"რუსული მარში" თბილისის ცენტრში

9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე რუსული პროპაგანდისტული მსვლელობა "უკვდავი პოლკი" იგეგმება

პრორუსული ორგანიზაციები 9 მაისს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კრემლის პროპაგანდისტული დიდი აქცია-მსვლელობის მოწყობას აანონსებენ, რომლის სახელწოდებაა "უკვდავი პოლკი". პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ეს მსვლელობა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და მიუღებელია, "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი კი მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ვეტერანების მიმართ პატივისცემაზე და მსგავსი მსვლელობებით დიდად არაფერი შავდება.

ოფიციალურად, "უკვდავი პოლკის" იდეა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავს მიზნად, თუმცა, რეალურად, ეს მასშტაბური სამხედრო-პატრიოტული მარში ბოლო წლებში პუტინის რუსეთის მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად იქცა და ამიტომაც ამ მსვლელობას სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ მოსკოვი აფინანსებს.

"უკვდავ პოლკს" ქართული პრორუსული ორგანიზაციები 2017 წელს შეუერთდნენ. მსვლელობა გასულ წელს გორსა და ბათუმში გაიმართა. აქციის მონაწილეები საბჭოთა სიმბოლიკებითა და ე.წ. "წმინდა გიორგის ლენტებით" იყვნენ გამოსული, რამაც ბათუმში "ნაცმოძრაობის" აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია. წელს კი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე მსვლელობა პირველად გაიმართება.

მისი თქმით, თბილისის მერიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა აქციის ორგანიზატორებს ვაკის პარკში სამახსოვრო დაფის გაკეთების ნება დართონ, რომელზეც საბჭოთა კავშირის გმირი 168 ქართველის პორტრეტები და გვარ-სახელები იქნება გამოსახული, ხოლო ნებართვას თუ ვერ მიიღებენ, უზარმაზარ პლაკატს აქციაზე მსვლელობის მონაწილეები ჩამოატარებენ.

"მსგავსი მსვლელობა, როდესაც კოლონებად მომავალ ადამიანებს მათი წინაპრების პორტრეტები მოაქვთ, როგორც ეს რუსეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშია მიღებული, საქართველოში ჯერ არ ყოფილა," - ამბობს რცხილაძე.

აქციის საორგანიზაციო კომიტეტი 2 მაისს შეიკრიბა და დეტალები განიხილეს. ორგანიზატორებმა შექმნეს "უკვდავი პოლკის" ქართული ვერსიის სიმბოლოც. ეს იქნება წმინდა გიორგის გამოსახულება და მასთან ერთად მელიტონ ქანთარიასა და მიხეილ ეგოროვის პორტრეტები, ვინც 1945 წლის 1 მაისს რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართეს.

ცნობისთვის, "უკვდავი პოლკის" იდეა 2012 წელს რუსეთის ქალაქ ტომსკში ჩაისახა, კრემლის ფინანსური მხარდაჭერით კი 2015 წლიდან საერთაშორისო მასშტაბი მიიღო.

გასულ წელს "უკვდავმა პოლკმა" უკვე 42 ქვეყანაში ჩაიარა. ეს მარში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც ყოველწლიურად იმართება. საქართველოს პრორუსული ორგანიზაციები კი ამ აქციის 2017 წელს შეუერთდნენ. გასულ წელს მსვლელობა მოეწყო გორსა და ბათუმში, თბილისში კი ღონისძიება მხოლოდ ვაკის პარკის ტერიტორიაზე ჩატარდა და მათთვის საბჭოთა სიმბოლიკებითა და "გიორგის ლენტებით" გამოსვლა ხელისუფლებას არ შეუზღუდავს.

ცნობისათვის, "თავისუფლების ქარტია" კრძალავს საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკების გამოყენებას აქციებზე, თუმცა ამ სიმბოლიკებში არ არის ნაგულისხმევი "გიორგის ლენტები". ამიტომაც ყოველ 9 მაისს ამ ზოლიანი ლენტებითა და, ნამგალისა და უროს სიმბოლოების გარეშე, წითელი დროშებით გამოდიან პრორუსული ორგანიზაციები, რაც საზოგადოების ნაწილის დიდ აღშფოთებას იწვევს, თუმცა მათ პოლიცია არ აჯარიმებს.

