დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან ისაუბრა იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროდან შესასწავლად წამოიღო. წულუკიანის განცხადებით, ამ დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ რამდენიმე იუსტიციის სახლი დასრულების პროცესშია, ხოლო 2013 წელს საქართველოს სხვადასხვა რაიონში კიდევ 13 იუსტიციის სახლი უნდა აშენდეს, თუმცა ამ დოკუმენტაციაში არ არის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა, რის გამოც მინისტრობის კანდიდატი აპირებს, ორშაბათიდან კითხვები მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანთან დასვას. თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტროდან ასევე წამოიღო საშტატო ნუსხა, რომელშიც სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასები არის მითითებული, გარდა მინისტრისა და მისი მოადგილეებისა.
მინისტრობის კანდიდატი აპირებს, რომ იურისტ დავით ჯანდიერთან ერთად ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართოს, რათა არსებულ სიტუაციაში კარგად გაერკვეს. თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტროს სტრუქტურაში შესაძლოა ცვლილებები უკეთესი მენეჯმენტის მიზნით შევიდეს, მაგრამ ეს მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებთან კონსულტაციების შემდეგ გაკეთდება.
„მე, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მინდა, შეწყდეს ის პრაქტიკა (გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ჩვენი მსოფლმხედველობა და ამიტომ ვიყავით ოპოზიციაში) როდესაც ერთი ადამიანი ღებულობს გადაწყვეტილებას და შემდეგ ხდება ამ გადაწყვეტილების სხვებისთვის თავს მოხვევა. კონცეფცია მაშინ იქნება კონცეფციის სახელის ღირსი, როდესაც მას ყველა თანამშრომელი გაიზიარებს, გამოთქვამს შენიშვნებს, ამას განიხილავენ ექსპერტები და იქნება საზოგადოებრივი განსჯა, რა სჯობს, რა არ სჯობს, რა უნდა შეიცვალოს და ა.შ.“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
იგი შეეხო მინისტრთა კაბინეტის დაკოპლექტების საკითხს და აღნიშნა, რომ რამდენიმე პოსტი ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც კანდიდატურის შერჩევას დიდი დრო მიაქვს. ამის მაგალითად მან განათლების, ფინანსების და ენერგეტიკის სფეროები დაასახელა. ამიტომ წულუკიანის განცხადებით, ამ სფეროებთან დაკავშირებით სერიოზული კონსულტაციები მიმდინარეობს იქიდან გამომდინარე, რომ შერჩეული კანდიდატურები სერიოზული გამოცდილების, პატიოსანი წარსულის და სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანები უნდა იყვნენ.
თეა წულუკიანმა სამარცხვინო უწოდა ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის ქმედებას. შეგახსენებთ, ეს ის ადვოკატია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების სახელმწიფოს მიერ კონფისკაციის პროცესებში მონაწილეობდა და რომელმაც ამ პროცესებში მონაწილეობაში მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა ამხილა.
„ადვოკატი ყავლაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის არცხვენდა ადვოკატის პროფესიას. ეს არის საპროცესო შეთანხმებების, გარიგებების და საქმეების მოკვარახჭინების სპეციალისტი. ამიტომაც თავის დროზე არავის გაგვკვირვებია, რომ სწორედ ის იყო გარეული კომპანია „ბურჯის“ და კიდევ ძალიან ბევრ სხვა ამბებში, რომლებიც საზოგადოებაში პირდაპირ უკავშირდებოდა უსამართლობის თემას. ამიტომაც, რბილად რომ ვთქვათ, დასანანია, რომ პროფესიით ადვოკატი ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული უსამართლობასთან მაშინ, როდესაც პირიქით უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, თუკი ბატონმა ყავლაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა, ეს თვითგადარჩენის მცდელობას ჰგავს“, - აღნიშნავს თეა წულუკიანი.
