ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ქვეყანაში არსებული ძლიერი საპროტესტო განწყობის მიუხედავად დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ტელემიმართვაში მან ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს მომხრეებს პატარა ჯგუფი უწოდა, რომელთა გეგმებიც ჩაიშალა .
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ნიკოლას მადურო მზად იყო ქვეყნიდან გაქცეული:
„მისი თვითმფრინავი აეროპორტში იდგა, როგორც ვიცი, ის მზად იყო წასულიყო დღეს (სამშაბათს) დილით, მაგრამ რუსებმა მიახვედრეს, რომ ის უნდა დარჩენილიყო.“ - განაცხადა პომპეომ CNN-თან ინტერვიუში სამშაბათს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პომპეოს ბრალდება უარყო:
„ვაშინგტონი მთელი ძალით ცდილობს ვენესუელის არმიის დემორალიზაცია მოახდინოს და ახლა ყალბ ინფორმაციას იყენებს საინფორმაციო ომში.“- განაცხადა ზახაროვამ.
თეთრი სახლის წარმომადგენლების განცხადებით, მადუროსთან დაახლოებული სამი პირი თავდაპირველად დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნას პრეზიდენტის წასვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით, შემდეგ კი თავისივე სიტყვები უარყვეს.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ამტკიცებს , რომ ამ სამი ჩინოვნიკიდან ერთ-ერთი - თავდაცვის მინისიტრი ვლადიმირ პადრინო სამი თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან. თუმცა ერთი დღით ადრე პადრინო სამხედროების გარემოცვაში გამოჩნდა ტელეეთერში და მადუროს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ასევე ბოლტონმა ამ პირებს შორის დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაიკელ მორენო და პრეზიდენტის დაცვის ხელმძღვანელი ივან რაფაელ ჰერნანდეზ დალა. ბოლტონის თქმით, ისინი დათანხმდნენ „მადუროს ბანდისგან გუაიდოსთვის ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას , ყველა თანახმა იყო, რომ მადურო უნდა წასულიყო“- განაცხადა ბოლტონმა.
ვენესუელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთას ახდენენ. გუაიდომ სამშაბათს ნიკოლას მადუროს დამხობის „ბოლო ეტაპის“ დაწყება გამოაცხადა და სამხედროებს მოუწოდა მის მხარეზე გადასულიყვნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა კი კუბას ვენესუელადან ჯარისკაცების გამოყვანა მოსთხოვა.
რა თქვა მადურომ ტელემიმართვაში
სამხედრო მეთაურების გარემოცვაში მჯდომმა მადურომ დაპირება გასცა, რომ „გამარჯვებას მიაღწევენ ამერიკელი იმპერიალისტების მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლაში“, ასევე მისი თქმით, სამშაბათს განვითრებული მოვლენები რეაგირებისა და დასჯის გარეშე არ დარჩება.
რით დაიწყო ყველაფერი?
სამშაბათს დილით ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთ ბაზაზე იყო გადაღებული. ვიდეოჩანაწერში სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცების გარემოცვაში მყოფმა გუაიდომ განაცხადა, რომ სამხედროებმა „სწორი გადაწყვეტილება მიიღეს,“ გადავიდნენ მის მხარეზე და მზად არიან მადუროს ხელისუფლებას ებრძოლონ. მიმდინარე მოვლენებს გუაიდომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ფინალური ეტაპი უწოდა.
გუაიდომ ავაიაბაზა „ლა კარლოტადან“ სხვა ვენესუელელ სამხედროებსაც მხარდაჭერისკენ მოუწოდა, მან პრეზიდენტ მადუროს უზურპატორი უწოდა და კარაკასის მაცხოვრებლებს მოუწოდა ავიაბაზაზე მისულიყვნენ. ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული შეტაკებაც მოხდა.
მადუროს ხელისუფლებამ პასუხად განაცხადა რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ორგანიზებული იყო მოღალატე სამხედროებისგან, ჯარის ძირითადი ნაწილი კი მის მხარეზე იყო.
როიტერის ინფორმაციით კარაკასში გუაიდოს და მადუროს მომხრე სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა.
„ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს იგეგმებოდა ვაშინგტონში, პენტაგონში. სახელმწიფო დეპარტამენტსა და ბოლტონთან.“- განაცხადა ვენესუელას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხორხე არეასმა.
ამასთან სააგენტო ფრანს პრესი იტყობინება, რომ ლეოპოლდო ლოპესმა, გასამართლებულმა ოპოზიციონერმა და იმ პარტიის თავმჯდომარემ, რომლის წევრიაა გუაიდო, ჩილეში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
აშშ კუბას ემუქრება
ტრამპის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯიმ ბოლტონმა სამშაბათს განაცხადა, რომ მადუროს მხრიდან ძალის გამოყენება დიდი შეცდომა იქნებოდა,
ბოლტონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს ის არა გადატრიალებად, არამედ კანონიერი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობად აფასებს, გუაიდომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად თავი ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად გამოაცხადა. ამასთან ბოლტონის თქმით, აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი მიმდინარე პროცესებში არ ჩაერევა.
სამშაბათს მოგვიანებით ბოლტონმა ტვიტერზე მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ის ვენესუელას უზენაესი სასამართლოს, საგარეო უწყების და პრეზიდენტის გვარდიის ხელმძღვანელებს მიმართავს:
„თქვენი დრო მოვიდა. ეს უკანასკნელი შანსია... დაიცავით კონსტიტუცია და გადააყენეთ მადურო, მაშინ თქვენი სახელები გაქრება სანქციების სიიდან. მადუროსთან დარჩებით - მაშინ თქვენ გემთან ერთად ჩაიძირებით.
მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა კუბა ვენესუელის კონსტიტუციის განადგურებისკენ მიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა.
„კუბაზე სრული ემბარგო და მკაცრი სანქციები დაწესდება, თუ კუბის მილიცია და ჯარისკაცები არ შეწყვეტენ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ვენესუელის კონსტიტუციის მოკვლისა და განადგურებისკენ.“
კარაკასის სხვადასხვა რაიონში შეკრებილები არიან გუაიდოს და მადუროს მომხრეები, რომელთა შორისაც არიან სამხედროები. ქალაქში გრძელდება შეტაკებები, სამხედროები გუაიდოს მომხრეების წინააღმდეგ დაჯავშნულ მანქანებს, ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებენ.
ჯერჯერობით, იმის დამამტკიცებელი ფაქტი, რომ სამხედროების ნაწილი გუაიდოს მხარეზე გადავიდა არ გავრცელებულა.
ვენესუელაში 30 აპრილს მომხდარი ამბოხის დროს 109 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ დასავლური მედია ადგილობრივ სამედიცინო ცენტრებზე დაყრდნობით იუწყება. ცნობილია, რომ რამდენიმე დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენესუელაში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები CNN და BBC დაბლოკეს.
გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუან გუაიდომ ოპოზიციონერ ლეოპოლდო ლოპესთან ერთად კარაკასი დატოვა და მირანკას შტატის დასავლეთ ნაწილში წავიდა.
შეგახსენებთ დასავლეთის ქვეყნებმა ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თებერვალში აღიარეს, ამის შესახებ განცხადებები ამ სახელმწიფოების საგარეო უწყებებმა და ხელისუფლებებმა გაავრცელეს. აშშ და ბევრი სხვა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევს და მხარს ოპოზიური პარლამენტის ლიდერს ხუან გუაიდოს უჭერს,