე რომ გარანტიების გარეშე მისი ნდობა თვითმკვლელობის ტოლფასია“, - განაცხადა ჩიგოევმა.

 

მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის უმთავრესია, ჰქონდეს მყარი გარანტია, რომ საქართველო თავს აღარ დაესხმება. „როგორი ფორმით იქნება ეს, მეორე საკითხია, მაგრამ ჩვენ სრულად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ ძალას აღარ გამოიყენებს“, - განაცხადა ჩიგოევმა.

 

„მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნაზე განაცხადა ის, რაც აქამდე უნდა გენეცხადებინა და რასაც ჩვენი დასავლელი პატრნიორები მისგან დიდი ხანია, ელოდნენ, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. ძალის არგამოყენების დეკლარირება და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სტრატეგიის ინიცირება ქართულ მხარეს აქამდე რომ მოეხდინა, ქვეყანაში ვითარება სულ სხვაგვარი იქნებოდა“ - განუცხადა „პირWელს“ პარლამენტარმა ნიკა ლალიაშვილმა, რომელიც დარწუნებულია, რომ „ასეთ შემთხვევაში ქართული მხარე რუსეთთან ომისა და ამ ომის შედეგების თავიდან აცილებას შეძლებდა“.

 

დეპუტატი გურამ ჩახვაძე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალის არგამოყენების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის ცალმხრივ ინიციატივას „პოლიტიკურად სწორ სვლად“ აფასებს: „პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია, რომ სააკაშვილმა აღნიშნული ინიციატივით არა მოსკოვს ან მარიონეტულ რეჟიმებს, არამედ გაეროს, ეუთოს და ევროკავშირს მიმართა, რომლებიც რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებელნი. სააკაშვილმა, ერთის მხრივ, თქვა, რომ კონფლიქტების გადასაჭრელად ძალას არ მიმართავს და ამავდროულად ამ განაცხადით რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე და არსებული პრობლემების გადაჭრაზე პასუხისმგებლობა სწორედ საეთაშორისო ორგანიზაციებს დააკისრა“.

 

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებით რუსული საფრთხე არ გაიზრდება“, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა.

 

„რუსეთმა თავისი უკვე გააკეთა - მიიღო ყველაფერი, რისი მიღებაც უნდოდა. რა საფრთხე უნდა გაიზარდოს? თბილისი რომ არ აიღოს?! რუსეთს სჭირდებოდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, რათა იქ სამხედრო ბაზები განელაგებინა და ამით ნატოში საქართველოს გაწევრიანება არ დაეშვა. არსებული რუსული საფრთხეც კი მინიმუმზე დადის, რადგან რუსეთს არ ექნება არანაირი მორალური უფლებაც კი, თუნდაც რამე უკუღმა თქვას“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

მისივე შეფასებით, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების ინიციატივა ბრწყინვალე, თუმცა, 10 წლით დაგვიანებული გადაწყვეტილებაა.

 

„ეს ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა გაგვეკეთებინა, დღეს კი ადმინისტრაციული საზღვრების გახსნასა და აფხაზებისა და ოსების უფრო ადვილად დაშვებაზე უნდა ვლაპარაკობდეთ. რაც მთავარია, უნდა ვაღიაროთ შეცდომები. სააკაშვილი გამოვიდა და არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ქართული მხარე რამეში დამნაშავეა. რეაქცია არანაირი იქნება, მაგრამ ორი-სამი წლის შემდეგ სალაპარაკო გვექნება. საშუალება გვეძლევა, ურთიერთობები ხელახლა დავიწყოთ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

მისივე განმარტებით, იმ დოკუმენტებში, რომლებსაც თბილისი საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის, საქართველომ უნდა ჩადოს კონკრეტული ინიციატივები და აიღოს ვალდებულებები. „მაგალითად, არ უნდა გადაადგილდეს შეიარაღებული ძალები კონკრეტულ მანძილზე კონფლიქტური რეგიონიდან და ვინ ჩაატარებს მონიტორინგს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების შესახებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა არის პასუხი საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნაზე“ – ამის შესახებ, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“  განუცხადა.

