„სახალხო კრების“ სტარტის აღებამდე ერთი დღით ადრე, „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ პრეს კლუბს ნონა გაფრინდაშვილი სტუმრობდა. დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ კრების ბედი საზოგადოების მობილიზებაზეა დამოკიდებული. რამდენად მოხერხდება საზოგადოების მობილიზება ამას მალევე შევიტყობთ, ხოლო მანამდე გთავაზობთ პრეს კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრის ბეჭდურ ვარიანტს.
საზოგადოებასთან თქვენი შეხვედრები შეზღუდულად შუქდებოდა, რამდენად მოახერხეთ თქვენი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანა და იმ ნიჰილიზმის დაძლევა, რაც ქართულ საზოგადოებაში არსებობს?
– მართლაც რთული სამუშაო იყო და დიდი ენერგია დავხარჯეთ, საერთოდ, რისკიც იყო ჩვენი მხრიდან 25 ნოემბრის დაანონსება, რადგან ყველა ჩვენ გვიტევდა და არავის ეგონა, რომ ამას ჩვენ თავს მოვაბამდით. ის, რომ დღეს ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა, იმას მოწმობს, რომ ჩვენ მზად ვართ კრებისთვის. მუხტი კი იზრდებოდა იმის მიხედვით, როგორ ვმოძრაობდით ჩვენ. ასე რომ, თამამდ შემიძლია ვთქვა - ჩვენ ველოდებით ძალიან საინტერესო პროცესს.
მაინც რა რაოდენობის ადამიანს ელოდებით?
– ძნელია ამის თქმა, მაგრამ, მე მქონდა ეთერი „კავკასიაში“, სადაც ზარები არ წყდებოდა. ისეთი ზარები იყო, რომ ერთმანეთს მოუწოდებდნენ. ეს იყო იმის დამადასტურებელი, რა მუხტი არის ქვეყანაში. ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე ძალიან ბევრ ადამიანს მოველი. დელეგატები რომ ბლომად იქნებიან ვიცი, მაგრამ ხელისუფლებამ რომ არ შეგვიშვა სპორტის სასახლეში (რომ შევეშვით მათთვის უკეთესი იქნებოდა, რადგან სპორტის სასახლეში მხოლოდ დელეგირებული ხალხი იქნებოდა), ეს უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს მეტი ხალხი მოვიწვიოთ. სპორტის სასახლეში მაქსიმუმ, 12500 ადამიანს თუ დავატევდით და თითოეული ადამიანის უკან 60–70 ადამიანი იდგებოდა, რაც მაინც საკმარისი იქნებოდა, რომ კრებას ჰქონოდა ლეგიტიმაცია, თუმცა ხელისუფლებამ ეს არ დაუშვა.
რაიონებში თეატრებს არ გვაძლევდნენ, მაგრამ შეხვედრები მაინც ჩავატარეთ და დარბაზები სულ გაჭედილი იყო. სპორტის სასახლის შემდეგ უარი ლოკომოტივის სტადიონზეც გვითხრეს აბსურდული მიზეზით. როცა ეკონომიკის სამინისტროში ლოკომოტივის სტადიონთან დაკავშირებით, პასუხზე მივედით, ცხვირწინ მიგვიხურეს კარები. საერთოდ ძალიან გვაწვალეს. კრება მაინც ჩატარდება, რუსთაველის გამზირზე, უბრალოდ, ამ პროცედურების ჩასატარებლად მეტი ენერგია დაგვეხარჯება და მეტი დროც. ჩვენ ამ პრობლემების შესახებ ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობა და ისინი გაკვირვებულები გვეკითხებოდნენ, გაქვთ პასუხი, რატომ არ დაგითმეს სპორტის სასახლეო?
სამაგიეროდ, საზოგადოებას ეძლევა შანსი, რუსთაველზე მოვიდეს და დიდი რაოდენობით ხალხი მომსწრე იქნება იმისა, როგორ ჩატარდება კრება. ეს კი, ვფიქრობ, უფრო მწარე მისაღები იქნება ამ ხელისუფლებისთვის. შეიძლება ახლა ნანობენ კიდეც თავიანთ საქციელს. ჩვენ 25–ში დავიწყებთ სერიოზულ ბრძოლას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. გასაფუჭებელი თითქმის აღარაფერი დარჩა, მაგრამ ხალხის გაფუჭება არ უნდა მოხდეს.
ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა რუის–ურბნისში, სადაც მეუფე იობმა წირვა გამართა, შემდეგ დაგვლოცა, ხალხიც გადმოგვცა კრებისთვის და რაც მთავარია, თქვა ძალიან საინტერესო რამ: „ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს, რადგან ჩვენ გავუძლებთ ფიზიკურ ოკუპაციას, მაგრამ სულიერი ოკუპაციაა გადასარჩენი, რომელმაც უნდა გადაარჩენოს ქვეყანა“. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ ზუსტად იმ ადგილას დავით აღმაშენებელმა ჩაატარა პირველი კრება, რომლის შემდეგ სასიკეთო ძვრები წამოვიდა საქართველოსთვის.
რატომ ჩათვალა კრებამ, რომ აუცილებელი იყო პოლიტიკოსები აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პოროცესში, მითუმეტეს, რომ ეს იყო საზოგადოებრივი მოძრაობა? ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკოსების ჩართვა გამოიწვევს ამ იდეის დისკრედიტაციას?
– საზოგადოება მარტო ვერ გაწვდებოდა ორგანიზაციულ საკითხებს. ყველამ იცით ჩემი წლოვანება… ადამიანს როცა საპენსიო ასაკი აქვს, ძალიან ძნელია ასეთ პროცესებში ჩაერთოს, მითუმეტეს, როცა მიჩვეულიც არ არის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ჩემზე უფრო ასაკოვანი ხალხია „სახალხო კრებაში“. ჩვენი იდეა იყო, რომ კრება ჩატარებულიყო, თუმცა კრების იდეა არც ჩვენ გვეკუთვნის. ეს იდეა არსებობდა, მაგრამ არ განხორციელებულა. ვინაიდან პოლიტიკური პროცესები ჩაკვდა, ქვეყანაში კი სფერო არ დარჩა დასანგრევი, აუცილებელი გახდა კრების მოწვევა. დღეს ჩაშვების ინსტიტუტია წინა პლანზე წამოწეული, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მომსახურე ერად ვიქცეთ, საქართველოს არ სჭირდება ინტელექტუალური ძალა.
ომი, ტოტალური უმუშევრობა, სიღარიბის ზრდა, მიგრაცია და ყველანაირი უბედურება გვჭირს, არაფერს ვამბობ შიშზე, ძალადობაზე და სიძულვილზე აგებული ქვეყნის მართვაზე. ციხეები უკანონო პატიმრებითაა გადაჭედილი, მილიარდზე მეტი თანხა შემოვიდა დევნილების დასახმარებლად და ნახეთ რა პირობებში ცხოვრობენ დევნილები, სად წავიდა ეს ფული? ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ ჩვენ.
იქნებ დაინტერესდეთ, ბიუჯეტის თანხებს სად და როგორ ხარჯავს სააკაშვილი, რომელიც სულ თვითმფრინავშია და აქეთ იქეთ დადის. თბილისი მას, პრაქტიკულად, სძულს. ნებისმიერ ქვეყანაში, პრეზიდენტს დაუთვლიდნენ ამ თანხებს და გადადგომას მოსთხოვდნენ. განვითარებულ ქვეყნებში ხალხი იცავს საკუთარ უფლებებს, ალბათ, გახსოვთ, საპენსიო რეფორმის გამო რა ხდებოდა საფრანგეთში. ჩვენ შორს ვართ ამისგან, ხოლო კრების მოწვევის იდეაც ისაა, დავანახოთ ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენთან არსებობს საზოგადოება, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მოქცეულს იურიდიულ ჩარჩოებში და ამ ხელისუფლებას მოსთხოვს იმას, რაც უნდა მოსთხოვოს.
ჩვენ ყველა საკითხს შევეხებით და ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას პასუხი როგორ მოსთხოვოს ხელისუფლებას. კრებას კი ექნება ლეგიტიმაცია, რომ დაიწყოს ბრძოლა ხალხის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იქნება პრეზიდენტის და მისი ხელისუფლების პირველი პირების გადადგომა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხერხდეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
თუ ხელისუფლება არ მიიღებს კრების პირობებს, რას აპირებთ შემდეგ?
– კრება გადაწყვეტს, რა მეთოდებით იბრძოლებს საკუთარი მოთხოვნების შესასრულებლად.
