ვენესუელაში CNN-ის სიგნალი გათიშეს

ვენესუელაში CNN-ის სიგნალი გათიშეს

ვენესუელაში დემონსტრანტებსა და მადუროს მხარდამჭერ სამხედროებს შორის დაპირისპირების შედეგად სულ ცოტა 52 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. CNN-ის ინფორმაციით, 32 ადამიანს დაზიანება რეზინის ტყვიებით აქვს მიღებული, 16 პირმა სხვადასხვა სირთულის დაზიანება შეტაკებისას მიიღო, ერთმა კი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიიღო. დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა.

CNN-ის განცხადებით, ვენესუელაში ტელეკომპანიის მაუწყებლობა დაბლოკეს. როგორც მედიასაშუალება იუწყება, ვენესუელის კომუნიკაციების მარეგულირებელმა საკაბელოებისთვის ტელევიზიის გათიშვის განკარგულება გასცა.

როგორც CNN-ი წერს, ტელევიზია მას შემდეგ გათიშეს, რაც კარაკასში სამხედრო მანქანის დემონსტრანტების ჯგუფში შევარდნის კადრები გავიდა ეთერში. სიგნალის გათიშვასა და კადრების ჩვენებას შორის სხვაობა 1 წუთი იყო.

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მიერ Twitter-ზე გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, კარაკასში გუადოს მხარდამჭერებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება მთელი დღეა გრძელდება.

გუაიდომ ვიდეომიმართვაში მადუროს წინააღმდეგ ბრძოლის საბოლოო ფაზის დაწყების შესახებ განაცხადა და სამხედროებს და ვენესუელელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი იანვარიდან არის, მაშინ აშშ-ის მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო.