ირაკლი ალასანია საქართველოში წარმოებული თავდაცვითი ომების ანალიზს გეგმავს

ირაკლი ალასანია საქართველოში წარმოებული თავდაცვითი ომების ანალიზს გეგმავს

ირაკლი ალასანია 20 წლის განმავლობაში საქართველოში წარმოებული თავდაცვითი ომების ანალიზსა და შესწავლას გეგმავს. მისი თქმით, 1992-1993 წლებში, როცა ჩვენი შეიარაღებული ძალები, პრაქტიკულად, დაფინანსების გარეშე იყო, ქართულმა არმიამ რუსეთის შემოტევას წელიწადზე მეტხანს გაუძლო. 2008 წლის ომის დროს კი აღმოჩნდა, რომ ჩვენმა თავდაცვისუნარიანობამ ერთ დღესაც ვერ გაუძლო იმ შემოტევას, რომელიც რუსეთის მხრიდან მოხდა. ეს მაშინ, როცა ჩვენმა ქვეყანამ, თითოეულმა მოქალაქემ 5 მილიარდზე მეტი დახარჯა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად.

ამდენად, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის აზრით, აუცილებელია არა მხოლოდ 2008 წლის სამხედრო წარუმატებლობის სწორი, მიუკერძოებელი ანალიზი ჩატარდეს, არამედ 20 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყნაში წარმოებულ თავდაცვით ომებსაც შეფასება მიეცეს და გაანალიზდეს, რამ გამოიწვია ჩვენი შეიარაღებული ძალების წარუმატებლობა.

ასე რომ, ირაკლი ალასანიას აზრით, ეს იქნება ძალიან მიუკერძოებლად შესწავლილი საკითხი, რაზეც საქართველოს თავდაცვის დოქტრინა აიგება.

For.ge დაინტერესდა, 20 წლიანი საომარი პერიოდის შესწავლისას ხომ არ გამოიკვეთება ცალკეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, მით უფრო, რომ ხშირად გვსმენია კატეგორიული შეფასებები - „აფხაზეთი გაყიდული იყო“, „ცხინვალის რეგიონი რუსეთს მიართვეს“. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, მოსალოდნელია თუ არა შევარდნაძისა და სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბარი?!  

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი გია ყარყარაშვილი 20 წლის განმავლობაში საქართველოში წარმოებული თავდაცვითი ომების შესწავლის იდეას მიესალმება. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, სამხედრო -პოლიტიკური შეცდომები არა მხოლოდ ომის მსვლელობის პერიოდში უნდა შევისწავლოთ, არამედ ომის თავიდან აცილების კუთხითაც. უფრო მეტიც, გენერლის აზრით, შესწავლილი უნდა იყოს ის საკითხიც, თუ პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილად გამოიყენებოდა სამხედრო ძალა, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება.

„იდეა არაჩვეულებრივია, მაგრამ აქ ვინმეს ბრალეულობაზე კი არ არის საუბარი, არამედ იმაზე, ომისა და მშვიდობის საკითხებში სახელმწიფოს მიდგომა რამდენად სწორი იყო და რა შეცდომები დაუშვეს. ხშირ შემთხვევაში, ძალას ენიჭებოდა პრიორიტეტი, ამდენად, შესასწავლია, ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არა. სახელმწიფომ თავისი სამხედრო პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს და უნდა გაწეროს, ერთი მხრივ, მომავალში ომის თავიდან აცილება როგორ მოხდება, და ასევე, უნდა გამოიკვლიოს, ომის დაწყებისას სამხედრო და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ხშირად რა უარყოფით გავლენას ახდენდნენ“.

ჩვენი შეკითხვის საპასუხოდ, ხომ არ დადგება შევარდნაძის ბრალეულობის საკითხი, რადგან ხშირად გვსმენია, რომ მან აფხაზეთი გაყიდა, გია ყარყარაშვილი აცხადებს, რომ საკითხს ასეთნაირად არ უყურებს, რომ აქ მაინცდამაინც რომელიმე პიროვნებების ქმედება უნდა გამოძიონ, რადგან დღევანდელ დღეს ერთი და იგივე მოვლენა ვიღაცისთვის წარმატებაა, ვიღაცისთვის - წარუმატებლობა. ერთი და იგივე გადაწყვეტილება ვიღაცისთვის სამართლიანია, ვიღაცისთვის - უსამართლო. ამიტომ, სავარაუდოდ, აქ იურიდიულ კვალიფიკაციაზეა საუბარი არ იქნება.

