რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისში პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის დაახლოებით 3 მეტრამდე ფანჯრის შუშა მოულოდნელად გაიბზარა, რამაც თანამშრომლებში პანიკა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Prime time news ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ შენობა დაბლა იწევს და სწორედ ამის გამო გაიბზარა ფანჯარა. თემასთან დაკავშირებით Prime Time News მშენებლობის ფინანსურ მენეჯერს, ზურაბ წიკლაურს დაუკავშირდა, რომელმაც კატეგორიულად უარყო შენობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის არსებობა. მან დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აპარატის თანამშრომლებში ეჭვი მართლაც გაჩნდა, თუმცა წიკლაურის აზრით ამის მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ.
„მაპატიეთ, მაგრამ იმ პიროვნებამ, რომელიც მთელი ცხოვრება კომპიუტერთან ზის და რაღაც დოკუმენტს ბეჭდავს შენობის ჩაწევაზე რა კომენტარი უნდა გააკეთოს?! მე შევხვდი თანამშრომლებს, ვესაუბრე და აღმოჩნდა რომ ამის მიზეზი სრულიად სხვაა. ამაზე მხოლოდ ექსპერტს შეუძლია ისაუბროს“, - აღნიშნა ზურაბ წიკლაურმა.
ქუთაისის პარლამენტის შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი ინფორმაციები ვრცელდება. კერძოდ, ორი დღის წინ ქუთაისში პარლამენტის შენობის დასათვალიერებლად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ იქ მხოლოდ სხდომათა დარბაზი არის დასრულებული, შენობის დანარჩენი ნაწილი კი გამოუსადეგარ მდგომარეობაშია. ამის საპასუხოდ უკვე ორი დღეა ნაციონალური ტელემაუწყებლები გვაჩვენებენ პარლამენტის ახალ შენობაში გადაღებულ კადრებს და გვარწმუნებენ, რომ შენობაში მხოლოდ მოსაპირქეთებელი სამუშაოები არის ჩასატარებელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შეტანილი ცვლილების თანახმად, ახალი მოწვევის პარლამენტმა სწორედ ქუთაისის პარლამენტის შენობაში უნდა იმუშაოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენობა პარლამენტის პირველ სხდომამდე დასრულდეს, რადგან სხვაგან პარლამენტის შეკრება კონსტიტუციის დარღვევა იქნება. თუმცა, როგორ იმუშავებს ახალი მოწვევის პარლამენტი შენობაში, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, დაუსრულებელია, გაუგებარია, რადგან პარლამენტი მხოლოდ სხდომათა დარბაზი არ არის, მას საკომიტეტო მოსმენებისთვის, ასევე ფრაქციების სხდომებისთვის შესაბამისი სათათბირო დარბაზები, ასევე პარლამენტის წევრების სამუშაო კაბინეტები ესაჭიროება.
For.ge „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ გია ცაგარეიშვილს ესაუბრა, რომელმაც თავად მოინახულა ქუთაისის პარლამენტის შენობა.
გია ცაგარეიშვილი: „ნაციონალური სატელევიზიო არხები აკეთებენ იმას, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტის შენობაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. გარდა სხდომათა დარბაზისა, იქ ფაქტობრივად არაფერია მზად, ყოველ შემთხვევაში ასე იყო ორი დღის წინ. მხოლოდ პლენარული სხდომების დარბაზი იყო მწყობრში, სხვა დარბაზები, სათათბირო ოთახები და სხვა ოთახები ჯერ მზადდებოდა. მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და 500 ადამიანი ორ ცვლაში მუშაობს. სხვათაშორის, მე იქ მარტო არ ვიყავი, რამდენიმე ადამიანი ვიყავით, გვალხდნენ სპეციალისტებიც და პარლამენტის შენობაში არსებული მდგომარეობა ვიდეოფირზეც აღვბეჭდეთ. სპეციალისტების შეფასებით, წარმოუდგენელია შენობა 10 დღეში დასრულდეს და ამას სულ მცირე ორი-სამი თვე სჭირდება.
შენობის დანარჩენ ნაწილში როგორი მდგომარეობაა, იქნებ დაგვიკონკრეტოთ?
- მოგეხსენებათ, შენობა გუმბათშია ჩასმული და ეს გუმბათი შიგნიდან მთლიანად ხარაჩოებშია ჩასმული, კომუნიკაციები ახლა კეთდება, შენობის სადარბაზოებიც სწორედ მაშინ კეთდებოდა, ჩვენ რომ ვიყავით ჩასულები, სხდომათა დარბაზის წინ არსებული უზარმაზარი სივრცის მოპირკეთებაც მაშინ იწყებოდა, სახურავიდან დიდი ოდენობით წყალი იყო ჩამოსული, რადგან უხვი ნალექი მოვიდა წვიმის სახით. შენობის გარშემო ტერიტორია საერთოდ განადგურებულია, არავითარი რეკრეაციული ზონა შენობას გარშემო არ აქვს, ასევე არ არის გაკეთებული ავტოსადგომი, ურთულესი მდგომარეობაა მოქალაქეთა მისაღებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ახლა კეთდება. გარდა ამისა, დაყენებული არ არის შესაბამისი ტურნიკეტები და ნებისმიერ მოქალაქეს მთელს შენობაზე აქვს წვდომა, ფაქტიურად სხდომათა დარბაზამდე, რაც საერთოდ წარმოუდგენელია, არა იმიტომ, რომ ჩვენ მოქალაქეებთან ურთიერთობა არ შეგვიძლია, არამედ უბრალოდ პარლამენტს ნორმალურად, წყნარად მუშაობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ამდენად, მხოლოდ დარბაზი არის მზად, დანარჩენი ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო და მოგეხსენებათ, ხშირად სიჩქარე იწირავს ხარისხს. თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა, შეუძლია პარლამენტის მომავალ ვიცე-სპიკერს ზურაბ ტყემალაძეს დაუკავშირდეს, ან პარლამენტის აგრარული კომიტეტის მომავალ თავმჯდომარეს ბატონ გიგლა აგულაშვილს.
როგორც ჩანს, ბატონი სააკაშვილი პარლამენტის შენობის მშენებლობას მიუდგა დევიზით - გასაკეთებელი კიდევ ბევრია. სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ პარლამენტის შენობის ექსპლოატაციაში მიღებას სულ მცირე 4-5 თვე დასჭირდება, სამუშაოების დასასრულებლად კი დაახლოებით 2-3 თვე იქნება საჭირო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ გაუშვეს კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც აქამდე გამოცდილი არ იყო და ჯერ არავინ იცის, ეს სისტემა გაამართლებს თუ არა, ამას საკუთარ თავზე არავინ იღებს. ამასთანავე, დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ მხოლოდ კონდიცირების და ვენტილაციის სისტემის დასამონტაჟებლად ამ შენობაში საქართველოს ხელისუფლებამ 35 მილიონ ლარზე მეტი გაიღო. წარმოიდგინეთ, ამის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ახლა ვგებულობთ. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ პარლამენტის შენობის ასაშენებლად 155 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც ბატონმა გვინდაძემ თქვა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ამაზე გაცილებით მეტი არის ამაზე დახარჯული. ამდენად, გაღებულია კოლოსალური თანხები და ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ, რამდენი რაში დაიხარჯა. შენობის ექსპლოატაციაში მიღებას შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტები სჭირდება და ამიტომ აქ ვითარება საკმაოდ მძიმეა, თუმცა არა მხოლოდ ამ მიმართულებით, ამ შემთხვევაში ადამიანური ფაქტორი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. პარლამენტის აპარატის 500-ზე მეტი თანამშრომელი პრაქტიკულად ქუჩაში არის დაყრილი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ადმიანები 4-5 ერთად ქირაობენ ბინას, რათა ერთად იცხოვრონ და ამაში თვეში 600-700 ლარს იხდიან. ამასთანავე, შენობაში არ არის სასადილო, რის გამოც ადამიანები, რომლებიც სამსახურში დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე არიან, პრაქტიკულად ვერ სადილობენ. მოგეხსენებათ, პარლამენტის შენობა ქუთაისის გარეუბანშია და გარშემო არც ერთი საზკვების ობიექტი არ არის. ამასთანავე, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ტრასპორტირების პრობლემაც არ არის მოგვარებული.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობის ერთ-ერთი დიდი შუშა გაიბზარა, რამაც თანამშრომლებში პანიკა გამოიწვია და მათ აქვთ ეჭვი, რომ შენობა დაბლა იწევს. თქვენმა თანმხლებმა სპეციალისტებმა თუ გააკეთეს შეფასება იმისა, რამდენად უსაფრთხოა პარლამენტის ახალი შენობა?
- შენობის უსაფრთხოება ურთულესი საკითხია და უახლოეს მომავალში ჩვენ ამასაც შევამოწმებთ. ჩვენმა სპეციალისტებმა შეაფასეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, ამ სამუშაოს ტემპი, კონდიცირების სისტემის მუშაობა და მათი დასკვნა არის ცალსახა - ამ ყველაფრის დასრულებას რამდენიმე თვე დასჭირდება. ვინაიდან იქ კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს, შენობა სამშენებლო ნაგვით არის სავსე. შესაძლოა, კორიდორები, დარბაზამდე მისასვლელი სივრცე და სხვა ადგილები პარლამენტის პირველ სხდომამდე დასუფთავდეს, მაგრამ არსებობს ბევრი სხვა პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება.
ბატონო გია, თქვენ ამბობთ, რომ შენობის 20 ოქტომბრამდე დასრულება ვერანაირად ვერ მოესწრება. ამ დროს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ამ მოწვევის პარლამენტი სწორედ ქუთაისში უნდა შეიკრიბოს და როგორ მოხდება ეს?
- ჩვენ ყველა შემთხვევაში ქუთაისში შევიკრიბებით, არ დავადგებით სააკაშვილის გზას და არ დავარღვევთ კონსტიტუციას. მას რომ საქართველოს პარლამენტი და იქ მომუშავე ადამიანები უკაცრავად და, ფეხებზე კიდია, ეს თვალნათელია და კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა. ფაქტიურად პარლამენტის მთელი აპარატი გარეთ გამოსული დამხვდა და ეს ადამიანები ამბობენ, რომ ურთულეს მდგომარეობაში არიან მოქცეულები. სააკაშვილი მათ სწორედ ისე მოექცა, „კონცლაგერში“ რომ ადამიანებს ასახლებენ. მათ ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, უამრავი მათგანი ათწლეულების მანძილზე მოღვაწეობს პარლამენტში, დამსახურებული ადამიანები არიან და ისინი ემსახურებიან საქართველოს პარლამენტს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, ან „ქართულ ოცნებას“. სხდომა აუცილებლად ჩატარდება, ჩვენ აუცილებლად კონსტიტუციით გაწერილ ვადებში შევიკრიბებით, ვეცდებით 3-4 დღე მიმდინარე რემონტის ფონზე ვიმუშაოთ, რაც რა თქმა უნდა, ურთულესი იქნება, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, ხოლო შემდეგ რა გზას დავადგეთ, ამას გადაწყვეტს საქართველოს პარლამენტი რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებასთან შეთანხმებით.