ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია „ქართული ოცნებისთვის“ ღერძული ფიგურა გახდა. თუ მას დაამარცხებენ, ასეთ შემთხვევაში, ლაგაზიძე თვლის, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ძალიან მცირე პერიოდში, გართულდება ახალი შს მინისტრის შერჩევა, რომელიც მინიმუმ სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს წინასაარჩევნოდ.
for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
ძალიან მძიმედ განვითარდა პროცესები პანკისის ხეობაში. რამდენად შესაძლებელია, რომ პროცესი იყოს მართული, რა ჯგუფები მოქმედებენ და, თუ თვლით, რომ პროცესი მართულია, რა ჯგუფის ინტერესებში შედიოდა პროცესების ასე განვითარება?
ხათუნა ლაგაზიძე: პანკისში, იმ კონკრეტულ დღეს პროცესებს დადგმული სახე ნამდვილად არ ჰქონდა. ეს იყო სპონტანური პროტესტი, მაგრამ სპონტანური პროტესტის მიღმა შეიძლება ვეძიოთ ადამიანთა ჯგუფი, ან ცალკეული ადამიანები, რომლებიც ამ ტიპის აგრესიის გასაღვივებლად ემზადებოდნენ - ეს იქნებოდა ჰესის მშენებლობის თემა, თუ სხვა საკითხები. სულ მცირე, ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იქ არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შეეცდება პანკისში სიტუაციის ამღვრევას და მოსახლეობაში ხელს უწყობს ამ ტიპის აგრესიის გაღვივებას.
დაბეჯითებით რთულია ამის მტკიცება, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ვუსმენდი სხვადასხვა ტელევიზიებს, პირდაპირ ეთერებს, ასევე ვაკვირდებოდა სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებს და აქა-იქ ისმოდა იმგავრი შეფასება, რომელიც აუცილებლად საინტერესო უნდა იყოს ჩვენი სპეცსამსახურებისთვის, მაგ. რუსეთთან კავშირის მოწოდება, რუსული იარაღის თემა და ა.შ.
არავისთვის არ არის დასამალი, რომ პანკისის ხეობა არის საქართველოს ის რეგიონი, რომელიც ორი უზარმაზარი მტრული ძალის ინტერესის ობიექტია, ეს არის აგრესიული ისლამი, ისლამური სახელმწიფო და რუსეთი. ამიტომაც, ეს იყო ძალიან ნიშანდობლივი ქეისი, რომლის დროს დაშვებული შეცდომების შესწავლა ხელისუფლებისთვის აუცილებელია.
პანკისში განვითარებულმა მოვლენებმა, რა ამოიტანა ზედაპირზე? შს მინისტრი და სუს–ის უფროსი ღიად საუბრობენ დაშვებულ შეცდომებზე...
– სუს–ის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც რეალურად კვალიფიციურად და პროფესიონალურად არის შესრულებული, შავით–თეთრზე წერია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიდინარეობს „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებით ბრძოლა. ამ მეთოდებში სუს გამოყოფს მაგალითად უცხო ქვეყნის სპეცსასამხურების მიერ საქართველოში ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების, ასევე საზოგადოებაში დესტაბილიზაციის გაჩენის, საზოგადოებაში კონფრონტაციული განწყობების დამკვიდრების მცდელობებს, რომელმაც საზოგადოება სხვადასხვა პორალურად დაპირისპირებულ ჯგუფებად უნდა დაყოს. ასევე მნიშვნელოვანია სუს–ის ანგარიშის რამოდენიმე ქვეთავი, იგივე კონტრდაზვერივითი საქმიანობის, სადაც ასევე შავით თეთრზე წერია, რომ რუსეთი კვლავ ინარჩუნებს შესაძლებლობას საქართველოში მოახდინოს ტერორისტული აქტების ინსცენირება. სუს-ის ანგარიშში ამ ფრაზის მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთად და ის, რაც ჩვენ პანკისში ვიხილეთ, ერთიან კონტექტსში უნდა განვიხილოთ.
ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, ალბათ პრობლემა იყო ისიც, რომ ამდენი ხნის მანძილზე ქვეყანა უსაფრთხოების საბჭოს გარეშე იყო?
– ეს არის გლობალური პრობლემა, რომ ამ ტიპის ქვეყანას არ აქვს უსაფრთხოების საბჭო. ეს არის ნონსენსი, როგორაც ვუდგებოდით უსაფრთხოების თემას. ქვეყანა, რომელიც არის რუსეთის მეზობელი, რომელიც ამხელა გამოწვევების და საფრთხეების წინაშე დგას, ქვეყანა, რომლის უსაფრთხოების სამსახური პირდაპირ საუბრობს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ამ ქვეყანას ამდენი ხნის განვლაბაში არ ჰყავდა უსაფრთხოების მაკოორდინირებელი ორგანო.