მისი თქმით, სამართალი ყველასთვის ერთი იქნება და ქვეყანაში შერჩევითი სამართალი აღარ იარსებებს. ამიტომ ყველა დამნაშავეს განსჯის სამართლიანი სასამართლო, რომელიც ქვეყანაში ჯერ არ არის, მაგრამ აუცილებლად იქნება. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ აუცილებლად მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია და ასევე უნდა მოგვარდეს მოსამართლეების პრობლემაც, რომლის გადაწყვეტაც ძალიან რთულია. მისი თქმით, პრობლემურია მოსამართლეების უცვლელობის პრინციპი, რასაც საქართველო უნდა იზიარებდეს, თუკი გვსურს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ. წულუკიანის თქმით, როდესაც მოსამართლე რაღაც ვადით არის დანიშნული, ცივილიზებული სამყარო იზიარებს პრინციპს, რომ ამ ვადის განმავლობაში არ შეიძლება, მოსამართლეს ვინმე შეეხოს, გადააყენოს, ჩაერიოს მის განსახილველ საქმეში და ა.შ. ეს არის მოსამართლის უცვლელობის პრინციპი, რაც მის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას უზრუნველჰყოფს. მეორეს მხრივ, კი სწორედ ეს პრინციპი გარკვეულ პრობლემებს ქმნის და თეა წულუკიანი ამბობს, რომ ამას სჭირდება სერიოზული ფიქრი იმაზე, თუ როგორ ვუშველოთ მოსამართლეებს.
„ჩემი უპირველესი საზრუნავი იქნება პროკურორებისთვის საპროკურორო ფუნქციების დაბრუნება. პროკურორი ვეღარ იქნება ის ადამიანი, რომელიც მოსამართლის მაგივრად ახორციელებს მართლმსაჯულებას და მოსამართლეებისთვის ეს უკვე დიდი შვება იქნება. მოსამართლეების ის 90% მყავს მხედველობაში, რომლებიც მართლაც კომპეტენტურები არიან, ალბათ ბევრი საქმე არც თუ ისე კარგად განუხილავთ, მაგრამ მათთვის წნეხის მოხსნის შემთხვევაში, შეიძლება მათგან მივიღოთ დამოუკიდებელი მოსამართლეები. რაც შეეხება მოსამართლეების დანარჩენ 10%-ს, რომლებმაც საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სამარცხვინო გადაწყვეტილებები მიიღეს, ამ მოსამართლეებს მე ვურჩიე (და ჯერ-ჯერობით მეტს არაფერს ვიტყვი), საკუთარ სინდისთან მარტო დარჩნენ, მანამ, სანამ დროა“, - აღნიშნავს თეა წულუკიანი.
აქვე იგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მხოლოდ მოსამართლეთა გარკვეულ წრეს ენდობოდა და საქმეების კატეგორიის მიხედვით, მათ იცოდნენ, რომელ მოსამართლეს უნდა განეხილა კონკრეტული საქმე. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ამ მოსამართლეებს ხელისუფლებამ რაღაცნაირად უნდა მოუაროს იმისთვის, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება შედგეს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლეებს არ და ვერ შეეხება, უბრალოდ პირობას დებს, რომ სასამართლო პროკურატურისგან გათავისუფლდება, პროკურატურა საკუთარ ღირსებას დაიბრუნებს და იუსტიციის სახლების მშენებელი აღარ იქნება და პროკურორებს არ ექნებათ დრაკონული ინსტრუქციები, რომ აუცილებლად რაღაც კომუნისტური ხუთწლიანი გეგმა უნდა შეასრულონ და საქმეების 90% აუცილებლად საპროცესო შეთანხმებით უნდა დაასრულონ.
აქვე თეა წულუკიანი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ პროგრამის თანახმად, პროკურატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს სამართლის მსახურ ინსტიტუტად და არის მოსაზრება, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ინსტიტუტი იყოს ხელისუფლების რომელიმე შტოს ქოლგის ქვეშ. ეს შეიძლება იყოს აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ იუსტიციის სამინისტრო, ან სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების ნაწილი გახდეს. წულუკიანის განცხადებით, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, მაგრამ გარდამავალ პერიოდში იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს მოუწევთ იმ პირობებში მუშაობა, რასაც ამჟამინდელი სტრუქტურა ითვალისწინებს, რადგან ახალი ხელისუფლების მიზანია წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეების გამოსწორება და ამისათვის საჭიროა ზედმეტი რყევების გარეშე შენარჩუნდეს არსებული სისტემა, რათა იმ კონდიციამდე მივიდეს, რომ მასშტაბური გარდაქმნის განხორციელება შეძლოს.
