ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ გახარიას პარლამნეტში გამოსვლას და მის პასუხებს აფასებს. მისი თქმით, მინისტრის გამოსვლა დიდად არაფრით გამოირჩეოდა და განსაკუთრებულიც პანკისის თემის გარდა არაფერი უთქვამს. თუმცა მის აღიარებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს როგორც გახარიას, ასევე ქვეყანას წაადგება და მსგავსი შეცდომის დაშვებისგან უფრო დაცული იქნება.
„რეზონანსი“: როგორ შეფასებთ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლას და რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო მის მიერ გაცემული პასუხები?
ვახტანგ ძაბირაძე: სიმართლე გითხრათ რაიმე განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, თუმცა, როგორც ყოველთვის თავი საკმაოდ კარგად ეჭირა. მომეწონა მისი მხრიდან პანკისთან დაკავშირებული შეცდომის აღიარება და ასევე იმის ხაზგასმა, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ ის არ არის. ეს არის საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯი და მგონია, რომ ის საქართველოს პოლიტიკაში ახალ სტილს ამკვიდრებს. ეს მის ადეკვატურობასა და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობაზე მიუთითებს.
„რ“: თუმცა პასუხისმგებლობა მან პანკისთან დაკავშირებით მხოლოდ საკუთარ თავზე არ აიღო და თქვა, რომ ყველა ის სტრუქტურაა დამნაშავე, რომელსაც იქ მუშაობა ევალებოდა...
ვ.ძ: არ არის აუცილებელი, რომ საჯაროდ ისაუბროს მან რა სახის შეცდომის დაშვება მოხდა და კონკრეტულად ამაში დამნაშავე ვინ არის. თავისთავად უკვე პოზიტიური მოვლენაა, როდესაც ის პარლამენტში გამოდის და ხმამაღლა ამბობს, რომ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა შეცდომა დაუშვეს. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ფაქტობრივად საერთოდ არ მახსენდება, რომ მოქმედ ან თუნდაც უკვე გადამდგარ მინისტრს ეღიარებინოს, რომ მან რაღაც შეცდომა დაუშვა. ეს არის პოზიტიური მოვლენა, რადგანაც მგონია, რომ ამის შემდეგ, თავად გახარიაც და ხელისუფლებაც უფრო ფრთხილად იქნებიან.
„რ“: ბოლო დროს გახრია საკმაოდ ბევრ ხმაურიან სკანდალში გაეხვა, როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?
ვ.ძ: გეთანხმებით, რომ უკვე რამდენი ხანია, ხმაურიანი მოვლენების ეპიცენტრში სულ ერთი კაცი, ექცევა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში სხვა არავინ არის, პასუხისმგებლობა რომ აიღოს. ვფიქრობ, რომ სახელისუფლებო მართვის უკიდურესად არაკომპეტენტურ და არაეფექტურ სისტემაში, ის ათი თავით უკეთესია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე, რის გამოც როგორც ოპოზიციის ასევე ხელისუფლების სამიზნედ იქცა. ღარიბაშვილის შემდეგ, გახარიამ შეძლო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სიტუაცია დაელაგებინა და მისი მართვა ეფექტურად დაიწყო.
გარდა ამისა, ეს არის პიროვნება, რომელიც მთავრობის ყველა სხვა წევრისგან განსხვავებით უფრო პოლიტიკურ ენაზე მეტყველებს. მართალია არ არის ჰიპერაქტიური პიროვნება, მაგრამ არის ლიდერი, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ამიტომაც მის წაინააღმდეგ ყველა ერთიანდება.
„რ“: არ ფიქრობთ, რომ ის სამიზნე იმიტომ ხდება, რადგანაც ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს?
ვ.ძ: რა თქმა უნდა, რომ ის ივანიშვილის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, სხვაგვარად მას თავიდან აქამდე მოიშორებდნენ. გახარიას და კახა კალაძეს აქვს ლიდერის თვისებები. დანარჩენი ყველა მთავრობის წევრი უბრალოდ უსახო და არაფრის მქონედ გამოიყურებიან. მგონია, რომ გახარია თვალში არც ივანიშვილს მოსდის, თუმცა მას აქვს თვისებები, რის გამოც მისი ატანა უწევს. გახარიას აქვს, კრიზისების მართვის უნარები; ოპერატიულად მოქმედების უნარები, ინტელექტუალური უნარები და პროფესიული უნარები.ამიტომაც მის გარეშე მგონია, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პრობლემები ექნება და მისი ეს ლიდერული თვისებები ივანიშვილს ძალიან სჭირდება.