მაშინაც კი, როდესაც ორი პარალელური სტრუქტურა არსებობდა, ერთი უშიშროების საბჭო და მეორე უსაფრთხოების საბჭო, აბსოლუტურად უფუნქციო იყო ორივე სამსახური. ყველა ძლიერ სახელმწიფის ჰყავს თავისი უსაფრთხოების სტრუქტურების მაკოორდინირებელი ერთიანი ცენტრი-ორგანო, სადაც ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილებების მომზადება-შემუშავება. კარგა ხნის განმვალობაში ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდებოდა.
უსაფრთხოების ახალი საბჭოს პირველი შეხვედრა შედგა, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ მთავარია, როგორი იქნება მისი ფუნქცია და არ მოხდეს მისი პოლიტიზირება, რადგან ამ უწყების ხელმძღვანელი არის შს მინისტრი?
– არა, პოლიტიზირება ნაკლებად, მთავარია კიდევ ერთ ფიქციასთან არ გვქონდეს საქმე, ანუ რამდენად რეალური ფუნქციებით აღიჭურვება. ერთია რა წერია ქაღალდზე და მეორეა, რამდენად შეძლებს ეს სტრუქტურა და მისი აპარატი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, მოვალეობის შესრულებას. იმიტომ, რომ აპარატი ამზადებს ანალიტუკურ მასალებს, აპარატში ხდება ყველა მნიშვნელოვანი თემის განხილვა და ამა თუ იმ თემების საინფორმაციო უზრუნველყოფა. თუ უწყებამ რეალური ფუნქცია შეიძინა, მაშინ ჩავთვლი, რომ ამ ერთ გამოწვევას ხელისუფლებამ შესაბამისი პასუხი გასცა.
მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში მარტო პანკისის პრობლემა არ დგას...
– ბოლო ათი დღის განმავლობაში ორი პრობლემის წინაშე დადგა სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი სტრუქტურის არსებობა.
როგორ ფიქრობთ, შეძლებს ამ წრის გარღვევას გახარია? როგორც ირკვევა ხელისუფლებაში და პარლამენტში არიან ჯგუფები, რომლებიც გახარიას წინააღმდეგ ფარულად მოქმედებენ და თითქოსდა პანკისში განვითარებული მოვლენებიც ამის გამოძახილია. ამ პოლიტიკურ კინკლაობასა და შიდა დაპირისპირების ფონზე შეძლებს კი გახარია გაართვას თავი ამ გამოწვევებს?
– ზოგადად „ქართულ ოცნებაში“ კონკურენცია და შიდა დაპირისპირება ყოველთვის იყო. არასდროს „ქართული ოცნება“ ერთიანი გუნდი არ ყოფილა. მაგრამ გახარიას, უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ აქვს. გახარია „ქართული ოცნებისთვის“ ღერძული ფიგურა გახდა, თუ მას დაამარცხებენ, ასეთ შემთხვევაში არჩევნებამდე დარჩენილ ძალიან მცირე პერიოდში ძალიან გართულდება მისი ისეთი შემცვლელის შერჩევა, რომელიც მინიმუმ სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს წინასაარჩევნოდ. ოპონენტები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ წინასაარჩევნოდ გახარიას გამოცვლა „ოცნებისთვის“ მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ამიტომ არის შს მინისტრი ოპონენტების მთავარი სამიზნე.
მოხდეს მისი დისკრედიაცია და ამ გზით გამოაცალონ მთავარი ძალა ივანიშვილის ხელისუფლებას, მაგრამ რამდენად მოახერხებენ ამას?
– სხვა თუ არაფერი, ბევრ მნიშნელოვან საკითხზე პასუხისმგებლობის ამღები მის გარდა ხელისუფლებაში არავინ არის. რაც შეეხება შიდა კონკურენციას, „ოცნება“ ერთიანი გუნდი არასდროს ყოფილა. თუ გადავხედავთ საქართველოს უახლოეს ისტორიასაც, ხელისუფლების შიგნით ყოველთვის არსებობდა რამდენიმე ჯგუფი, რომელთა შორის კონკურენცია პირველ პირს საშუალებას აძლევდა მშვიდად ეგრძნო თავი ხელისუფლების სათავეში. ასე იყო შევარდნაძის და სააკაშვილის დროს, ასეა ახლაც. დღეს „ქართული ოცნებას“ კალაძის, გახარიასა და ღარიბაშვილის გუნდების კონკურენცია ქმნის. ისინი დააკომპლექტებენ 2020 წლის საარჩევნო სიასაც. არ ვიცი, რამდენად აქტიურად მიიღებს ამაში მონაწილეობას ბახტაძე.