„არაა გამორიცხული, ამ საკითხების განხილვისას იურიდიული კვალიფიკაცია რომელიღაც კონკრეტულ ფაქტს მიენიჭოს და ამდენად, ეს ცალკეულ პიროვნებებსაც შეეხოს, მაგრამ უფრო მგონია, აქ სამხედრო პოლიტოლოგიაზეა საუბარი და არა იურიდიული გამოძიებაზე“, - აცხადებს გია ყარყარაშვილი.

ექსპერტი გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გააჩნია, თუ როგორ მოხდება ამ კონკრეტული საკითხის გამოკვლევა: თუ შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც არსებულ მასალებს გამოძიების დონეზე შეისწავლის, შესაძლოა, გამოძიების მსვლელობისას უმაღლესი სამხედრო პირების, პოლიტიკური ფიგურების პასუხისმგებლობის საკითხი წარმოიჭრას. ხოლო, თუ მარტო საუბარია იმაზე, რომ სამხედრო გამოცდილების დაგროვების ანალიზი მოახდინონ, როგორც წესი, ასეთ ანალიზს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის უწყების გარკვეული სამსახურები ყველა ომის შემდეგ ისედაც ატარებენ.

„ამ შემთხვევაში, არის სხვა ასპექტიც, შესაძლოა, მოხდეს ამ ომების ისტორიული შესწავლა - ანუ არქივის გახსნა და საბუთებზე მუშაობა. გასაკეთებელია ცალკეული საბრძოლო მოქმედებების აღწერა. ზოგადად, სტრატეგიული და ოპერატიული მოქმედებების შემდგომ პერიოდში სამხედროებმა უნდა მოახდინონ ანალიზი, თუ რა იყო შეცდომა და რომელი იყო სწორი მოქმედება“.

ამასთან, გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ „გაყიდული აფხაზეთი“ და „გაყიდული ცხინვალის რეგიონი“ საზოგადოებაში დამკვიდრებული ტერმინებია, თუმცა ეს ტერმინები არანაირად არ შეესაბამება არსებულ რეალობას. მისი თქმით, „გაყიდული აფხაზეთი“ ნიშნავს, რომ ქვეყნის უმაღლესი პირი ვიღაცის საშუალებით აწარმოებდა მოლაპარაკებას და, შესაბამისად, დაფიქსირდა კიდეც, რომ მოხდა გარიგება. თუ საიდუმლო მასალებში დაფიქსირებულია რაიმე ტიპის მოლაპარაკებები, მაშინ გამორიცხული არ არის ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს, თუმცა, სავარაუდოდ, ასეთ მაკომპრომეტირებელ დოკუმენტებს თავის დროზეც „მიხედავდნენ“. ამდენად, გიორგი თავდგირიძეს ეეჭვება, დოკუმენტებში ასეთი რამ გამოიკვეთოს.

თავად ის ფაქტი, რომ თუნდაც აფხაზეთის ბრძოლისას უკან დახევის ბრძანებებს ძალიან ხშირად გასცემდნენ იმ დროს, როცა ჩვენები წინ მიიწევდნენ, გიორგი თავდგირიძეს საეჭვოდ არ მიაჩნია. მისი აზრით, თუკი ამ საკითხს მხატვრული ლიტერატურის თვალსაზრისით შევხედავთ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად ჟღერს, რომ ვიღაცას შეტევა უნდოდა, ვიღაც წინ მიიწევდა და ამ დროს რომელიღაც პირი მას აკავებდა. თუმცა, ექსპერტის თქმით, გასათვალისწინებელია, თუ როგორ მოხდა მეორე მსოფლიო ომის შესწავლა, როგორ მოხდა ამავე ომში დანაშაულების გამოძიება. ეს კი აბსოლუტურად სხვადასხვა თემებია.