თეა წულუკიანი არ ფლობს ინფორმაციას, სად არის მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, თუმცა აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ზოდელავას თავისი თანამდებლობის შენარჩუნება მაინცდამაინც არ სურს. წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე კი მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება და ეს ეხება ყოფილ ხელისუფლებასაც და ახალ ხელისუფლებასაც.
„ჩვენ არ გავაკეთებთ იმ საზიზღრობას, რაც რევოლუციის შემდეგ ვიხილეთ. მეც და ჩემი კოლეგებიც ვდებთ იმის პირობას, რომ არავის არ გვექნება დაგეგმილი ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას შეურაცხყოფს. ყველას გვახსოვს და მე პირადად თვალებიდან არ მცილდება ის კადრები, რასაც რევოლუციის შემდეგ ტელედაჭერები ერქვა, საძინებელი ოთახიდან კორუმპირებული ჩინოვნიკების მეუღლეების ძალისმიერი მეთოდით გამოყვანა და ამის ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება. ამას ჩვენ არ ვაპირებთ, რადგან უფრო დიდი კულტურის სახელმწიფო გვინდა, ვიდრე ეს მიხეილ სააკაშვილმა შეძლო“, - ამბობს თეა წულუკიანი.
თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაული არ დაისჯება. ამას სჭირდება საქმეების შესწავლა და მტკიცებულებების შეგროვება, ხოლო ამის შემდეგ ყველა დამნაშავეს სამართლიანი სასამართლოს მიერ შესაბამისი სასჯელი დაენიშნება.
„გახსოვთ ალბათ სააკაშვილის ფრაზა, რომელიც მან სულხან მოლაშვილის მისამართით თქმა - იგი ბოლო კაპიკამდე მოიტანს იმას, რაც წაიღოო. სტრასბურგის სასამართლოს მიერ ეს ფრაზა უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევად ჩაითვალა და ჩვენი ქვეყანა დღესაც ამისთვის ბოდიშს იხდის. ჩვენ არაფერს ჩავიდენთ ისეთს (ყოველ შემთხვევაში შევეცდებით), რისთვისაც ჩვენს ხალხს შემდეგ ბოდიშის მოხდა მოუწევს“, - აღნიშნავს წულუკიანი.
მან ასევე საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებთა სასამართლოში გაგზავნილ საქმეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი სტრასბურგში შედგება იმ მიზნით, რომ იუსტიციის სამინისტრომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ქართული საქმეებისგან განტვირთოს. თეა წულუკიანის თქმით, ამას ორი შედეგი ექნება. პირველი ის, რომ ახალი ხელისუფლება საქართველოში დაამკვიდრებს კულტურას, რომლის თანახმადაც ადამიანის უფლებები ქვეყნის შიგნით გვარდება, რათა ადამიანს არ უწევდეს რკინის ქალამნების ჩაცმა და სადღაც სიარული, ხოლო შემდეგ 5-6 წელი ლოდინი იმისათვის, რომ სამართალს მიაღწიოს. მეორე შედეგი კი იქნება ის, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტრო ამას მოახერხებს, სტრასბურგის სასამართლოში ჩივილი უპერსპექტივო აღარ იქნება. აქვე მინისტრობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოსაც ექნება საქმეების რაღაც ოდენობა, რომელსაც ქვეყნის შიგნით ვერ მოაგვარებს, რადგან დაზარალებულს ყოველთვის უფრო მეტი ენდომება, ან ხელისუფლებას რაღაც შეეშლება. თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს საქმეებზე ორი ან სამი იურისტი და ერთი მოსამართლე მუშაობს, რაც მათთვის დიდი ტვირთია და რის გამოც, საქმეების განხილვა დროში ძალიან ჭიანურდება, ხოლო მას შემდეგ, რაც ევროპის სასამართლო ქართული საქმეებისგან განიტვირთება, საქმის წარმოებაც უფრო დაჩქარდება.
