იურისტი დავით მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დღევანდელ და კომუნისტურ მმართველობაში არსებულ ყოფას ეხება.
“ახლა, ერთი ძალიან საკამათო პოსტი უნდა დავწერო და აბა, თქვენ იცით – არ დამზოგოთ. 46 წლის კაცი ვარ და რაც მახსოვს, რაც გადმოცემით ვიცი და რასაც ჩემი მოკლეზე ცოტა მეტი ჭკუით ვხვდები, საქართველო, ქართველები და საქართველოში მცხოვრები სხვა ერების წარმომადგენლები, ყველაზე კარგად “კომუნისტების” დროს ვგრძნობდით თავს. თუ არადა, აგერაა ტარანი და დავთვალოთ:
როგორც კულტურული კაცი, კულტურით დავიწყებ:
შემახსენეთ, 1990 წლის შემდეგ, საქართველოში, რა გადაღებულა, რა დაწერილა, რა დადგმულა, ან რა დახატულა? რა თქმა უნდა, სერგი კაკალაშვილის ლექსებს და ლაშა ბუღაძის “პიესებს” არ ვგულისხმობ – შედევრებზე თუ არა, ნამდვილ ხელოვნებაზე მაქვს საუბარი.
ახლა, “კომუნისტების” დროს – შედევრები იდგმებოდა “რუსთაველის” და “მარჯანიშვილის” თეატრებში (ჩამოთვლაც შემიძლია); შედევრებს წერდნენ ძმები ჭილაძეები, ჭაბუა ამირეჯიბი, კონსტატინე გამსახურდია, ნოდარ დუმბაძე, გურამ დოჩანაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, მუხრან მაჭავარიანი, ლადო ასათიანი (გაგრძელებაც შემიძლია); შედევრებს ქმნიდნენ ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, თენგიზ მირზაშვილი, სერგო ქობულაძე, მოსე და ირაკლი თოიძეები, კოკა იგნატოვი (გაგრძელებაც შემიძლია); შედევრთა შორის უშედევრესებს იღებდნენ თენგიზ აბულაძე, ძმები შენგელაიები, რეზო ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი, გიგა ლორთქიფანიძე, გია დანელია (გაგრძელებაც შემიძლია და არაფერს ვამბობ, ამ შედევრებში მონაწილე მსახიობებზე – სესილია თაყაიშვილი და სერგო ზაქარიაძე იყიდიან მთელს “ჰოლივუდს”); შედევრებს წერდნენ რეზო ლაღიძე, გია ყანჩელი, ოთარ თაქთაქიშვილი, გოგი ცაბაძე, ბიძინა კვერნაძე, არჩილ კერესელიძე (გაგრძელებაც შემიძლია).
1990 წლის შემდეგ, რა გამოგონილა, ან რა აღმოჩენა გაკეთებულა, ქართველი მეცნიერების მიერ?
“კომუნისტების” დროს, დიმიტრი უზნაძემ შექმნა “განწყობის თეორია”, მოღვაწეობდნენ ევგენი ხარაძე, ნიკო მუსხელიშვილი, აკაკი შანიძე (გაგრძელებაც შემიძლია);
გადავედი სოციალურ სფეროში:
გამახსენეთ, 1990 წლის შემდეგ, რა გაკეთებულა მოსახლეობის სოციალური მდგომარების გასაუმჯობესებლად?