 

„ეს არის პასუხი იმ მოთხოვნაზე, რომელსაც აყენებენ ჩვენს წინაშე, კერძოდ, მოვაწროთ ხელი ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას. ფაქტია, პრეზიდენტს უთხრეს, რომ ურთიერთობა და დამოკიდებულებები უნდა შეცვალოს. იგი ცდილობს, შეცვალოს – ახორციელებს კადრების გადანაცვლებას, ევროპარლამენტში ახალი ინციატივებით გამოდის. მისი ერთი და იგივე ლაპარაკი ყველამ მოისმინა და ამან შედეგი არ გამოიღო, თუმცა, არ მგონია, ამას მაინც მოჰყვეს შედეგი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

მისივე აზრით, ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაზე შეთანხმდებიან უმთავრესი „მოთამაშეები“ - აშშ, ნატო, ევროკავშირი და რუსეთი. „რაც შეეხება რუსეთისგან მომავალ საფრთხეს, არანაირად არ გაიზრდება, რადგან რუსეთმა ყველა სურვილი შეისრულა და სამხედრო ძალები განალაგა იმ რეგიონში, რომელიც ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფანია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებულ ცალმხრივ ინიციატივას „ბრწყინვალე სვლად“ აფასებს.

 

პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდების გამოყენების შესახებ ცალმხრივი ინიციატივის გაჟღერებით „საქართველომ თავი დააღწია რუსეთის მხრიდან მუდმივ ზეწოლას, რომელიც სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას უკავშირდებოდა“.

 

„სააკაშვილის ეს ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა ბრწყინვალე სვლაა კრემლის ზეწოლისგან თავის დასაღწევად. ამ პირობის მთელი ევროპული საზოგადოების წინაშე გაჟღერებით თბილისი სოხუმსა და ცხინვალს იმაზე მეტ გარანტიებს აძლევს, ვიდრე მათ მოსკოვი სთავაზობდა. საქართველო, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირში მიილტვის, ამ სიტყვებს ვერ გატეხს, აქედან გამომდინარე, სააკაშვილის განცხადებებს იმაზე ბევრად მეტი წონა აქვს, ვიდრე მოსკოვის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი სახის შეთანხმების გაფორმებას. დარწმუნებული ვარ, ამას ცხინვალსა და სოხუმშიც სათანადოდ შეაფასებენ“, - განაცხადა ცინცაძემ.

 

სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებულ ცალმხრივ ინიციატივას “დროულად” აფასებს.

 

როგორც „პირWელს“ მელითაურმა განუცხადა, „მორიგი ომისთვის მზადების შესახებ იმ ბრალდებების ფონზე, რომელიც რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმების მხრიდან საქართველოს მისამართით მუდმივად გაისმოდა, მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული განცხადება აუცილებლად უნდა გაეკეთებინა“.

„ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო ძალის გამოყენება საქართველოსათვის ამ ეტაპზე მომგებიანი ნამდვილად არ არის და კარგია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ამ გზის მიუღებლობის დემონსტრირება მოახდინა. ამასთან, სააკაშვილი იტოვებს უფლებას, საქართველოს ტერიტორიის დარჩენილი 80 პროცენტისთვის საფრთხის დამუქრების შემთხვევაში საქართველომ თავი დაიცვას, რაც სრულიად ბუნებრივია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ინტერესების დასაცავად მზად უნდა იყოს“ – აღნიშნა მან.

 

ამასთან, მელითაურის აზრით, მარიონეტულ რეჟიმებთან ანალოგიური შინაარსის დოკუმენტის გაფორმება დაუშვებელია, რადგან ეს აღნიშნული რეჟიმების აღიარების ტოლფასი იქნება.

 

ექსპერტი კახა კაციტაძე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დღეს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებულ ინიციატივას „ხელისუფლების მიერ კრახის განცდის მორიგ გამოხატულებად“ აფასებს: „სააკაშვილის მხრიდან გაკეთებული ეს განცახდება უკანდახევას ნიშნავს. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ხელისუფლება ცენტრალური ტელეარხების მეშვეობით საპირისპირო შინაარსის განცხადებებს ჩაგვჩიჩინებდა, ახლა კი ფირფიტა ამოაბრუნა. ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური კრახი იმ ხელისუფლებისა, რომელსაც ის ადრეც მრავლად განუცდია“.