„ამდენად, ჩვენ გვექნება ორი შედეგი, - სწრაფი სტრასბურგი და ადამიანის უფლებები, დაცული ქვეყნის შიგნით. მეგობრული მორიგება (რომელსაც სტრასბურგის სასამართლო ითვალისწინებს) ადეიშვილის ხელში არ იყო კულტურა. მე მახსოვს, გირგვლიანის საქმეზე და იმ საქმეზეც კი (აღარაფერს ვამბობ სხვა საქმეებზე), სადაც ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ ორთაჭალის ციხეში პატიმრები ჩაახოცინეს, იუსტიციის სამინისტრო ევროპის სასამართლოში აგზავნიდა მოსაზრებებს და თავს იმართლებდა. იმ საქმეზე, სადაც მართლაც არის დარღვევა, სახელმწიფომ ეს უნდა აღიაროს. უნდა აღიაროს, რომ დაირღვა და შემდეგ გამოასწოროს ის, რაც დაირღვა. გარდაცვლილის შემთხვევაში ეს არის დამნაშავის დასჯა და ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა. სამწუხაროდ, მიცვალებულს ვერავინ გააცოცხლებს“, - ამბობს თეა წულუკიანი.
იგი მადლობას უხდის პირადად ბიძინა ივანიშვილს უდიდესი ნდობისთვის, ვინაიდან თეა წულუკიანის განცხადებით, პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო მისი იუსტიციის მინისტრად დასახელება, ხოლო მან ამის შესახებ უკვე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიტყო.
„ეს გადაწყვეტილება მე მივიღე შერეული გრძნობებით, რადგან ამის გამო მომიწია იმ მაჟორიტარული ოლქის დატოვება, სადაც პირადად მე 61 114 ადამიანმა მომცა ხმა, მაგრამ ამ ადამიანებს მე დავპირდი, რომ ისინი ყოველთვის ჩემს თვალსაწიერში იქნებიან და ბატონმა ბიძინამაც დამავალა, რომ სანამ ნაძალადევს ახალი დეპუტატი ეყოლება, ნაძალადევის პრობლემებს შეძლებისდაგვარად კურირება გავუწიო. რთული მემკვიდრეობა მერგო, მაგრამ ჩემს თანამშრომლებთან ერთად შევეცდები, ეს ნდობა გავამართლო, ხოლო თუ შევხედავ, რომ ვერ ვამართლებ, არ გამიჭირდება, რომ თანამდებობიდან გადავდგე (ეს ბევრჯერ გამიკეთებია)“, - ამბობს თეა წულუკიანი.
მისი თქმით, ქვეყანაში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი დარჩება, მაგრამ ის არ შეეხება მძიმე დანაშაულებს და არ შეიძლება საპროცესო შეთანხმება სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების წყარო იყოს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკაც გადაიხედება და თუკი პროკურორებს ჰქონდათ დავალება, რომ საქმეების 90% საპროცესო შეთანხმებით დასრულებულიყო, ახლა ასე აღარ იქნება. ამასთანავე, მინისტრობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების პროცესში წარმოებული მოლაპარაკებები პროკურორსა და განსასჯელს შორის იქნება მაქსიმალურად ღია, რათა ამას არ ჰქონდეს ზეწოლის ფორმა.
თეა წულუკიანის განცხადებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა გადაიხედება და მასში ცვლილებები შევა დაზარალებულისა და ადვოკატისთვის უფლებების გაზრდის კუთხით და კიდევ რამდენიმე ასპექტით, რაც სამართალწარმოებას ბევრად უფრო ეფექტიანს გახდის.
„საერთოდ, მართლმსაჯულებას ახორციელებს მოსამართლე, მაგრამ მის განხორციელებაში მონაწილეობს პროკურატურა და ადვოკატურა. დღეს ერთიც შავ დღეშია, მეორეც და მესამეც. ამიტომაც ქვეყანაში მართლმსაჯულება არ გვაქვს“, - აღნიშნავს წულუკიანი.