„ის, რომ სამამულო ომის შემდგომ მარშალი ჟუკოვი გულზე მჯიღს იბრახუნებდა, თითქოს მას შეეძლო თავიდანვე აღეკვეთა გერმანიის შეჭრის შედეგები და არ დაეშვა მათი შემოჭრა, ეს ბელეტრისტიკაა და საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. რეალობა კი ის არის, რომ შესაძლოა, წარმოიშვას ისეთი სიტუაციები, როდესაც მეთაურმა მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება და მეთაურს ვერავინ დასჯის გადაწყვეტილების გამო - ეს უკან დახევა იქნება, თუ წინ წასვლა. მხოლოდ მიმდინარე მომენტში შეიძლება მოხდეს მისი გადაყენება ან, თუ ეს ბრძანება დანაშაულებრივია და ეწინააღმდეგება ზემდგომის ჩანაფიქრს ან ნებას, თავისთავად იმ დროს შეიძლება წარმოიშვას მისი პასუხისმგებლობა. ოცწლიანი თავდაცვითი ბრძოლების პერიოდი ჩვენ უნდა შევისწავლოთ ერთი რამის გამო, ეს არის უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც დაგროვდა და ისტორიული თვალსაზრისითაც, რაც არანაირად არ ნიშნავს რაიმე სახის იურიდიულ პასუხისმგებლობას“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

რაც შეხება შეცდომებს, მისი აზრით, ყველა ეს ბრალეულობა დადის ერთ რამემდე, რომ ჩვენ, საზოგადოებამ, რომლის წევრებიც არიან პოლიტიკოსები, ვერ მოვახერხეთ, შეიარაღებულ ძალებში ისეთი რეფორმები ჩაგვეტარებინა, რომ ამ ძალებს ავტომატურ რეჟიმში მოქმედება შესძლებოდათ, რათა იმ ფინანსების ეფექტურობა დაგვენახა, რაც მათზე იყო დახარჯული.

„1992-93 წლებში სამხედრო რეფორმა საერთოდ არ იყო დასრულებული და საბოლოო ფორმა არ ჰქონდათ შეიარაღებულ ძალებს. რაც შეეხება 2008 წელს, ამ პერიოდშიც რეფორმა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. აქედან გამომდინარე, ვიღაცის პასუხისმგებლობის დაყენება ობიექტურობისგან შორს იქნება“, - მიიჩნევს გიორგი თავდგირიძე.       

აფხაზეთის ომის ვეტრანი, ქალბატონი ნინო ფოფხაძე აცხადებს, რომ იგი აფხაზეთის ომის არა მარტო ცოცხალი მოწმეა და წინა ხაზზე იბრძოდა, არამედ ამ ომის შესახებ უამრავი დოკუმენტი აქვს და ამ დოკუმენტებით ირაკლი ალასანიას გვერდით დაუდგება. ნინო ფოფხაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ აფხაზეთის ომი გაყიდული იყო და ეს გაყიდვა მოხდა კრემლის, კერძოდ, ედუარდ შევარდნაძის მიერ.

„ედუარდმა დაგეგმა ეს ყველაფერი. თუმცა, შევარდნაძის მოკვლას კი არ მოვითხოვ, არამედ, უბრალოდ, იგი უნდა გასამართლდეს. მართალია, იგი საციხე ნამდვილად არის, მაგრამ, უკვე იმდენი ხნისაა, რომ მე ვეღარაფერს ვიტყვი. დაე, ხალხმა გაასამართლოს, მე ამას ვერ გავაკეთებ. ისინი „პერესტროიკას“ არ აკეთებდნენ, არამედ - გენოციდს ახდენდნენ. მათი გათვლით, ერთმანეთს უნდა დარეოდნენ საბჭოთა კავშირის ხალხები. თავის დროზეც აცხადებდნენ, რომ შევარდნაძემ, გორბაჩოვმა და ლიგაჩოვმა ამის შესახებ მოილაპარაკეს. წარმოშობით გურული ვარ და ედუარდს გურიისთვის არ მიუხედავს, ამ კაცს საქართველო მთლიანად ეზიზღება“, - აღნიშნა ნინო ფოფხაძემ.

მანვე თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდი გაიხსენა, როცა საინტერესო დოკუმენტები ჩაუვარდა ხელთ. მართალია, ამჟამად ეს დოკუმენტები მასთან არ ინახება, მაგრამ ამ დოკუმენტებით იკვეთება, რომ შევარდნაძემ ციხეებიდან საომრად გაუშვა პატიმრები, რეციდივისტები. ეს ბიჭები აფხაზეთში გმირულად დაიხოცნენ, ვინც გადარჩა, მათ შესახებ არ უნდა გავრცელებულიყო, რომ ისინი ნაომრები იყვნენ.

„ასეთი საქმეები აქვს გაკეთებული ედუარდ შევარდნაძეს. ჩემი მეთაური -  ცხონებული გელა რუსიშვილი შეეწირა იმას, რომ აფხაზეთში გამყიდველობა იყო. უამრავი გრანტი აიღო შევარდნაძემ ამ გაყიდვაში“, - აცხადებს ნინო ფოფხაძე.