თითქოს ღარიბაშვილის მოწყობილი პროვოკაცია იყო პანკისი, სიმართლე გითხრათ, ამ ინფორმაციის ნამდვილობაში ვერ ვრწმუნდები, თუნდაც იმიტომ, რომ მეორე შანსი, რომელიც ღარიბაშვილს ივანიშვილმა მისცა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია და ასეთი უზარმაზარი გამოწვევის წინაშე საკუთარ თავს არ დააყენებდა. არც არაფერში სჭირდება: ღარიბაშვილს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიცია აქვს – ეს არის პარტიაში კობახიძე–კალაძის ალტერნატული, ან პარალელური საკადრო რეზერვის ჩამოყალიბება. ამიტომ, რეალურად მას არაფერში უნდა სჭირდებოდეს, რომ მეორე ხელით ებრძოლოს გახარიას.
რამდენად მძიმე პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას „ქართული ოცნება“ როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორების გათვალისწინებით?
– მე თუ მკითხავთ, „ოცნების“ ერთადერთი პრობლემა თავად „ოცნებაა“. ვერ გეტყვით, რამდენად რეალურად აღიქვამენ ისინი იმ გამოწვევებას, რომლის წინაშე დგანან. ფაქტია, რომ „ოცნება“ ვერ ხედავს მთავარ გამოწვევას: არ მიიჩნევს, რომ 2020 წელს მას ისეთი ოპონენტი ეყოლება, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია. რას ეფუძნება მისი ეს თავდაჯერება?!
რაც უფრო დაქსასულია ოპოზიციური სპექტრი, მით უფრო იზრდება „ოცნების“ შანსები, რომ დადოს სასურველი შედეგი 2020 წლის არჩევნებზე. ამ მხრივ განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავენ. ფიქრობენ, რომ იქნება კოალიციური მთავრობა, რომლის ღერძი იქნება ისევ „ქართული ოცნება“.
რაც შეეხება საგარეო გამოწვევებს, ბოლო ორ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას – მოსამართლეთა არჩევის საკითხი, რასაც მოჰყვა აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცადება, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილია იმაზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით გააკეთა და არაფერი არ გაითვალისწინა, რასაც ვურჩევდითო. ეს არის ძალიან მწვავე სიგნალი.
მეორე ის, რომ ამერიკის კონგრესში იგეგმება საქართველოს წინააღმდეგ სანქციების განხილვა, რაც განპირობებულია ამერიკელი ინვესტორების მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულებითო, თუმცა კონკრეტული ფაქტები არ გახმოვანებულა. თავისთავად, კონგრესში ამ თემის განიხილავა ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. გამოვრიცხავ, რომ სანქციები იყოს გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. იმიტომ, რომ წარმოუდგენელი რამ იქნება სტრატეგიული პარტნიორის მიერ სანქციების დადება, როდესაც გვერდით რუსეთი გყავს და ამერიკა შენი უსაფრთხოების ღერძია. თუმცა, თავისთავად საქმე რომ განხილვამდე მივიდა, ეს არის ძალიან მძიმე დიაგნოზი დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ისიც, რომ საკითხი დადგა, ესეც არასასურველია.
ჩემთვის და საზოაგდეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა დგას ამის უკან, რომელიმე კონკრეტული ქეისია და რამ გამოიწვია ამ განხილვის ინიცირება. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა გახდა ამ ინიციატივის მაპროვოცირებელი. ეს სერიოზული გამოწვევაა ხელისუფლებისთვის. მაგრამ ისევ და ისევ ოპოზიციის დაქსასულობა, მეორეს მხრივ მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაციონალური მოძრაობის“ დარჩენა, „ქართული ოცნებისთვის“ ჯერჯერობით არის სიმშვიდის მთავარი გარანტი. იგივე დასავლეთმა, პარტნიორის ძებნაც რომ დაიწყოს „ოცნების“ შემცვლელად, დიდი არჩევანი არც აქვს იმდენად უიმედოდ, ბრძოლისუუნაროდ გამოიყურება დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი.