FATCA – ახალი თავსატეხი ბანკირებისთვის. როგორ მოვძებნოთ ოპტიმალური გამოსავალი?

FATCA – ახალი თავსატეხი ბანკირებისთვის. როგორ მოვძებნოთ ოპტიმალური გამოსავალი?

2010 წლის მარტში აშშ–ში მიღებულ იქნა კანონი უცხოური ანგარიშების დაბეგვრის შესაფერისობის შესახებ – Foreign Account Tax Compliance Act (FATCA). იგი ნაწილია იმ ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელსაც აშშ მთავრობა 2008 წლის კრიზისის შემდეგ ახორციელებს და მიმართულია აშშ მოქალაქეთა მიერ გადასახადების თავის არიდების წინააღმდეგ. აქტით განსაზღვრული ფისკალური ღონისძიებები ითვალისწინებს:

 

  1. უცხოურმა საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა გააფორმონ ხელშეკრულება აშშ ფინანსთა სამინისტროს შიდა შემოსავლების სამსახურთან (IRS (Internal Revenue Service));
  2. ამ ხელშეკრულების დამდებმა საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა აიღონ ვალდებულება, IRS–ს მიაწოდონ ინფორმაცია ამერიკელი მოქალაქეების მიერ მათ ორგანიზაციაში გახსნილი ანგარიშებისა და ამ ანგარიშების საშუალებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ;
  3. ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, IRS აშშ–ში მყოფ წყაროსთან დაუკავებს თავის მოქალაქეებს უცხოურ ანგარიშგებზე ჩარიცხული თანხების 30 %–ს შემდგომ დაბეგვრის მიზნით ;
  4. ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე საფინანსო ინსტიტუტი ვალდებული იქნება ანგარიშზე შემოსავლის 30 % IRS–ის სასარგებლოდ დაუკავონ ისეთ კლიენტებს, რომლებიც უარს ამბობენ თავიანთი რეზიდენტობის კუთვნილების გამჟღავნებაზე.

აქედან გამომდინარე, ქართული საფინანსო ინსტიტუტების, პირველ რიგში კი კომერციული ბანკების წინაშე დგება შემდეგი ობიექტური პრობლემები:

1. თუ ისინი არ ითანამშრომლებენ IRS–თან, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ აქტი ითვალისწინებს პროცედურებს, რომლის შემდეგაც აშშ მოქალაქეებს შესაძლებელია დაუბრუნდეთ დაკავებული თანხა, ბანკებს მაინც შეუმცირდებათ შემოსავალი, რადგან:

– ასეთი პროცედურები მოითხოვს გარკვეულ დროს,

– ბანკის კლიენტი აშშ მოქალაქეები შეეცდებიან ანგარიშები დახურონ ასეთ ბანკებში, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი ტრანზაქციული დანახარჯები.

2. თუ ბანკები ითანამშრომლებენ IRS–თან და აიღებენ ვალდებულებას მას მიაწოდონ ინფორმაცია აშშ მოქალაქეების ანგარიშების შესახებ, მაშინ ისინი დგებიან სამართლებრივ პრობლემასთან –  დაირღვევა საბანკო საიდუმლოება, რომელსაც ითვალისწინებს „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლი და აქედან გამომდინარე შესაძლო შედეგებთან, მათ შორის დანახარჯებთან.

უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ იმ შემთხვევაში თუ საფინანსო ინსტიტუტები არ წავლენ IRS–თან თანამშრომლობაზე, მათ შეექმნებათ დამატებით კიდევ ერთი პრობლემა – გაეზრდებათ სარეპუტაციო რისკი, რადგან ასეთი საფინანსო ინსტიტუტები აშშ მთავრობის მიერ (და ალბათ მომავალში სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერაც) განხილულნი იქნებიან როგორც არასაიმედონი – პოტენციურად დაკავშირებულნი გადასახადების თავის ამრიდებლებთან, კორუფციაში და ფულის გათეთრებაში ჩართულ პირებთან.

აღნიშნული აქტი ძალაში შედის 2014 წლის 1 იანვრიდან და აშშ მთავრობა უკვე ახორციელებს ღონისძიებებს მისი იმპლემენტაციის მიმართულებით და ზემოქმედებას ახდენს ქვეყნებსა და სხვადასხვა ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებზე მიღებულ იქნას შესაბამისი პროცედურები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე მათი ამ დროისთვის დანერგვის მიზნით.

როგორ უნდა მოხდეს ადაპტაცია?

უნდა აირჩეს ერთ–ერთი მიმართულება:

1. სახელმწიფო მხოლოდ ნომინალურად ერევა საკითხის გადაწყვეტაში საკანონმდებლო ცვლილებით. კერძოდ, შესწორება შედის „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლში, რომელიც უფლებას მისცემს კომერციულ ბანკებს გაამჟღავნონ საბანკო საიდუმლოება აშშ ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ. ამით IRS–თან თანამშრომლობის მთელი სიმძიმე გადადის საბანკო სექტორზე და ისინი ერთი ერთზე რჩებიან მასთან.

2. აქტის ამოქმედებამდე დარჩენილ დროში სახელმწიფო აქტიურად ერთვება საკითხის მოგვარებაში და აშშ მთავრობასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, იწყებს მოლაპარაკებებს აქტით გათვალისწინებული თანამშრომლობის დასანერგად. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნას ისეთი ქვეყნების გამოცდილება, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია და იაპონია, რომლებმაც უკვე გააფორმეს ხელშეკრულება აშშ–სთან, რომ აქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიაწოდონ მათ თავიანთი კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით. ამ გზით ამ ქვეყნებმა:

  1. პასუხისმგებლობის ტვირთი ცალკეული საბანკო დაწესებულებებიდან გადმოიტანეს სამთავრობო დონეზე, რითაც ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებს შეუმცირდათ სარეპუტაციო რისკი;
  2. შეამცირეს თავიანთი ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების დანახარჯები;
  3. მიიღეს დამატებითი სარგებელი და მათ შორის უფლება აშშ–დან თავიანთი რეზიდენტების შესახებ ინფორმაციის მიღების შესახებ.

შესაძლებელია თუ არა საქართველომ აირჩიოს ასეთი ტიპის თანამშრომლობა?

საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია ასეთი ტიპის თანამშრომლობა. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეფასებულ უნდა იქნას ის უპირატესობანი და ნაკლოვანებები, რომელიც შესაძლოა ასეთი თანამშრომლობის შედეგად წარმოიქმნას. თუმცა შესწავლის გარეშე, წინასწარი შეფასებითაც აშკარაა, რომ თანამშრომლობა სამთავრობო დონეზე, ცენტრალიზებულად უფრო მომგებიანია ყველა შემთხვევაში. გასათვალისწინებელია, რომ საჭირო აღარ იქნება  ისეთი ფაქიზი საკანონმდებლო შესწორება, როგორიც საბანკო საიდუმლოებაში ცვლილების შეტანაა.

ჩვენი კანონმდებლობით ამერიკული მხარისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება და მიწოდება შეუძლია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სამთავრობო დონეზე ურთიერთთანამშრომლობა უფრო მომგებიანი იქნება, როგორც საფინანსო სისტემისათვის ისე მთავრობისათვის, რადგან ასეთი თანამშრომლობა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ორმხრივ სარგებელს, რაც საქართველოსთვის შესაძლოა აშშ–დან დამატებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღებას გულისხმობდეს.