„ქართულმა ოცნებამ“ პრინციპით - „რაც ამათ გადაურჩათ, შევინარჩუნოთ“ - კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. პირველ რიგში, საქმე ეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს და საქართველოს პარლამენტის შენობას.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამირან გამყრელიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების შეჩერებას ითხოვს. მისი ინფორმაციით, რესპუბლიკურის პრივატიზება დაჩქარებული ფორმით მიმდინარეობს და შესაბამისი კონტრაქტიც ერთ-ერთ უცხოურ ფირმასთან უკვე ხელმოწერილია.
„ვინ აპირებს საავადმყოფოს პრივატიზებას და რა ფორმით, ამ თემაზე არაერთი მცდელობის მიუხედავად, ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ გაფორმებულია კონტრაქტი, თუმცა თანხა გადარიცხული არ არის. შესაბამისად, მივმართავ ეკონომიკის სამინისტროს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობას და პრივატიზების მსურველს, შეაჩერონ ეს პროცესი, რადგან საქმე ეხება დიდ სტრატეგიულ ობიექტს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზება დაუშვებელია და ის სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს, რადგან იგი არის ერთადერთი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან მიახლოებული კლინიკა, სადაც პროფესიონალი კადრების გაზრდაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, ამ თემაზე დღეს ჯანდაცვის მოქმედ მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილსაც ესაუბრა, რომელსაც ამ თემაზე დაწვრილებითი ინფორმაცია ასევე არ აქვს.
როგორც ჩანს, ხელისუფლება ძალიან დამფრთხალია, რადგან საკმარისია „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელმა რაიმე მოთხოვნის ტიპის განცხადება გააკეთოს, რომ მომენტალურად იწყება მისი აღსრულება. ამჯერადაც, ქობალიას უწყება მყისიერად გამოეხმაურა გამყრელიძის მოთხოვნას და ეკონომიკის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზების ხელშეკრულების ძალაში სრულად შესვლისთვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელება შეაჩერა.
„საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წლის 20 ივლისს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „ინტერჰელს კანადა ლიმიტედს“ შორის ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ქონების პრივატიზების ხელშეკრულება გასულ წელსვე გაფორმდა. ხელშეკრულების პირობა კლინიკის სამედიცინო პროფილის შენარჩუნება და მის ბაზაზე თანამედროვე საავადმყოფოს შექმნაა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ტექნიკური წინაპირობები, რომელთა შესრულების შემდეგ ხელშეკრულება სრულად შევა ძალაში. ამ ეტაპისთვის ტექნიკური წინაპირობების შესრულების პროცესი არ დასრულებულა და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში ინვესტორის საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ მომხდარა. ამავე მიზეზით მყიდველის მიერ არ გადახდილა საპრივიტიზებო საფასური. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეაჩერა ხელშეკრულების ძალაში სრულად შესვლისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელება“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისროს განცხადებაში.
ამავე დროს ქობალიას კანტორამ სხვა არანაკლებ საშური ინფორმაციაც გაანდო საზოგადოებას. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის შენობას, რომლის გაყიდვა-გაუყიდაობის შესახებ ინფორმაცია აგერ უკვე 3 თვეა ვერა და ვერ დაზუსტდა. არადა, „ქართული ოცნება“ საკმაოდ მალე საკანონმდებლო ორგანოს ისევ დედაქალაქში, ძველ შენობაში გადმოტანას აპირებს.
3-თვიანი ინფორმაციული ვაკუუმის შემდეგ, ბოლოს და ბლოს ეკონომიკისა სამინისტროს პრესსპიკერი პრივატიზების საკითხებში გიორგი კალანდაძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობა გაყიდული არ არის. როგორც მან დაადასტურა, შენობა არც გაყიდულია და არც საპრივატიზაციოდ არის გატანილი.