თქვენ არ გისაუბრიათ, რა მეთოდებით აპირებთ ბრძოლას...
– ვერც ვისაუბრებთ… ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის რაოდენობაზე. არსებობს დაუმორჩილებლობის სხვადასხვა ფორმა და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს. ხალხს კონსტიტუციურად აქვს ამის უფლება.
თვლით თუ არა, რომ კრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. გაქვთ თუ არა ეს მხარდაჭერა?
– საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩვენზე უკეთ იცის, რა ხდება აქ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო იკავებენ თავს. შესაძლოა, მათთვის ახალი ლიდერები არ იყვნენ მისაღები, მაგრამ ჩვენ გვქონდა საშუალება, როცა რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული, მიგვეღწია ჩვენი მიზნისათვის. თუმცა, იმ აქციებისგან განსხვავებით, კრებას სხვა დატვირთვა აქვს. მერწმუნეთ, რომ ამ დოკუმენტების მომზადებაში სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი მინდია უგრეხელიძეს. თქვენ იცით ვინ არის მინდია უგრეხელიძე, სერიოზული წვლილი აქვს შეტანილი ეკა ბესელიას და სხვა უამრავ ადამიანს. ეს იქნება იურიდიულად, სამართლებრივად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილეები, რომელსაც ვერავინ შეედავება და ამ გადაწყვეტილებებით ხალხს აქვს უფლება იბრძოლოს თავისი უფლებებისთვის.
ჩვენს გადაწყვეტილებებში ისიც კი იქნება ჩადებული, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება, ახალი ხელისუფლება ანგარიშვალდებული იქნება თავისი ხალხის წინაშე. მთავარია, ჩვენ ეს პრეცენდენტი შევქმნათ და არ დავუშვათ ის, რაც „ვარდების რევოლუცის“ შემდეგ მოხდა. გახსოვთ, როგორი დაჭერები იყო, როგორი ტერორი იყო ბიზნესის წინააღმდეგ და ა.შ. როცა ეს ფაქტები ხდებოდა ხალხი ერთად არ დადგა და ამას, მხოლოდ საზოგადოების ვიწრო ჯგუფები აპროტესტებდნენ. შრომის კოდექსი არ გვივარგა, სასამართლო ჩვენ არ გვაქვს, ფაქტიურად, ერთი ადამიანის ნება–სურვილზეა ყველაფერი დამოკიდებული.
ორი ადამიანი მეგულებოდა ხელისუფლებაში, ვისაც შეეძლო სხვა აზრის გამოთქმა და ბრძოლა, ეს იყო ზურაბ ჟვანია, რომელიც მოკლეს და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელიც იქედან წამოვიდა, რადგან კვოტა გამოაცალეს – გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. როგორ შეიძლება პარლამენტი უფუნქციო იყოს?
როცა კრების წევრები ამბობენ: „სიკვდილი, ან გამარჯვება“, რას ნიშნავს ეს?
– ეს იმას ნიშნავს, რომ უკან დასახევი არ გვაქვს. მე ჩემი შვილიშვილების და ჩემი ქვეყნის გამო ვდგავარ აქ. სულ არ მჭირდება აქციებში მონაწილეობა, ამას ცოტა ენერგია კი არ სჭირდება, მაგრამ მომავალ თაობებს რომელი საქართველო დავუტოვოთ?
„სახალხო კრებას“ აქვს რესურსი, რომ ბოლომდე იბრძოლოს?
– რესურსი უნდა იყოს ენთუზიაზმი, ადამიანების იდეური წინააღმდეგეობა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და თუ ყველა ამ შეგნებით მოვა იქ, შედეგიც დადგება. როგორც ხედავთ ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ, მაგრამ ყველა რესურსი უკვე ამოიწურა, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ღირსება დავიბრუნოთ და ამისთვის, ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ. თუ ეს ვერ მოვახერხეთ, უკან არ დავიხევთ, იმის მიუხედავად, რომ რესურსები საკმაოდ მწირია. ხელისუფლებამ ყველაფერი გადაკეტა, ბიზნესი დაშინებულია და თუ ვინმე „კაპიკს“ მოგცემს გვარს ვერ დაასახელებ.
თითქოს, მეტის გაფუჭება უკვე წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ხელისუფლება ყოველდღიურად მაინც ახერხებს კიდევ რაღაცეების გაფუჭებას, ამიტომ, ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს.