“ქართული ოცნების” დატოვების მთავარი მიზეზი გახლდათ საერთო სასამართლოების შესახებ მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტი, რომლის შესახებაც მქონდა ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელსაც მანამდეც ვაფიქსირებდი - რომ კანონი არ არის სრულყოფილი და საჭიროა ცვლილებების შეტანა. ამას დაემატა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც პრაქტიკულად თანხვედრაში იყო ჩემს მოსაზრებებთან. მქონდა იმედი, რომ გაითვალისწინებენ საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თურმე ამაოდ. კანონპროექტი, რომელიც ახლახან მიიღეს, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებას. ყველაზე დიდ პრობლემად იუსტიციის საბჭო მიმაჩნია, რომლის დაშლაც აუცილებელია”, - აცხადებს დეპუტატი ლევან კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გუნდში მხოლოდ ის საკითხები განიხილებოდა, რომლებსაც ზემოდან “უშვებდნენ”.
“მნიშვნელოვანი იყო ის ვითარებაც, რომელიც ბოლო დროს იყო და არის ქვეყანასა თუ პარტიაში. მაგალითად, მე ვფიქრობდი, რომ ეკონომიკაში გაცილებით მეტი რეფორმაა საჭირო. პრაქტიკულად, საითაც უნდა გავიხედოთ, რეფორმატორული მიდგომა აუცილებელია. ამას კი სჭირდება ერთიანი პოზიცია, მსჯელობა გუნდში, რაც იშვიათად ხდებოდა. ფაქტობრივად, მხოლოდ განსხვავებულ მოსაზრებებს უსმენდნენ, სიტყვა არასდროს ქცეულა საქმედ. ყოველთვის ისე წარიმართებოდა სიტუაცია, ეს არგუმენტი არ არისო და ცალ კარში მიხდებოდა თამაში. მაგალითად, ნარკოპოლიტიკისა და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის საკითხების ერთ-ერთი ინიციატორი გახლავართ. გუნდში მხოლოდ ის საკითხები განიხილებოდა და შესაბამისად, საქმეც კეთდებოდა, რომლებსაც ზემოდან "უშვებდნენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კობერიძე. “იყო რაღაც საკითხები, რომლებიც თითქოს გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უცბად პირთა განსაზღვრული წრე ამ ინიციატივებს ცუდად ასრულებდა. ამით ჩანს, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები და რამდენად აქვს ერთ დეპუტატს ძალა, რომელიც უმრავლესობაშია... ხელისუფლებაში ვიყავი, მაგრამ იმავდროულად არ ვიყავი - ასეთი განცდა მრჩებოდა. ჩვენ მოსახლეობას არ დავპირებივართ, რომ სასამართლოში მურუსიძე დაჯგუფებას ჩამოაყალიბებდა და მისი კლანი გახდებოდა სასამართლო ხელისუფლების უზურპატორი, მეტიც, ფაქტობრივად, უკვე პოლიტიკურ ველში არიან შემოსული”, - დაასკვნის დეპუტატი და შეკითხვაზე - “რატომ გადაუხვია კურსს “ოცნებამ”? - პასუხობს:
“ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ამაზე ხშირად ვლაპარაკობდი გუნდში, მაგრამ არაფერი გაკეთდა. მაგალითად, გავიხსენოთ მარიხუანას კანონპროექტი. მაშინ ამის ინიციატორი შსს და ირაკლი კობახიძე იყვნენ. არც ივანიშვილი იყო კანონპროექტის წინააღმდეგი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პროექტის სასწრაფოდ გაწვევა მოვითხოვე, რადგან პირველი ტურის შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ “ოცნებას” სერიოზული აცდენა ჰქონდა და მოსახლეობამ უპასუხა კიდეც ამას ადეკვატურად. მაშინ მარიხუანას პროექტის გაწვევაზე მითხრეს, გუნდის წინააღმდეგ მიდიხარო და ორი დღის შემდეგ თვითონ ვნახე საპატრიარქოს კართან მისულები და შემდეგ კანონპროექტიც გაიწვიეს”...
“ნათქვამია, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და მე ეს გზა ვარჩიე. ვარჩიე გზა, რომლითაც კიდევ უფრო ახლოს ვიქნები ჩემს ამომრჩეველთან, რომელმაც ხმა მომცა და იმედია, 2020 წელსაც მომცემს. მაქვს გეგმა, რომელსაც მალე გავაცნობ მოსახლეობას. კვლავაც იმ აზრზე ვარ, რომ საჭიროა რეფორმები, მეტი სამუშაო ადგილი, სიღარიბის დაძლევა, კორუფციის შემცირება და ა.შ. პროგრესი უნდა დაიწყოს საქართველოში პოლიტიკური ფორმატის შეცვლით. დღევანდელი 90-იანი წლების დამახინჯებული სისტემაა - დაწყებული პარტიული ცხოვრებით და დამთავრებული საარჩევნო სისტემით თუ საზოგადოდ პოლიტიკური გარემოთი”, - დასძენს რესპონდენტი.