"უკვდავი პოლკის" მსვლელობა დაანონსებულია უკრაინაშიც, რასაც უკვე მოჰყვა უკმაყოფილო გამოხმაურებები. მათ შორის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიციას მოუწოდა, რომ "ადეკვატურ ზომები" მიიღონ, თუკი მსვლელობის მონაწილეები "სტალინური რეპრესიების დროს უკრაინელი ხალხის მწამებლების" პორტრეტებითა და საბჭოთა სიმბოლიკებით გამოვლენ.

"ქართული ოცნების" დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის აზრით, 9 მაისი მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენი ბებია-ბაბუები ებრძოდნენ ფაშიზმს, ბევრი ამ ბრძოლაში დაიღუპა და ვეტერანების მიმართ პატივისცემას თუკი ვინმე გამოხატავს, ეს მიუღებელი რატომაა, არ ესმის.

"700 000 ადამიანი იყო გაწვეული, მათგან სადღაც 400 000 ადამიანია დაღუპული. ფაშიზმს ებრძოდნენ და რა ვიცი, ეს მსვლელობა არ ჯობია?! თუ კიდევ ვინმე შემორჩა ომში ნამყოფი ადამიანი, 9 მაისის მსველობაში რა არის გასაკვირი?!" - ამბობს იგი.

კითხვაზე, რომ "უკვდავი პოლკის" მსვლელობას ვეტერანები კი არა, პრორუსული ორგანიზაციები აწყობენ. მათ ქართული კანონმდებლობით აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკებიც აქვთ, რუსული იდეოლოგიის "გეორგივსკის ლენტებსაც" ატარებენ და რამდენად მისაღებია ასეთი აქციები, პაპუაშვილი პასუხობს: "თუ პროპაგანდაში გადადის, კანონს აზიანებს და ქვეყანას აფეთქებს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მაინც მგონია, ეს არის პოლიტიკაში გადაზრდის მცდელობა და ასე არ უნდა შეხედოთ ამ 9 მაისს."

"9 მაისი უნდა აღვნიშნოთ და ის ადამიანები უნდა მოვიგონოთ, პატივი უნდა მივაგოთ. ეს არ უნდა დავივიწყოთ. ამას ტრაგედიად ვერ ვაქცევდი იმიტომ, რომ დიდ რამესთან იყო ბრძოლა. ყურადღებას მათ პატივსაცემ თემაზე ვამახვილებ და არა მცდელობაზე, რომ პოლიტიკაში გადავზარდოთ, ვიღაც ვლანძღოთ და ვიღაც დავამციროთ," - ამბობს იგი.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით, "უკვდავი პოლკის" მსვლელობა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და, წესით, მას კონტრაქციით უნდა დავუპირისპირდეთ.

"ეს არის კრემლის პროპაგანდისტული მსვლელობა, რომლის მიზანია იმის ჩვენება, თუ როგორი ძლიერი იყო რუსეთი, რომელმაც საბჭოთა კავშირის სახელწოდებით დაამარცხა ფაშიზმი; რომ სწორედ რუსებმა გადაარჩინეს მსოფლიო ნაციზმისგან და დაიცვეს საქართველოც. ეს არის კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილი.

"გულბაათ რცხილაძის მამა დისიდენტი იყო, შვილი კი, სამწუხაროდ, პრორუსული ორიენტაციისაა. მე მიმაჩნია, რომ ნაციზმზე არანაკლები ბოროტება იყო კომუნისტური საბჭოთა კავშირი, ამიტომ ასეთი აქციები მიუღებელია და მივესალმები უკრაინის ხელისუფლების ვაჟკაცურ პოზიციას, რომ საბჭოთა სიმბოლიკების გამოჩენას ისინი აღკვეთენ. საბჭოთა კავშირმა უკრაინას 1930-იანი წლების დასაწყისში გენოციდი მოუწყო, გოლოდომორის შედეგად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი დაიღუპა უკრაინაში. ამიტომაც ერთ ბოროტებაზე გამარჯვების ზეიმი მეორე ბოროტების - საბჭოთა კავშირის პროპაგანდით მიუღებელია. საქართველოში კი ხშირად გვესმის, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ.

"მიმაჩნია, რომ თუკი ეს მსვლელობა მოეწყობა, კონტრმსვლელობაც უნდა მოეწყოს, სამოქალაქო სექტორიც უნდა ჩაერთოს ამაში და საბჭოთა კავშირის ბოროტების მხილებაც მოხდეს, თუნდაც გამოიფინოს პლაკატები ბოლშევიკური რეჟიმის დროს, 1937-1938 წლებში 77 000 ქართველის რეპრესიების შესახებ," - აღნიშნა ჩიტაძემ.