“კომუნისტური” კი, ერთადერთი წყობა იყო, სადაც წელთა ნამსახურობის მიხედვით, ბინებს ჩუქნიდნენ თანამშრომლებს (არამარტო ცნობილ “ფეისებს” – ყველას, განურჩევლად), ინვალიდებს მანქანით უზრუნველყოფდნენ (“ზაპოროჟეცი” იყო, თუ კაცშებმული რიქშა, ინვალიდი საზოგადოების ნამდვილ წევრად გრძობდა თავს);
განათლება იყო უფასო (არ მითხრათ, რა განათლება ეგ იყოო?! ჩემს მიერ, ზემოთ ჩამოთვლილ და ქვემოთ ჩამოსათვლელ “ტიპებს” ჰარვარდი და სორბონა არცერთს დაუმთავრებია);
უფასო იყო ჯანდაცვა (ახლა მეტყვით, ექიმისთვის თუმნიანი მაინც უნდა ჩაგედოო! ჯერ ერთი, თუმნიანი არავის დააქცევდა და კიდევაც რომ არ ჩაგედო, მაინც პატიოსნად მოგემსახურებოდა მედიცინის მუშაკი);
კაპიკები ღირდა კომუნალური მომსახურება; “მუქთახორობა” იყო სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი, რადგან უმუშევრობას გულისხმობდა, მაგრამ კი არ გსჯიდა, პირიქით, სახელმწიფო ძალით გაწყებინებდა სამსახურს, იმ დროისთვის, ნორმალური ანაზღაურებით; იგივე სამსახურში გაძლევდნენ უფასო საგზურებს. მართალია, სოციალისტურ ქვეყნებში და შავ ზღვაზე, მაგრამ რომელი მაშინდელი რივიერა შეედრებოდა აფხაზეთის სანაპიროს, ბზიფის ხეობას და რიწის ტბას?!
თბილისის ქუჩაში, მათხოვარს ვერ ნახავდით (ვერც ქუთაისის და მარნეულის); ყველა ოჯახს ჰქონდა სტუმრის ლაზათიანად, ქართულად მიღების, მასპინძლობის და მეორე დღეს, “პახმელიაზე” გამოყვანის საშუალება;
1990 წლის შემდეგ, გამახსენეთ, ქართული სპორტის დიდი წარმატებები, ჭიდაობის და ძალოსნობის გარდა?
“კომუნისტების” დროს, 1981 წლის 13 მაისს, თბილისის “დინამომ” იმხელა სიხარული მოუტანა საქართველოს, რომელიც მხოლოდ 1945 წლის 9 მაისს შემიძლია შევადარო (სხვათა შორის, საფრანგეთმა 20 წლის შემდეგ მოიგო პირველი ევროპული თასი); კალათბურთში, თბილისის “დინამომ” მოიგო ჩემპიონთა თასი – ფინალში, მადრიდის “რეალი” დაამარცხა; მოჭადრაკე ქალების წარმატებაზე საუბარიც ზედმეტია; საერთაშორისო წარმატებები ხელბურთში, წყალბურთში (მიხვდებოდით, სპორტის გუნდურ სახეობებს ვანიჭებ უპირატესობას).
ამ ყველაფრისგან იქმნებოდა ადამიანთა ყოველდღიური გუნება-განწყობილება და ნაკლებად ნახავდი “როჟადაკერილ” ტიპებს, ქალაქში. ღიმილით გხვდებოდა ნაცნობი და არ გემალებოდა “მარშუტკაში”, დასაპატიჟებელი ფულის არქონის გამო!
ყოველივე ამის სანაცვლოდ, რთულად, მაგრამ მაინც იშოვიდი უცხოურ “ზმანებს”, ავეჯს, ტექნიკას, მანქანასაც კი. დღეს, რა თქმა უნდა, ეს ბევრად უფრო ადვილია, მაგრამ ფასები გაითვალისწინეთ და შესაძლებლობები – განსაკუთრებით, “ჭარბვალიანობის დაძლევის” შემდეგ, რაც განვადებები აუკრძალეს ბანკებს.
სიტყვის თავისუფლება არ იყოო! იდეალური სიტყვის თავისუფლება, ისევ “კომუნისტის” – ედიკას დროს იყო.
მიშას დროს, რომ შეზღუდული გვქონდა სიტყვის თავისუფლება, ეგეთი “კომუნისტებს” არც დაესიზმრებოდათ. ანდა დღეს, შედარებით “ლაითად”, მაგრამ მაინც, არ იზღუდება სიტყვის თავისუფლება? მგონი, კი!
ვერ წახვიდოდი პორტოფინოში და ბადენ-ბადენში, საგრიალოდ! დღეს, ხომ დავდივართ რა – მთელი წელი ფულს ვაგროვებთ, რომ ანტალიიდან, ჩვენი დაზაგრული ტრაკი გავამარიაჟოთ, ფეისბუქზე. “ზატო”, ტერიტორიებს არ გვეცილებოდა არავინ და მართლაც, სამოთხე – აფხაზეთი ჩვენ გვეკუთვნოდა;
“მაკდონალდსი” არ იყო! დღეს, რომ არის, რამდენ პროცენტს დაგყავთ ბავშვები, გონებაში, თქვენთვის რომ არ ითვლიდეთ შეკვეთის ღირებულებას, სანამ მოლარეს მიმართავთ?
ბანანს და ანანასს ვერ მივირთმევდით! სამაგიეროდ, მივირთმევდით ქართულ, გემრიელ, ნატურალურ პროდუქტს. პომიდორზე ვგიჟდები და ნორმალურს, არათურქულს, უბრალოდ, ვერ ვშოულობ!
ვერ ვკითხულობდით “დეკამერონს” და ვერ ვნახულობდით ტინტო ბრასის ავადმყოფურ “კალიგულას”. სამაგიეროდ, კვირა არ გავიდოდა, საქართველოს კინოთეატრებში დიდი იტალიელი, ფრანგი და რუსი რეჟისორების ახალი ფილმი არ გამოსულიყო.
“ნატოში” შესვლაზე ვერც კი ვიფიქრებდით! დღეს, ხომ ვფიქრობთ და როგორც ვატყობ, დიდხანს მოგვიწევს მხოლოდ “ფიქრი”! უი, კინაღამ გამომრჩა – მხოლოდ სურვილი იყო საკმარისი, ის 37 მანეთიანი პონტიც რეალობად რომ გექციათ და შემდეგ გემარიაჟათ, გივი სიხარულიძესავით.
თავისუფლები არ ვიყავითო! რომელი ხართ, დღეს, უფრო თავისუფალი? დღევანდელი ჩვენი “თავისუფლება” თავის მოტყუებაა! რა ჩემს სირად მინდა, თავისუფლება, თუკი ბავშვს სურვილს ვერ ავუსრულებ?! საყვარელ ქალს, სადაც გინდა, იქ ვერ დაპატიჟებ?! სადაც აბსოლუტურად ყველაფერი ფულზე იყიდება – გრძნობებიდან დაწყებული, ზებრებით დამთავრებული და დაუმადლებლად, დიდი თხოვნის გარეშე, 20-ლარიანს არ დაგიხურდავებენ?! სადაც ფეხმძიმე ქალი ნაგავში ეძებს ლუკმას?! …და რაც მთავარია, ყოველივე ამის მომსწრე და მაყურებელი მთავრობა, წიხლს გაჭერს “მაზოლზე” და სიგარეტის მოწევას გიზღუდავს, თითქოს ეგღა გვაკლდა გასაბრწყინებლად!
იდიოტები ვართ ქართველები და რადგან, მეც ქართველი ვარ, მაშასადამე, “იდიოტი”, ამათ ჯინაზე მაინც მოვწევ, თანაც გადაკიდებებით და ჩავთვლი, რომ ძალიან მაგარი ვარ!
P.S. კომენტარებში, ურაპატრიოტული ლოზუნგების ნაცვლად, დამიწერეთ, რა ვთქვი, არასწორი?! ზოგად მსჯელობებს, რომ თურმე “კომუნიზმის” მოტრფიალე ვარ, არ მივიღებ, იმიტომ, რომ “კომუნიზმის” კი არა, “კომუნიზმზე” უკეთესის მოტრფიალე ვარ, რაც 30 წელია, არ გვაღირსეს, ბედოვლათმა და საკუთარ ღიპზე მზრუნველმა ხელისუფლებმა!”– წერს დავით მარდალეიშვილი.